რატომ ვწითლდებით — რას ამბობენ მეცნიერები
ადამიანებში სიწითლე სიმორცხვესთან ასოცირდება, თუმცა ახალი კვლევის თანახმად, ეს მთლად ასე არ არის. მკვლევრების თქმით, გაწითლების მთავარი გამომწვევი მიზეზი უფრო თვითშემეცნების გაძლიერებული გრძნობა.
ასევე: როგორ ხსნის მეცნიერება სიმორცხვეს
კვლევამ თინეიჯერები მოიცვა, რა დროსაც ისინი კარაოკეს მღეროდნენ. ამის პარალელურად, მკვლევრები თინეიჯერებს MRI-ის მოწყობილობით აკვირდებოდნენ.
1872 წელს ჩარლზ დარვინმა სიწითლე, როგორც "ყველაზე თავისებური და ადამიანური მახასიათებელი" ისე აღწერა. მისი თქმით, ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო.
ფიზიოლოგიურად ამ ყველაფრის ახსნა მარტივია: ეს არის სისხლის ნაკადი, რომელიც აწითლებს ლოყებს, ყურებს, კისერსა და ზოგჯერ გულმკერდის ნაწილსაც.
თუმცა, კონკრეტულად გაწითლების მიზეზი ასეთი მარტივი დასადგენი არაა. ზოგადად, სიწითლე სირცხვილთან, უხერხულ მდგომარეობასთან და რაიმეში მხილებასთან ასოცირდება.
2004 წლის კვლევამ აჩვენა, რომ თუ სიმღერის დროს ადამიანს აკვირდებიან, სახის სწორედ ის მხარე უწითლდება, რომელი მხრიდანაც მას უყურებენ. 2010 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ ვერ ხსნიან თუ რატომ უნდა ხდებოდეს კონკრეტულ მომენტში სახეს გაწითლება.
ახალ კვლევაში მილიკა ნიკოლიჩი, ამსტერდამის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მკვლევარი, და მისი კოლეგები, ცდილობდნენ გაეგოთ თუ რატომ უწითლდებოდათ კარაოკეს სიმღერისას ადამიანებს სახე. მკვლევრებმა ამისთვის ინოვაციური ტექნოლოგიები გამოიყენეს.
კვლევამ აჩვენა, რომ მოხალისეებს ლოყები უფრო მაშინ უწითლდებოდათ, როდესაც ისინი სიმღერისას საკუთარ თავს უყურებდნენ და არა სხვა მომღერლებს.
ტვინის ფუნქციურმა სკანირებამ დაადგინა, რომ გაწითლებისას ტვინის ის უბნები აქტიურდება, რომლებიც ემოციის წარმოქმნასა და ყურადღების საკითხზეა პასუხისმგებელი. ამის საწინააღმდეგოდ, რეგიონები, რომლებიც წარმოდგენასა ფიქრზეა პასუხისმგებელი, ასეთ დროს პასიური იყო.
"ეს დასკვნები მხარს უჭერს იმ აზრს, რომ უფრო მაღალი დონის სოციალურ-კოგნიტიური პროცესები დაკავშირებული არაა სიწითლის წარმოქმნასთან", — აღნიშნულია კვლევაში.
მკვლევრების თქმით, ეს ნიშნავს, რომ სიწითლე მნიშვნელოვნად თვითშემეცნებასთან არის კავშირში. მეცნიერები ამ ფენომენის შესწავლას მომავალშიც აპირებენ, ეს კი ნიშნავს, რომ კვლევის მასშტაბებიც გაიზრდება.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები