რა მოხდება, მზის სისტემაში შავმა ხვრელმა რომ შემოაღწიოს?
შავი ხვრელები ძალიან მკვრივი ობიექტებია, რომელთა გრავიტაციასაც თავს სინათლეც კი ვერ აღწევს. გიფიქრიათ, რა მოხდება, ერთ-ერთმა მათგანმა მზის სისტემაში რომ შემოაღწიოს?
ამის შედეგი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, უმეტესწილად კი შავი ხვრელის მასასა და მასთან დისტანციაზე. მეცნიერები ამბობენ, რომ ისინი ყველა შემთხვევაში "კოსმოსურ მტვერსასრუტებად" არ უნდა მივიჩნიოთ, რომელთა მიერაც გარშემო ყველაფერი ნადგურდება. უდიდესი გავლენა, რაც ასეთ ობიექტებს აქვს, გრავიტაციულია და ეს სწორედ მასაზეა დამოკიდებული.
შავი ხვრელები, რომელთა არსებობაშიც დარწმუნებულები ვართ, მზეზე ბევრად მასიურია. ჩვენს სისტემაში ციურ სხეულებზე ზუსტად ამ ვარსკვლავის გრავიტაცია ზემოქმედებს, თანაც საკმაოდ შორ მანძილებზე. შესაბამისად, თუ კოსმოსურ სამეზობლოში მასზე მასიური ობიექტი მოხვდება, ეს გავლენას, რა თქმა უნდა, იქონიებს.
ამის მიუხედავად, შესაძლებელია ნაწილაკთა ამაჩქარებლებში "მინი შავი ხვრელებიც" შეიქმნას, რომლებიც ძალიან პატარა იქნება. მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი ობიექტები არათუ მზის სისტემაში შემოსვლის შემთხვევაში არაა საშიში, არამედ სახის წინაც რომ ჩაგვიაროს, მაშინაც ვერაფერს გვიზამს. საქმე ისაა, რომ ისინი 1 წამში ნაკლებ დროში ორთქლდება.
უნდა არსებობდეს პირველადი შავი ხვრელებიც, რომლებიც დიდი აფეთქებიდან მალევე გაჩნდა. შესაძლოა, ასეთი ობიექტები კოსმოსში გადაადგილდებოდეს და მათი მასა დედამიწისას მხოლოდ რამდენჯერმე აღემატებოდეს. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამგვარ შავ ხვრელს მზის სისტემაზე კატასტროფული გრავიტაციული ზემოქმედება ვერ ექნება. იმასაც კი ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, ჰიპოთეზური "მეცხრე პლანეტა" სწორედ მსგავსი ობიექტი იყოს.
და მაინც, ჩვენთვის ცნობილი შავი ხვრელების დიდი ნაწილი ვარსკვლავური მასისაა, ანუ მზეზე მაქსიმუმ 100-ჯერ მასიური. გავრცელებულია ზემასიური შავი ხვრელებიც, რომლებიც მზეზე ასობით ათასჯერ ან მილიარდჯერ მასიურია და გალაქტიკების ცენტრში გვხვდება. თუ პირველი მათგანი ან უფრო დიდი ობიექტი მზის სისტემის ყველაზე შორეულ რეგიონში, ოორტის ღრუბელში, აღმოჩნდება, ის კომეტებისა და ასტეროიდების ორბიტებს შეცვლის. შესაძლოა, ამის გამო მათი ტრაექტორია დედამიწასთანაც გადაიკვეთოს.
თუკი ასეთი შავი ხვრელი პლუტონთან უფრო ახლოს მოხვდება, ის ურანის, ნეპტუნისა და თავად პლუტონის ორბიტებზე იქონიებს გავლენას. დედამიწაზე მისი არსებობა მაშინ აისახება, თუ ურანსა და პლუტონს შორის მოექცევა, რადგან ასე ორივე მათგანი შავი ხვრელის გარშემო დაიწყებს მოძრაობს. ეს ჩვენი პლანეტის ორბიტის, პარალელურად კი სეზონების ცვლილებასაც გამოიწვევს. შედეგად ან გამყინვარება დაიწყება, ან იმდენად დაცხება, რომ სიცოცხლე განადგურდება.
იმ შემთხვევაში, თუ შავი ხვრელი სატურნთან ახლოს ჩაივლის, დედამიწა მზის გარშემო სასიცოცხლო ზონიდან გავარდება. სატურნთან სიახლოვე განაპირობებს იმას, რომ ჩვენი მშობლიური ციური სხეული ე.წ. მოქცევით ძალების გავლენის ქვეშ აღმოჩნდება და შავი ხვრელის ირგვლივ დაიწყებს მოძრაობას.
შავი ხვრელის უფრო მეტად მოახლოება დედამიწას უბრალოდ გაანადგურებს. ის ძალიან გაცხელდება, ოკეანეები აორთქლდება, დიდი ოდენობით მაგმა წარმოიქმნება და სიცოცხლისთვის სათანადო პირობები აღარ იქნება.
საბედნიეროდ, თითოეული ამ სცენარის რეალურად ახდენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შავი ხვრელები ისეთი გავრცელებული არაა, რომ რომელიმე მათგანი მზის სისტემაში მართლაც შემოიჭრას, ასე რომ საფრთხე არ გვემუქრება.
კომენტარები