ნახეთ: ახლახან დედამიწას 2-მა დიდმა ასტეროიდმა ჩაუარა და NASA-მ ისინი გადაიღო
27-29 ივნისს დედამიწას დიდი ზომის 2-მა ასტეროიდმა უსაფრთხო დისტანციაზე ჩაუარა. ესენია 2024 MK და 2011 UL21, რომელთა გამოსახულებებიც NASA-მ მოიპოვა, რაც მათი და სხვა მსგავსი ობიექტების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენთან ახლომდებარე ასტრონომიული სხეულების მახასიათებლების შესახებ მეტი გავიგოთ და მათთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხის თავიდან აცილების გზებზე ვიფიქროთ.
ასტეროიდების ნაწილი მზის გარშემო საკუთარ ორბიტაზე მოძრაობისას ზოგჯერ ჩვენს პლანეტას უახლოვდება. ისინი ჯერჯერობით პრობლემას არ ქმნის, მაგრამ ვინაიდან შესაძლებელია, რაიმემ მათი ტრაექტორია მოულოდნელად შეცვალოს, მეცნიერები ამ ობიექტებს მუდმივად აკვირდებიან და "პოტენციურად საშიშის" კატეგორიაში შეჰყავთ.
2024 MK და 2011 UL21 სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება. ამ უკანასკნელმა დედამიწას 6.6 მილიონ კილომეტრ მანძილზე ჩაუარა, ანუ მთვარეზე ბევრად შორს იყო. მეორემ 295 000 კილომეტრ დისტანციაზე ჩაგვიფრინა, შედარებით ახლოს, მაგრამ მაინც უსაფრთხოდ.
მსგავსი ასტეროიდების გადაღება ძნელია, რადგან ისინი პლანეტებთან და მათ თანამგზავრებთან შედარებით მცირე ზომისაა და არც განსაკუთრებულად კაშკაშაა. აქედან გამომდინარე, NASA ამისთვის დიდ სარადარო ტელესკოპს იყენებს, რომლითაც კოსმოსში რადიოტალღებს გზავნის და უკან მიღებული სიგნალების მიხედვით შეძლებისდაგვარად მკაფიო სურათებს იღებს.
2024 MK-ს სიახლოვის გამო, ის უკეთ აღბეჭდეს. კადრებში არა მხოლოდ მისი ფორმა ჩანს, არამედ ზედაპირზე არსებული ამოზნექილი და ჩაღრმავებული არეალები. ეს დაახლოებით 150-მეტრიანი წაგრძელებული სხეული დედამიწის მიმდებარე რეგიონში რამდენიმე დეკადაში ერთხელ ხვდება და გადაადგილებისას აქეთ-იქით ქანაობს.
ის ასტრონომებმა ცოტა ხნით ადრე, 16 ივნისს, აღმოაჩინეს. დადგინდა ისიც, რომ ჩვენს პლანეტასთან ჩავლისას გრავიტაციამ მისი ორბიტა ოდნავ შეცვალა. ამის მიხედვით, მისი სამომავლო ტრაექტორიები გამოთვალეს და დაასკვნეს, რომ შეჯახების საშიშროებას არ შექმნის.
რაც შეეხება 2011 UL21-ს, ის ბევრად დიდ დისტანციაზე იყო, ამიტომ მისი სურათები ისეთი დეტალური არაა. ამის მიუხედავად, სპეციალისტებმა 1.5-კილომეტრიანი ობიექტის მიმდებარედ მის პატარა თანამგზავრსაც მიაგნეს, რომელსაც 2011 UL21-სგან დაახლოებით 3 კილომეტრი აშორებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ასტეროიდთა უფრო და უფრო მეტ ასეთ ბინარულ სისტემებს ვაფიქსირებთ. ეს იმიტომ, რომ ტექნოლოგია დღითიდღე უმჯობესდება, რაც პლანეტური თავდაცვის კუთხითაც გამოსადეგია.
"მიიჩნევა, რომ მზის სისტემაში არსებული ასტეროიდების 2/3 ბინარულ სისტემაში ერთიანდება. მათი აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულის მდებარეობით შეგვიძლია, საერთო ორბიტა, მასები და სიმკვრივეები გამოვთვალოთ, ეს კი მათი ფორმირების შესახებ საყურადღებო ინფორმაციას გვაწვდის.", — აცხადებენ მეცნიერები.
კომენტარები