ნახეთ: ასტროფოტოგრაფმა მზის დისკოს ფონზე მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგური გადაიღო
მიგელ კლარო პორტუგალიაში მცხოვრები პროფესიონალი ასტროფოტოგრაფია, რომელიც ღამის ცის გასაოცარ სურათებს იღებს. მის ობიექტივში ახლახან შთამბეჭდავი კადრი მოხვდა, რომელიც მზის დისკოს ფონზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) გვიჩვენებს.
ის დედამიწის ორბიტაზე გადაადგილდება, ჩვენგან დაახლოებით 441 კილომეტრ სიმაღლეზე და მისი სიჩქარე წამში 7.31 კილომეტრია. ISS კლარომ პორტუგალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ფიგეირა-და-ფოშის სანაპიროდან 2 ივნისს დააფიქსირა, ადგილობრივი დროით 01:18 საათზე.
ჩვენი პერსპექტივიდან მზის კაშკაშა დისკოს წინ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ჩავლა სულ რაღაც 0.54 წამს გაგრძელდა, ანუ ძალიან ხანმოკლე იყო. ასტროფოტოგრაფმა მთელი ეს პროცესი გადაიღო, რისთვისაც 2 წუთის განმავლობაში 200 კადრი აღბეჭდა.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი სანახაობის დაფიქსირება წყალბადის ფილტრით აღჭურვილი სპეციალური ტელესკოპითაც კი არაა მარტივი. კლარომ ის Apollo-M Max-ის ტიპის ვიდეოკამერით გადაიღო, რომლის დიაფრაგმაც წამში 109 კადრის სიხშირეზე იყო დაყენებული. თითოეული მათგანი სპეციალისტმა ინდივიდუალურად დაამუშავა და არ გაუერთიანებია.
შედეგად, სურათების ორი მიმდევრობა მივიღეთ, რომლებიც ქვემოთა ვიდეოშია ნაჩვენები. პირველში საერთაშორისო კოსმოსური სადგური ღია ფერისაა, რადგან მზის ქრომოსფეროს უფრო სიღრმისეულად დასამუშავებლად კლარომ ინვერსიულ ტექნიკას მიმართა. მეორეში ISS შავია, რადგან მის შემთხვევაში ასტროფოტოგრაფს იგივე მეთოდი არ გამოუყენებია.
ფოტოებში ISS-ის ფორმა მკაფიოდ ჩანს, მათ შორის მისი მზის პანელები და მოდულები. ასევე, ვხედავთ ვარსკვლავის ატმოსფეროს ზედა შრეში არსებულ აქტიურ რეგიონებსაც, როგორიც მზის ლაქები და ძაფისებრი სტრუქტურები, იგივე ფილამენტებია.
მზის დიამეტრი 1.4 მილიონი კილომეტრია. მის 73%-ს წყალბადი შეადგენს, 25%-ს ჰელიუმი, 2%-ს კი უფრო მძიმე ელემენტები. დაახლოებით 109 მეტრი სიგანის ISS დედამიწის გარშემო მოძრაობას 90-93 წუთს ანდომებს. რა თქმა უნდა, ვარსკვლავის დისკოს ფონზე ის ძალიან პატარაა. კერძოდ ამ კადრებში, ხმელეთიდან დაკვირვებისას, მას ზომით 30-ჯერ ჩამოუვარდება.
კომენტარები