შეიმუშავეს ტვინის მსგავსი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადამიანივით სწავლობს
დღეს ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წაიკითხოს მონაცემები, ისაუბროს, გააკეთოს ანალიზი, მაგრამ მაინც, მას აქვს კრიტიკული შეზღუდვები. სწორედ ამ შეზღუდვების გადასალახად NeuroAI-ს მკვლევრებმა ახალი AI მოდელი შეიმუშავეს. მათი შემოქმედება ადამიანის ტვინითაა შთაგონებული.
ახალი მოდელი ხელოვნური ინტელექტის ნეირონებს საშუალებას აძლევს მიიღონ უკუკავშირი და შეცვალონ ის რეალურ დროში. ეს აძლიერებს სწავლისა და მეხსიერების პროცესებს. შედეგად შეიძლება მივიღოთ უფრო ეფექტური და მარტივად ხელმისაწვდომი ხელოვნური ინტელექტი. მკვლევრებს ამით ხელოვნური ინტელექტისა და ნეირომეცნიერების დაახლოება უნდათ.
"დღეს ყველა ChatGPT-ზე საუბრობს, მაგრამ ფიზიკურ სამყაროსთან ურთიერთობისას ის მაინც შეზღუდულია", — ამბობს NeuroAI-ს მეცნიერი, კაილ დარუვალა.
დარუვალა ეძებს ახალ, არატრადიციულ გზებს ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად, რომელსაც დღეს არსებული გამოთვლითი დაბრკოლებების გადალახვა შეუძლია. და, აი, ახლა მან შეიძლება ამის გზას მიაგნო.
ამოსავალი წერტილი მონაცემების გადაცემა იყო. დღესდღეობით, გამოთვლებთან დაკავშირებული ენერგიის მოხმარების უმეტესი ნაწილი სწორედ ამაში მიდის. ასე რომ, გამოსავლის მოსაძებნად, დარუვალამ შთაგონებას ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და ენერგოეფექტურ მანქანაში მიაგნო — ადამიანის ტვინში.
დარუვალა ხელოვნურ ინტელექტს ინფორმაციას იმ მეთოდით ამუშავებინებს, როგორითაც ამას ჩვენი ტვინი შვრება. ეს საშუალებას აძლევს ხელოვნურ ინტელექტს მიიღოს უკუკავშირი და შეცვალოს ის პროცესში. შესაბამისად, მას მთლიანი ინფორმაციის განახლებისთვის ლოდინი აღარ უწევს. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი ინფორმაციას რეალურ დროში ამუშავებს, როგორც ამას ჩვენი ტვინი აკეთებს.
"ჩვენს ტვინში, კავშირები მუდმივად იცვლება და რეგულირდება. ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში ეს ასე არ არის", — თქვა დარუვალამ.
მკვლევრები სამუშაო მეხსიერებას სწავლასა და აკადემიურ მოსწრებასთან აკავშირებენ. სამუშაო მეხსიერება არის კოგნიტიური სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვასრულებდეთ კონკრეტულ დავალებას და ამავდროულად ვიხსენებდეთ ძველ ინფორმაციას.
"ნეირომეცნიერებაში არსებობს თეორიები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სამუშაო მეხსიერების სქემები სწავლის გაადვილებაში დაგვეხმაროს. ამ მეთოდის ხელოვნურ ინტელექტში გამოყენება ბევრ რამეს გვეტყვის", — ამბობს დარუვალა.
დარუვალას ინოვაციამ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის შემდეგ თაობას დაუდოს საფუძველი. ასეთი სისტემები ჩვენს მსგავსად ისწავლიან. ამით შეიძლება მეტი შევიტყოთ, როგორც ხელოვნურ ინტელექტზე, ისე ადამიანის ტვინზეც.
კომენტარები