NewsGuard არის კომპანია, რომელიც მომხმარებლებს მისინფორმაციის იდენტიფიცირების სერვისს სთავაზობს. მან ახლახან საკუთარი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ჩატბოტებში რუსულმა პროპაგანდამ შეაღწია.

სპეციალისტებმა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ხშირად გამოყენებადი 10 მოდელი შეისწავლეს: OpenAI-ს ChatGPT-4, You.com-ის Smart Assistant, xAI-ს Grok, Inflection-ის Pi, Mistral-ის le Chat, Microsoft-ის Copilot, Meta AI, Anthropic-ის Claude, Google-ის Gemini და Perplexity-ს ჩატბოტი. აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ მათი პასუხები მცდარ ინფორმაციას შეიცავს, ისეთს, რომელსაც რუსეთიდან საგანგებოდ ავრცელებენ.

კერძოდ, ეს ჯონ მარკ დუგანს უკავშირდება, ფლორიდის შერიფის ყოფილ დამხმარეს, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და იქაური მისინფორმაციის ქსელში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია. მის სახელთან ასოცირდება ახალი ამბების ისეთი ყალბი გვერდები (New York News Daily, The Houston Post, The Chicago Chronicle), რომლებშიც რუსული ნარატივია გატარებული.

როგორც უკანასკნელმა კვლევამ გამოავლინა, მათი შიგთავსი ჩატბოტებისთვისაც ხელმისაწვდომია, რაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პროპაგანდის უფრო ფართოდ გავრცელებას უწყობს ხელს. მაგალითად, ასეთია ცრუ ბრალდება ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციაში ჩაბმულობის შესახებ და სხვა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული სტატიები, რომლებშიც რუსული დეზინფორმაციაა გატარებული.

ფოტო: NewsGuard

NewsGuard-მა თითოეულ გენერაციულ მოდელს 57 კითხვა დაუსვა, რომლებიც 19 ცნობილ ყალბ ნარატივზე იყო დაფუძნებული. ამით ჩვეულებრივი მომხმარებლის მიერ ასეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სიმულირება შეძლეს.

შედეგებმა აჩვენა, რომ ჩატბოტების პასუხების 31.75% რუსულ მისინფორმაციას იმეორებდა. უფრო ზუსტად: 570-დან 152 პასუხი მკაფიო მისინფორმაციას შეიცავდა, 29 ამას თან ამბის საეჭვოობის შესახებ გაფრთხილებასაც ურთავდა, 389 კი ყალბ მონაცემებს არ ციტირებდა.

ჩატბოტების მიერ რუსული მისინფორმაციის შემცველი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი.

ფოტო: NewsGuard

NewsGuard-ს არ დაუკონკრეტებია, რომელი მოდელი იძლეოდა ყველაზე ხშირად ყალბ ან, პირიქით, სწორ მონაცემებს. ამის მიუხედავად, მათი კვლევა ცხადყოფს, რომ შესაძლოა, ჩატბოტებმა მისინფორმაციის გავრცელებას არამიზანმიმართულად შეუწყოს ხელი, ამიტომ სიფრთხილე მათი გამოყენებისასაც გვმართებს.

"ამ ეტაპზე, ჩატბოტების უმეტესობის მიერ დაბრუნებულ პასუხებს ნუ ენდობით ისეთი ახალი ამბების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებით საკამათო საკითხებს ეხება", — აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი, სტივენ ბრილი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.