550 მილიონი წლის ნამარხმა პალეონტოლოგიური პარადოქსი ამოხსნა
მეცნიერებმა 550 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი აღმოაჩინეს, რომელიც ზღვის ღრუბელს ეკუთვნის. ეს იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ამ არსებების ევოლუციის ბურუსით მოცულ 160 მილიონწლიან პერიოდს ჰფენს ნათელს.
ღრუბლებს არც ტვინი აქვთ და არც კუჭი, ანუ საკმაოდ მარტივი ორგანიზმები არიან. გენეტიკური მუტაციების შესწავლით დადგინდა, რომ ისინი 700 მილიონი წლის წინ განვითარდნენ. პარადოქსი ისაა, რომ აქამდე მიკვლეული ნამარხები მხოლოდ ბოლო 540 მილიონი წლის შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას, რადგან უფრო ძველი ნიმუშები ფიზიკურად არ მოგვეპოვებოდა. ეს პალეონტოლოგებსა და ზოოლოგებში წლების განმავლობაში მსჯელობის საგანი იყო, მაგრამ უკანასკნელი მიგნება მთავარ კითხვას პასუხობს.
ზემოხსენებული ნამარხი მდინარე იანძის მიმდებარედ ამოთხარეს და მისი გამოსახულება გეობიოლოგ შუჰაი შიაოს გაუგზავნეს.
"მანამდე მსგავსი არაფერი მქონდა ნანახი. თითქმის მაშინვე მივხვდი, რომ ეს რაღაც ახალი იყო", — ამბობს ის.
მან, კოლეგებთან ერთად, ამ ორგანიზმის იდენტიფიცირება გამორიცხვის მეთოდით სცადა. ის არც ასციდია აღმოჩნდა, არც ანემონი და არც მარჯანი. ამან მეცნიერები დააფიქრა, იქნებ სწორედ ზღვის ღრუბელთან ჰქონდათ საქმე.
აღსანიშნავია, რომ მის გუნდს 2019 წლის კვლევაში გამოთქმული აქვს ვარაუდი, რომ ზღვის ღრუბლების ძველი ნამარხების სიმწირეს ნემსების მაგვარი მყარი ანატომიური სტრუქტურების, სპიკულების, არქონა განაპირობებს. ისინი დღეს ამ ორგანიზმებში უკვე გვხვდება, მაგრამ ადრეულ პერიოდში შესაძლოა, არ ჰქონოდათ.
ნიმუშების ქრონოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ წარსულში ზღვის ღრუბლების სპიკულები უფრო მეტად ორგანული შედგენილობის იყო და ნაკლებად მინერალიზებული. შესაბამისად, ასკვნიან, რომ პირველი ასეთი არსებების სხეული რბილი უნდა ყოფილიყო და არა მყარი, რის გამოც განამარხების პროცესს ვერ გადაურჩებოდა და დეგრადირდებოდა.
ამის მიუხედავად, არსებობს კარბონატული ქვა, რომელსაც მსგავსი ორგანიზმის კვალის შენახვა შეუძლია. სწორედ ამან მისცა მეცნიერებს უძველესი ზღვის ღრუბლის ნამარხის შესწავლის შესაძლებლობა. ანალიზმა აჩვენა, რომ მის სხეულზე დიდი და პატარა მართკუთხა ფორმები იყო, რაც მიანიშნებს, რომ ის ყველაზე მეტად მინის ღრუბლების ზოგიერთ სახეობას ენათესავება.
კიდევ ერთი მოულოდნელი მახასიათებელი მისი ზომაა, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე წარმოედგინათ. კერძოდ, ის დაახლოებით 38 სანტიმეტრი სიგრძისაა და კონუსის მსგავსი რთული სხეული აქვს, რაც სპეციალისტებისთვის ასევე სიახლე იყო.
ეს მონაცემები პალეონტოლოგებს უფრო ძველი ნამარხების მოძიებაში დაეხმარება და ზღვის ღრუბლების ევოლუციის უკეთ შესწავლის საშუალებას მისცემს. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები