ხელოვნური ინტელექტი და ევრო 2024 — როგორ ცვლის ტექნოლოგიები ფეხბურთს
ფეხბურთში ევრო 2024 დაიწყო და კონტინენტის მთავარი სპორტული მოვლენის ნაწილი ჩვენც ვართ. ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და მოდით, ახლოდან გავიცნოთ ჩემპიონატი, რომელშიც საქართველო ისტორიაში პირველად მონაწილეობს.
ამ სტატიაში ჩვენი ამოსავალი წერტილი ტექნოლოგიები იქნება. დღეს ხელოვნური ინტელექტი გვხვდება ყველგან და მათ შორის სპორტშიც. ისეთი ინოვაციები როგორიც არის VAR, ბურთის გადაკვეთის სისტემა და თამაშგარეს ნახევრად ავტომატურად დაფიქსირების მეთოდი რიგ შემთხვევაში მოწინავე ტექნოლოგიების ჩართულობას საჭიროებს. ეს ნიშნავს, რომ ვეღარასდროს ვიხილავთ "ღმერთის ხელს" და აღარც ისე დაისჯება რომელიმე გუნდი, როგორც ეს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისი, როდესაც ბურთმა გერმანიის ნაკრების კარი სრულად გადაკვეთა, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა.
რასაც ზედა ორ ფოტოში ვხედავთ, ფეხბურთის ისტორიაში მსაჯების მიერ დაშვებული ორი უდიდესი შეცდომაა. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ჩართულობის ეპოქაში ასეთი შეცდომები აღარასდროს მოხდება.
აწ უკვე ხსენებული VAR-ის სისტემა მნიშვნელოვან ეპიზოდებში მსაჯების შეცდომას ფაქტობრივად ბოლომდე გამორიცხავს. ბურთის გადაკვეთის შემთხვევაში კი, სისტემა მსაჯს ავტომატურად აძლევს შესაბამის ნიშანს — მსაჯს გოლის გასვლასთან დაკავშირებით შეტყობინება ტექნოლოგიის გამოყენებით მისდის.
ბოლო წლებში ამ ყველაფერს უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იხვეწება სისტემებიც. ამიტომ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული.
ორი სიტყვა VAR-ზე
ევრო 2024-ზეც VAR-ის სისტემას სათავეში ასისტენტი მსაჯი ედგება, სწორედ ის ურთიერთობს უშუალოდ მთავარ მსაჯთან. დანარჩენი მსაჯები ეკრანებს უყურებენ და ამოწმებენ იმას, რაც შეიძლება მთავარ მსაჯს გამოეპაროს. VAR-ის სისტემა აქტიურდება ისეთ მომენტებში, რომლებიც თამაშის მსვლელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთია: გოლი, საჯარიმო მოედანში მომხდარი დარღვევა, წითელი ბარათი და სხვა მნიშვნელოვანი მომენტი.
აღსანიშნავია, რომ VAR-ის მიმოხილვა სტადიონის დიდ ეკრანებზე გამოჩნდება, რათა მაყურებელი უფრო ინფორმირებული იყოს.
როგორ აკვირდება ხელოვნური ინტელექტი თამაშს
რამდენი მსაჯიც არ უნდა აკვირდებოდეს თამაშს ყოველი დეტალის შემჩნევა შეუძლებელია. სწორედ აქ ერთვება საქმეში ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი კამერების საშუალებით ფეხბურთელის მხოლოდ ფეხებს არ აკვირდება. დიახ, სისტემა ფეხბურთელს 29 წერტილს სწავლობს. სტადიონზე 22 მოთამაშეა, ეს კი ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი მოძრაობაში 600-ზე მეტ დეტალს აღრიცხავს. ყველა ეს მონაცემი კომპიუტერში იტვირთება და ხელოვნური ინტელექტი მას მუდმივად აანალიზებს. სწორედ ამის ხარჯზე სისტემას შეუძლია გვითხრას, სად არიან მოთამაშეები, რა სიჩქარით მოძრაობენ ისინი, რა სიჩქარეს ავითარებს ბურთი და სხვა.
ასეთ დროს მნიშვნელოვანია თავად სისტემის სიჩქარე, ანუ ის თუ რამდენად სწრაფად გადასცემს ხელოვნური ინტელექტი ინფორმაციას მსაჯებს. და, აი, ისიც — ევრო 2024-ზე წარმოდგენილი ტექნოლოგია წინებთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფია. მაგალითად, ძველ სისტემას თამაშგარეს გასაანალიზებლად 70 წამი სჭირდებოდა, როდესაც ახალი სისტემა ამას 35 წამზე ნაკლებ დროში ახერხებს. ეს მსაჯების მიერ გადაწყვეტილებების მიღებას ორჯერ აჩქარებს, რაც სანახაობრივად ნამდვილად უკეთესია. გულშემატკივრების დიდი ნაწილი VAR-ის სისტემას ზუსტადაც რომ თამაშის შენელების გამო უჩიოდა.
ქორის თვალი
ბურთის მიერ კარის ხაზის გადაკვეთა უკვე ვახსენეთ და სწორი იქნება თუ ამ საკითხს მეტ დროს დავუთმობთ.
ყველაფერს ადამიანის თვალი ვერ დაინახავს და სწორედ აქ არის საჭირო "ქორის თვალი". ჩემპიონატის მასპინძელი ათივე სტადიონი გოლის ხაზის ტექნოლოგიურ სისტემაზეა ადაპტირებული. უშუალოდ ბურთის გადაკვეთის ზუსტად დასაფიქსირებლად კარისკენ 7 მაღალი გარჩევადობის კამერაა მიშვერილი. საერთო ჯამში, სტადიონზე 14 კამერაა, რომელიც მხოლოდ ბურთის ზუსტი ადგილმდებარეობის გამოსავლენადაა.
როდესაც ბურთი კარის ხაზს კვეთს, მყისიერი ელექტრონული სიგნალი გადაეცემა სპეციალიზებულ საათის მსგავს მოწყობილობას, რომელსაც მსაჯი ატარებს.
რა ხდება ბურთში
ბურთიც არ უნდა დავივიწყოთ, ტექნოლოგიამ მასშიც შეაღწია!
თუ ბურთს გაჭრით და შიგნით შეიხედავთ, ცენტრში დაინახავთ პატარა სენსორს, რომელიც მავთულხლართებით არის მიმაგრებული ბურთზე. ეს პატარა სენსორი ბურთის მდგომარეობაზე გვაწვდის ინფორმაციას. ის მონაცემებს 500 ჰერცზე ასხივებს, რაც 10-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე სტადიონზე განთავსებული კამერები. ამ მონაცემების კამერების მიერ მოპოვებულ კადრებთან გაერთიანებით ბურთის მდებარეობასა და სიჩქარეზე თითქმის სრულყოფილი ინფორმაცია გროვდება.
მაგალითად, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდუს შემთხვევა განვიხილოთ. გამეორებებიდან ჩანდა, რომ ბურთს ბოლოს რონალდუს თავი შეეხო, შესაბამისად ურუგვაის კარებში გასული ბურთი სწორედ მას უნდა ჩათვლოდა. თუმცა, ჩვენს მიერ ხსენებულმა ტექნოლოგიამ უზუსტესი ანალიზით აჩვენა, რომ ბურთი რონალდუს თავს არ შეხებია. შესაბამისად, გოლი სხვას ჩაეთვალა.
რაც შეეხება წონას, თავად ბურთი დაახლოებით 450 გრამს იწონის, ხოლო ჩიპის მასა მხოლოდ 14 გრამია. ეს ნიშნავს, რომ ბურთში ჩამონტაჟებული ტექნოლოგია მის ტრაექტორიაზე არ მოქმედებს.
ნახევრად ავტომატიზებული თამაშგარე სისტემა
მხოლოდ ეს არ არის! ნახევრად ავტომატიზებულ თამაშგარე სისტემაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ეს სისტემაც ხელოვნურ ინტელექტზეა დამოკიდებული და მნიშვნელოვნად ამარტივებს თამაშგარეების დაფიქსირებას.
ეს ტექნოლოგია მოთამაშეების კიდურებს აკონტროლებს და მათ პოზიციაზე ინფორმაციას VAR-ის მსაჯებს აწვდის. ხელოვნური ინტელექტი ზუსტად აანალიზებს პასის მიცემის და ბურთის მიღების მომენტს. ხელოვნურ ინტელექტს ამ ყველაფრის გასაანალიზებლად სულ რაღაც ნახევარი წამი სჭირდება.
მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ამჯერად 2024 წლის ევროზე მის განახლებულ ვერსიასთან გვაქვს საქმე.
როგორი იქნება ფეხბურთის მომავალი
ჩვენს გარშემო სამყარო იცვლება და იცვლება მასთან ერთად ფეხბურთიც. ჩნდება შეკითხვა, თუ რა იქნება შემდეგი სიახლე ამ სპორტში. ერთი რამ ფაქტია, ხელოვნური ინტელექტის დახვეწასთან ერთად, მისი სპორტში ინტერაქცია სულ უფრო გაიზრდება. შეიძლება დადგეს რეალობა, რომელშიც მსაჯობა სრულად ავტომატიზებული გახდება.
და მაინც, აქამდე ჯერ კიდევ არ მივსულვართ, თამაშში იქმნება სიტუაციები (თამაშგარეს დაფიქსირებისგან განსხვავებით), რომელშიც გადაწყვეტილების მიღებას ცნობიერი სჭირდება, შესაბამისად ბევრი ისეთი ფაქტორის გათვალისწინება ხდება, რომელიც ჯერ მხოლოდ ადამიანურია.
თუმცა, ტექნოლოგიების განვითარების ფონზე რამდენიმე საინტერესო სიახლეზე ფიქრი უკვე შეგვიძლია. პირველი ეს ვირტუალური რეალობაა. ცოტა ხნის წინ გაჩნდა საინტერესო იდეა, რომ მსაჯებმა ვირტუალური რეალობის კონტაქტური ლინზები გამოიყენონ. ამით ისინი ხელოვნური ინტელექტის მიერ მიწოდებულ მონაცემებს რეალურ დროში დაამუშავებენ.
მეტიც, მომავალში შეიძლება მაყურებელმაც გამოიყენოს ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები. ამით გულშემატკივარს სახლიდან სტადიონზე ყოფნის შეგრძნება გაუჩნდება.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, განიხილება მათზე ინოვაციური კამერების დამაგრება და საინტერესო მომენტში რეჟისორს უშუალოდ ასეთ ხედზე გადართვა შეეძლება. წარმოიდგინეთ, უყურებთ თამაშს ვირტუალური რეალობის ჩაფხუტით და ამ დროს რეჟისორი კადრს ფეხბურთელის პერსპექტივაზე რთავს, თქვენ სამ განზომილებაში დაინახავთ ზუსტად იმას, რასაც თქვენი საყვარელი ფეხბურთელი.
მოკლედ, ყველაფერი წინ არის და მომავალში ტექნოლოგიების ხარჯზე ფეხბურთი კიდევ უფრო სანახაობრივი გახდება. მანამდე კი, მივიღოთ სიამოვნება ევრო 2024-ით და ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს.
კომენტარები