როგორ გამოდიან ადამიანები კომიდან — რა ვიცით
ადამიანი შეიძლება კომაში დარჩეს კვირების, თვეების და წლების განმავლობაშიც კი.
კომაში მყოფმა ადამიანმა შეიძლება თვეების, ან სულაც ათწლეულების მერე "გაიღვიძოს". ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შემთხვევა მუნირა აბდულას შეემთხვა, ქალის, რომელიც კომაში 1991 წელს ჩავარდა და მისგან 27 წლის შემდეგ გამოვიდა.
ჩნდება შეკითხვა, რა იწვევს კომიდან გამოსვლას და როგორ ხდება ეს?
"ამაზე მოკლე პასუხი არის ის, რომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით. შესაბამისად, ამ მიმართულებით მედიცინა არ არის ძლიერი", — ამბობს მარტინ მონტიმ, UCLA-ს ფსიქოლოგიის პროფესორი.
კომის შედეგად ტვინი სერიოზულად ზიანდება, რა დროსაც ვითარდება ანთება ან ინფექცია. კომიდან გამოსასვლელად ტვინი უნდა გამოჯანმრთელდეს, რაც ნეირონების მუშაობის აღდგენას გულისხმობს.
თუმცა, ტვინის ქსელების მსგავსი აღდგენა საკმარისი არ არის, რადგან კომა ასევე ანელებს ტვინის აქტივობას. ასეთ დროს ტვინში ყველაფერი უფრო ნელდება. კომის დროს ტვინის ქსელები აღარ ურთიერთქმედებენ ისე ეფექტურად, როგორც ეს ჩვეულებრივ.
"ასეთ დროს ტვინს ერთგვარი 'ნახტომი' სჭირდება და სამწუხაროდ, ამ ნახტომზე ჩვენ დიდი ინფორმაცია არ გვაქვს", — თქვა მონტიმ.
მაშ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინში ასეთი "ნახტომი"? ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს ამანტადინი, პრეპარატი, რომელიც ფიქრობენ, რომ ზრდის დოფამინის რაოდენობას ტვინში. პრეპარატი, რომელიც პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ზრდის ნეირონების მიერ გამოთავისუფლებულ დოფამინის რაოდენობას.
დოფამინი ქიმიური ნეიროტრანსმიტერია, რომელიც გადამწყვეტია ტვინის ქსელებს შორის კომუნიკაციისთვის. დოფამინი ასევე მნიშვნელოვანია მოტორიკისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ კომაში მყოფი ადამიანების ტვინი ბევრად ნაკლებ დოფამინს გამოიმუშავებს, ვიდრე ჩვეულებრივ.
2012 წელს New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამანტადინი აუმჯობესებს ცნობიერებას იმ ადამიანებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ვეგეტატიურ მდგომარეობაში.
თუმცა, ჯერ ზუსტად არ ვიცით, თუ როგორ მოქმედებს ეს კომიდან გამოსულ ადამიანებზე.
კიდევ ერთი მიდგომა ტვინის ღრმა სტიმულაციაა, რომელიც ტვინში ღრმად ელექტროდების ქირურგიულ ჩანერგვას გულისხმობს. ეს ყველაფერი მცირე რაოდენობის ელექტროენერგიის მიწოდებისთვის, რომელიც მოქმედებს ახლომდებარე ნეირონებზე. სტიმულაცია მიზანში თალამუსს იღებს, ტვინის იმ რეგიონს, რომლის დისფუნქციაც ხშირად კომასთანაა დაკავშირებული.
"ნეირონების აღდგენა ძალიან ნელა ხდება, კვირაში დაახლოებით 1 მილიმეტრით. ამიტომ, ეს პროცესი ხშირად დროში იწელება. ზოგადად, ტვინის ტრავმისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც წესი, გონების აღდგენას მინიმუმ ორი კვირა სჭირდება", — თქვა ჩეთან ვენკატასუბბა რაომ, ნეირომეცნიერმა.
თუმცა, ზოგჯერ კომიდან გამოსვლა ვერ ხერხდება. მაგალითად, ტერი შიავოს, ფლორიდელ ქალს, გული გაუჩერდა, რის შედეგადაც ის კომაში 15 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. საბოლოოდ, ის აპარატიდან გათიშეს და გაკვეთამ აჩვენა, რომ ქალის ტვინი ზომაში ორჯერ დაპატარავებული იყო.
სამწუხაროდ, მეცნიერებს არ აქვთ ბევრი მონაცემი კომის მიზეზების შესახებ. შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში კომაში მყოფი ადამიანების კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტების 54% კომიდან ვერ გამოვიდა. რაც შეეხება გადარჩენილებს, მათგან 15% ბოლომდე მაინც ვერ გამოჯანმრთელდა, მხოლოდ 31%-მა მოახერხა კომისგან თავის ჯანმრთელად დაღწევა.
მთლიანობაში, როგორ და რატომ გამოდიან ადამიანები კომიდან, ჯერ კიდევ საიდუმლოა. მეცნიერები ამ მიმართულებით ტვინის შესწავლას აგრძელებენ და აქვთ იმედი, რომ მალე ადამიანის კომიდან გამოყვანა მნიშვნელოვნად გაადვილდება.
კომენტარები