რა საერთო ჰქონდათ მაიას იმპერიაში მსხვერპლშეწირულ ბავშვებს? — კვლევა
ჩიჩენ-იცა დღეს ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მაიას ცივილიზაციამ დაგვიტოვა, მაგრამ მას სისხლიანი წარსული აქვს. იქ მსხვერპლად სწირავდნენ ბავშვებს, რომელთა ნაშთებიც chultún-ად წოდებულ მიწისქვეშა სამარხში დღემდეა შემორჩენილი.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სწორედ 64 ასეთი ჩონჩხის გენეტიკური მახასიათებლები შეისწავლეს და დაადგინეს, რა საერთო ჰქონდათ მათ. აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი ბიჭი იყო, უმეტესობას კი ერთმანეთთან ახლო ნათესაობა აკავშირებდა. საინტერესოა ისიც, რომ მსხვერპლებში იდენტური ტყუპების ორ წყვილსაც მიაგნეს. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ მსგავსი რიტუალებისთვის ახალგაზრდა გოგონებს ირჩევდნენ.
"მამრობითი სქესის ბავშვების ერთნაირი ასაკი და დიეტა, ახლო გენეტიკური ნათესაობა და ის, რომ მათ 200 წლის განმავლობაში ერთ ადგილზე მარხავდნენ, მიანიშნებს, რომ chultún მსხვერპლშეწირული ბავშვების სამარხია. ეს მიუთითებს იმაზეც, რომ ამ ინდივიდებს კონკრეტული მიზეზის გამო ირჩევდნენ", — აცხადებენ მკვლევრები.
სასაფლაო, რომელიც ახლომდებარე გამოქვაბულს უერთდება, არქეოლოგებმა 1967 წელს აღმოაჩინეს. იქ 100-ზე მეტი ბავშვის ჩონჩხს მიაგნეს, მაგრამ მათი სქესი უცნობი იყო. ავტორებმა, პირველ რიგში, ნაშთები დაათარიღეს, კერძოდ VII-XII საუკუნით, ანუ სამარხი 500 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. ამის მიუხედავად, ყველაზე აქტიური მსხვერპლშეწირვა 800-1000 წლებს შორის პერიოდში დაფიქსირდა, ჩიჩენ-იცას კულტურის მწვერვალზე.
მეორე ეტაპზე, ავტორებმა 64 ინდივიდის დნმ და ძვლის კოლაგენიდან ამოღებული იზოტოპების თანაფარდობა გააანალიზეს. ამ უკანასკნელმა გამოავლინა, რომ ეს ბავშვები ადგილობრივად ხელმისაწვდომ საკვებს იღებდნენ, შესაბამისად ყველანი იქ ცხოვრობდნენ. დადგინდა, რომ 64-ვე ჩონჩხი მამრობითი სქესის ახალგაზრდისაა და მათი სულ მცირე მეოთხედი ერთმანეთის ახლო ნათესავი იყო.
სამარხში 2-2 ტყუპი ძმის მიგნება მიუთითებს, რომ მაიას ხალხი რიტუალისთვის ადამიანებს წყვილად ირჩევდა და შესაძლოა, გენეტიკურად იდენტური ბავშვები განსაკუთრებულად სასურველნი ყოფილიყვნენ. ამ მხრივ საინტერესოა ცივილიზაციის ერთ-ერთი წმინდა ტექსტი პოპოლ-ვუჰი, რომელშიც ტყუპი ძმების მითზეა მოთხრობილი. ისინი მათი მამისა და ბიძის, ასევე ტყუპების, მსხვერპლშეწირვისთვის შურის საძიებლად მსხვერპლშეწირვისა და გაცოცხლების რიტუალებს განმეორებად ციკლებად ატარებდნენ, რათა ქვესკნელის ღმერთებისთვის თავგზა აებნიათ.
"ეს კვლევა ღრმა კავშირს ავლენს რიტუალურ მსხვერპლშეწირვასა და ადამიანის სიკვდილ-ხელახლა დაბადების ციკლებს შორის, რომლებიც მაიას ტექსტებშია აღწერილი", — ამბობენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები