"ჩემივე ხელით და ჩემივე გონებით ავაწყვე ჩატბოტი", — თიბისის ტექსკოლის მონაწილე
თიბისიმ 2023 წელს სკოლის მოსწავლეებისთვის ტექსკოლა დააარსა. მისი მიზანი ახალ თაობაში ტექნოლოგიურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო კურსები სრულიად უფასოდ გაიარონ.
15 წლის ელენე ფურცელაძე თიბისის ტექსკოლის ერთ-ერთი მონაწილეა. მისი თქმით, ტექნოლოგიები უკვე დიდი ხანია ჩვენს ყოველდღიურობაში შემოვიდა და მათი ათვისება ახალგაზრდებისთვის აუცილებლობად იქცა. ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, ტექსკოლის მონაწილე გახდა და რამდენიმე კვირაში საკუთარი ხელით შეძლო მოლაპარაკე პროგრამის აწყობა.
ამ სტატიაში ელენე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს — როგორ გაიარა გზა ცნობისმოყვარე გოგონადან ჩატბოტის შემქმნელობამდე.
“ტექნოლოგიები ყველას გვჭირდება, ცხოვრების ყველა ასპექტში. ამიტომ როდესაც თიბისის ტექსკოლის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი. კურსის პროგრამის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ის არამხოლოდ ტექნოლოგიური უნარების განვითარებაში დამეხმარებოდა, არამედ შესაძლებლობას მომცემდა, ახალი მეგობრები შემეძინა და გამეფართოებინა ჩემი სოციალური წრე”, — გვიყვება ელენე.
თიბისის ტექსკოლა სხვადასხვა მიმართულების კურსებს მოიცავს, რომელთა გავლაც მის მონაწილეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ. ელენემ არჩევანი მოლაპარაკე პროგრამების, იგივე ჩატბოტების აწყობის კუთხით შეაჩერა, რადგან ფიქრობს, რომ მისი შემოქმედებითი უნარების გამოყენებას ყველაზე უკეთ აქ შეძლებს.
"ვეცადე ისეთი კურსი ამერჩია, რომელიც ჩემს ჰობებთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგალითად, ფსიქოლოგიასთან და წერასთან, რადგან კრეატიულობა ჩემი ხასიათის განუყოფელი ნაწილია", — ამბობს ის.
მისი თქმით, ტექნოლოგიების განსაკუთრებულობა სწორედ იმაშია, რომ მათი გამოყენება ნებისმიერ პროფესიაში შეიძლება და ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, სამუშაო პროცესი შეიმსუბუქონ და უფრო სასიამოვნო გახადონ.
ელენე ლექტორებისა და პროგრამის სხვა მონაწილეების შესახებაც გვიყვება და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი, რაც ტექსკოლაში განსაკუთრებით მოეწონა, თავისუფალი გარემოა.
"ჩვენი ლექტორი ძალიან საყვარელი იყო და ცდილობდა პროცესში ყველანი თანაბრად ჩართულები ვყოფილიყავით. გვეხმარებოდა და ყველაფერს გვიხსნიდა. ისეთი გარემო იყო, რომ არავის გვერიდებოდა საუბარი და კითხვების დასმა."
პროგრამის მიხედვით, 20 სესიის შემდეგ კურსის მონაწილეებს ფინალური პროექტი უნდა განეხორციელებინათ. ელენემ ააწყო ჩატბოტი, რომელიც მომხმარებლებს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე უპასუხებდა.
ელენემ იცის, რამდენად ფაქიზი და სათუთი თემაა მენტალური ჯანმრთელობა, ამიტომ ამ პროექტზე მუშაობას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა. კარგად გადაამოწმა ჩატბოტისთვის გაწერილი კითხვების პასუხები. ამასთან ერთად, თითოეულ პასუხს შესაბამისი წყარო მიუთითა, რათა მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში, თავადაც შეემოწმებინა ინფორმაცია და დარწმუნებულიყო მის სანდოობაში.
"კურსმა მომცა შესაძლებლობა ჩემივე ხელით და ჩემივე გონებით ამეწყო ჩატბოტი, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობაზე ისაუბრებდა", — აღნიშნავს ის.
ელენე სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა. ამბობს, რომ როგორც წერისა და ლიტერატურის მოყვარული ადამიანი, დიდი სიამოვნებით შექმნიდა ჯემალ ქარჩხაძის ჩატბოტსაც, რომელიც მისი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია. ტექსკოლის მონაწილე ფიქრობს, რომ ქარჩხაძე ჩატბოტი რომ ყოფილიყო მაღალფარდოვანი და აღმაფრთოვანებელი სიტყვებით ისაუბრებდა და მისი მოსმენა ყველას მოუნდებოდა.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩატბოტში ადამიანის პიროვნება მთლიანად გამოჩნდეს, ამიტომ, კარგად უნდა იცნობდე იმ ადამიანის ხასიათს, ვის ჩატბოტსაც აკეთებ.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ამიტომ, სანამ ჩატბოტის აწყობას დავიწყებდი, გავიცნობდი ჯემალ ქარჩხაძის ახლობელ ადამიანებს და მათგან საინტერესო ამბებს მოვისმენდი", — აღნიშნავს ელენე.
ელენეს აზრით, სანამ პროფესიას ავირჩევთ, მნიშვნელოვანია ვფლობდეთ საბაზისო ცოდნას მის შესახებ და გვქონდეს წარმოდგენა, როგორია ამ პროფესიით მუშაობა პრაქტიკაში. სწორედ ამიტომ ის ფიქრობს, რომ თიბისის ტექსკოლაში მონაწილეობა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომელიც ოდესმე მიუღია.
კომენტარები