"უპრეცედენტოა" — ფილტვის სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატმა კარგი შედეგი აჩვენა
მეცნიერებმა ფილტვის იშვიათი სიმსივნის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის კვლევის მესამე ფაზის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელსაც ზოგიერთი სპეციალისტი "უპრეცედენტოსა" და "ძალიან წარმატებულს" უწოდებს.
კერძოდ, გამოცადეს ლორლატინიბი, ბრენდული დასახელებით Lorbrena, რომლის მეშვეობითაც ონკოლოგიური პაციენტების 60%-ში 5 წლის განმავლობაში დაავადება ხელახლა აღარ გამოჩენილა. ეს ადამიანთა იმ 8%-ის საპირისპიროდ, რომლებიც სხვა მედიკამენტით მკურნალობდნენ.
"ამ ორ პრეპარატს შორის სხვაობის დასანახად გამადიდებელი შუშა სულაც არაა საჭირო. ფილტვის არამცირეუჯრედოვანი სიმსივნის შემთხვევების 60%-ში დაავადების პროგრესირებისგან თავისუფალი 5-წლიანი გადარჩენის პერიოდი უბრალოდ გაუგონარია", — აცხადებს კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოების წარმომადგენელი, ჯული გრეილო.
ლორლატინიბი სწორედ ფილტვის არამცირეუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ შეიქმნა, რომლის დროსაც ALK გენის მუტაცია ფიქსირდება. მართალია, ასეთი სიმსივნეები იშვიათია, მაგრამ მეტწილად ახალგაზრდა პოპულაციასა და არამწეველებში ვლინდება, ასევე სწრაფად ვრცელდება ტვინშიც. მის საწინააღმდეგოდ ტიროზინკინაზას ინჰიბიტორების კატეგორიის მედიკამენტებს იყენებენ, მაგრამ თითქმის ყველა პაციენტში, საბოლოოდ, მათ მიმართ რეზისტენტობა ყალიბდება და დაავადებაც ბრუნდება.
Lorbrena ამ ტიპის მოწინავე პრეპარატია, რომელიც მეცნიერებმა იმავე სახის საშუალებასთან, კრიზოტინიბთან, ერთად გამოცადეს, რათა შედეგების შედარება შესძლებოდათ. ამ ორიდან ერთ-ერთი შერჩევითად ფილტვის კიბოს მქონე 296 ადამიანს დაუნიშნეს და მათ მდგომარეობას შემდგომი 5 წლის განმავლობაში დააკვირდნენ.
კვლევამ ლორლატინიბის მნიშვნელოვანი უპირატესობა აჩვენა. იმ პაციენტებში, რომლებიც მას იღებდნენ, ტვინში მეტასტაზები მხოლოდ 4-ს აღმოაჩნდა. მათში კი, ვისაც მსგავსი პრობლემა მანამდეც ჰქონდა, მდგომარეობის გართულების რისკი 83%-ით შემცირდა. შედარებისთვის, კრიზოტინიბმა ტვინში უკვე არსებული მეტასტაზების გავრცელება ვერცერთ შემთხვევაში შეაჩერა.
რაც შეეხება ლორლატინიბის გვერდით ეფექტებს, ამგვარი სიმპტომები ცდისპირების 77%-ში დაფიქსირდა. ყველაზე ხშირი შეშუპება, მაღალი ქოლესტერინი და ლიპიდების დონის მატება იყო, რაც სხვა ასეთ პრეპარატებსაც ახასიათებს და შესაძლოა, დამატებითი მედიკამენტებით გაკონტროლდეს.
ამის მიუხედავად, ცდაში პაციენტების 62%-მა ლორლატინიბის მიღება დროებით შეწყვიტა, 11%-მა კი სრულად. კრიზოტინიბისთვის პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი 48% იყო, ხოლო მეორეში — იგივე.
ავტორები ამბობენ, რომ ეს მაინც გასაოცარი შედეგია, რომლის მსგავსიც არამცირეუჯრედოვანი სიმსივნეების გარდა, არც ნებისმიერ სხვა მეტასტაზურ მყარ სიმსივნეში გვინახავს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of Clinical Oncology გამოქვეყნდა.
კომენტარები