ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
კომპანია Google-მა ახლახან მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიება, I/O 2024, გამართა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს არაერთი სიახლე წარუდგინა. მათ შორის ეს ეხება Gemini AI-ს, Project Astra-სა და Android 15-ს.
ძნელი მისახვედრი არაა, რომ სიახლეების უდიდესი ნაწილი სწორედ ხელოვნურ ინტელექტთანაა კავშირში, რომელზეც კომპანია საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ამ სტატიაში ყველა იმ მთავარ ამბავს გაგაცნობთ, რომლებიც Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ, გააჟღერა.
Gemini AI
Google-მა ახალი AI მოდელი წარადგინა, რომელსაც Gemini 1.5 Flash ეწოდება. ის ოპტიმიზებულია, რათა მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტიანი იყოს. ასევე, Gemini 1.5 Pro-სა და Gemini 1.5 Nano-ს შორისაა, რომელთაგანაც უკანასკნელი კომპანიის ყველაზე მცირემასშტაბიანი მოდელია.
Google-ში ამბობენ, რომ Flash იმ დეველოპერებისთვის შეიქმნა, რომელთაც ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე აპლიკაციებისა და სერვისებისთვის Gemini Pro-ზე მსუბუქი და უფრო ბიუჯეტური მოდელი სურდათ. ამავდროულად, არ უნდა დაკარგულიყო მისი გენერაციული ფუნქციის 1 მილიონ-ტოკენიანი ტექსტობრივი დიაპაზონიც.
უნდა ითქვას, რომ მიმდინარე წელს ამ დიაპაზონის გაორმაგება იგეგმება, რაც ნიშნავს, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი 2-საათიან ვიდეოს, 22-საათიან აუდიოს, 60 000-ზე მეტი ხაზის მქონე კოდსა და 1.4 მილიონ სიტყვას ერთდროულად დაამუშავებს.
Project Astra
ღონისძიებაზე ვიხილეთ Project Astra-ც. ესაა უნივერსალური ასისტენტი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს და ის ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგვიძლია გამოვიყენოთ.
კომპანიამ საზოგადოებას სადემონსტრაციო ვიდეოც გაუზიარა, რომელიც Google-ის ლონდონის ოფისშია გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ დადის Astra-ს მომხმარებელი ოთახში და სმარტფონის კამერას სხვადასხვა ობიექტს უშვერს — დინამიკს, დაწერილ კოდს, ფანჯარას — და აპლიკაციასთან ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციის ორმხრივ მიმოცვლაშია. ერთ მომენტში სისტემა მას ატყობინებს, სად დატოვა სათვალე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთი ობიექტივის ეპიცენტრში არ ყოფილა.
საინტერესოა ისიც, რომ თავად ეს სათვალეც კამერებით აღჭურვილი აღმოჩნდა, რომლებიც სწორედ Project Astra-სთანაა დაკავშირებული.
Google Photos
ვინც Google Photos იყენებს, იცის, რომ ეს სერვისი ისედაც საკმაოდ გამართული და ეფექტიანია. ამის მიუხედავად, Google-ს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ის განვითარების მომდევნო ეტაპზე აჰყავს.
კერძოდ, ცნობილია, რომ Google One-ის გამომწერები, რომელიც აშშ-ში ცხოვრობენ, სულ რამდენიმე თვეში ახალი ფუნქციით სარგებლობას შეძლებენ. მათ საშუალება ექნებათ, რომ აპლიკაციას ისეთი რთული რამ დაავალონ, როგორიცაა, მაგალითად, მათ მიერ მონახულებულ თითოეულ ეროვნულ პარკში გადაღებული სურათებიდან საუკეთესოების ამორჩევა.
Google Photos ამისთვის GPS-ის მონაცემებს გამოიყენებს და "საუკეთესოს" კატეგორიაში სურათებს თავად მოაქცევს. ასევე, ის სოციალური მედიისთვის ამ ვიზუალური მასალის აღწერასაც დააგენერირებს.
Veo და Imagen 3
ღონისძიებაზე Google-მა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი გენერაციული მოდელებიც წარადგინა, რომელთაგანაც ერთს Veo ჰქვია, მეორეს კი — Imagen 3.
პირველი მათგანი კომპანიის ერთგვარი პასუხია OpenAI-ის პროდუქტ Sora-ზე. მას 1080-პიქსელიანი, მაღალი ხარისხის, ვიდეოების შექმნა შეუძლია, რომელთა ხანგრძლივობაც 1 წუთს აჭარბებს. ასევე, ის კინემატოგრაფიულ კონცეფციებსაც "აღიქვამს", როგორიც, მაგალითად, სხვადასხვა მოვლენის განვითარების აჩქარებულად ჩვენებაა.
რაც შეეხება Imagen 3-ს, ის ტექსტის მიხედვით სურათის გენერირების ხელსაწყოა, რომელიც, კომპანიის განცხადებით, ამას წინა ვერსიაზე, Imagen 2-ზე, უკეთ ართმევს თავს. მას Google-ში უმაღლესი ხარისხის მსგავს მოდელად ასახელებენ, რომელიც დეტალებზე განსაკუთრებულადაა ორიენტირებული. შედეგად, რეალისტურ გამოსახულებებს ვიღებთ, უფრო ნაკლები ხარვეზით, რითაც ის OpenAI-ს DALLE-3-ს უპირისპირდება.
Google Search
Google მნიშვნელოვნად ცვლის იმას, თუ როგორ მუშაობს მისი საძიებო ფუნქცია. Search-ში შეძლებთ მიიღოთ პასუხები საკმაოდ რთულ, მრავალშრიან, კითხვებზე. მაგალითად იმაზე, თუ სადაა ქალაქში საუკეთესო იოგა ცენტრები, როგორია მათი პირობები/შეთავაზებები და რა დრო უნდა იქამდე ფეხით მისვლას კონკრეტული ადგილიდან. Search-ის მეშვეობით კვების რაციონისა და შვებულების დასაგეგმად მომხმარებლებმა პლატფორმას Search Labs უნდა მიმართონ.
სამაგიეროდ, AI Overviews, რომელსაც კომპანია 1 წლის განმავლობაში ცდიდა, აშშ-ში მილიონობით ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. წლის ბოლოსთვის Google Search ერთ მილიარდზე მეტ მომხმარებელს პირველ რიგში უკვე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ პასუხებს შესთავაზებს.
Gemini და Android
Google ჩატბოტ Gemini-ს პირდაპირ Android-ში აინტეგრირებს.
როდესაც მიმდინარე წელს Android 15 ჩაეშვება, Gemini თქვენ მიერ სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენების პარალელურად აქტიური იქნება და მისთვის კონტექსტური კითხვების დასმასაც შეძლებთ. რით განსხვავდება ის Google Assistant-ისგან, ჯერჯერობით უცნობია.
გავიგეთ ისიც, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ტექსტებსა და ვიდეოებს ციფრული სიმბოლო დაედება. ასევე, Gemini ხელმისაწვდომი იქნება Gmail-ში, Docs-სა და Workspace-ში, მოუსმენს თქვენს სატელეფონო საუბარს, რათა დააფიქსიროს, თაღლითები ხომ არ გიკავშირდებიან და სხვა.
კომენტარები