როგორ ისწავლეს ხერხემლიანებმა ხმელეთზე სიარული — კვლევა
20 წლის წინ აღმოჩენილი ნამარხის ანალიზმა მნიშვნელოვანი ახალი დეტალები გამოავლინა. ამით შეიძლება მეტი გავიგოთ იმაზე, თუ როგორ ისწავლეს ხერხემლიანებმა ხმელეთზე სიარული. საუბარია პროცესზე, რომელიც დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ ხდებოდა.
Tiktaalik 375 მილიონი წლის წინ მცხოვრები სახეობაა, რომელიც თევზებსა და ხმელეთზე მოსიარულე პირველ ოთხფეხა ცხოველებს შორის "გადებული ხიდია". ხმელეთის ყველა ცხოველი (დინოზავრი, ბაყაყი, ფრინველი, ადამიანი და ა.შ.) წარმოშობით სწორედ Tiktaalik-თან არის დაკავშირებული.
Tiktaalik-ის ჩონჩხის სტრუქტურის ახალი ანალიზი Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
"Tiktaalik 2004 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ მისი ჩონჩხის ძირითადი ნაწილი კვლავ უცნობი იყო. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, ამ თევზის ჩონჩხის სრული რეკონსტრუქცია მოხდა, რაც უმნიშვნელოვანესია იმის გასაგებად, თუ როგორ მოძრაობდა ეს არსება", — თქვა კვლევის ავტორმა ტომ სტიუარტმა.
რეკონსტრუქციამ აჩვენა, რომ Tiktaalik-ის ნეკნები მენჯთან ძალიან ახლოსაა. სწორედ ეს ფაქტორი იქნებოდა მნიშვნელოვანი ხმელეთზე სიარულის დასაწყებად.
კიდურების მქონე ხერხემლიანებს განსხვავებული ზომის ნეკნები აქვთ. ეს ხმელეთზე სიარულის შესაძლებლობას აჩენს.
თევზის მენჯის ფარფლები ევოლუციურად ხმელეთზე მცხოვრები ცხოველების უკანა კიდურებთანაა დაკავშირებული. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სიარულის განვითარება უფრო დიდი მენჯის დახმარებით მოხდა, რომელიც ხერხემლის ნაწილს წარმოადგენდა. სწორედ ასე უნდა გაჩენილიყო შესაბამისი კიდურები, რომელსაც შემდგომში ცოცხალი არსებები მიწაზე დასაყრდნობად და სიარულისთვის ვიყენებთ.
"Tiktaalik გასაოცარი თევზია და ის ევოლუციის უმნიშვნელოვანეს მომენტს ჰფენს ნათელს. მის ჩონჩხში ვხედავთ თვისებების ერთობლიობას, რომლებიც დამახასიათებელია როგორც თევზებისთვის, ისე ხმელეთზე მცხოვრები ცხოველებისთვის", — თქვა სტიუარტმა.
ბოლო კვლევაში მეცნიერები ფოკუსირებულები იყვნენ Tiktaalik-ის ჩონჩხის წინა ნაწილზე.
"ძველი კვლევებიდან ვიცოდით, რომ ამ თევზის მენჯი დიდი იყო. იმავეს ვფიქრობდით უკანა ფარფლებზეც, მაგრამ აქამდე არ ვიცოდით, თუ როგორ ურთიერთქმედებდა მენჯი ღერძულ ჩონჩხთან. ეს რეკონსტრუქცია პირველი დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარებულიყო სიარულის ფენომენი", — თქვა სტიუარტმა.
კომენტარები