რა არის ინსტინქტი? კლასიკური გაგებით ეს წინასწარ დაპროგრამებული ტენდენციაა, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სახეობის გადარჩენისთვის. მასში მოიაზრება კონკრეტული სახეობის მოქმედების სპეციფიკური პროგრამა, რომელიც გენეტიკურად გადაეცემა თაობიდან თაობას, თუმცა თეორიულად დამოუკიდებელია ცალკეული ინდივიდის გამოცდილებაზე.

სწორედ ეს "თუმცა" აჩენს ბევრ შეკითხვას. გამოცდილება დასწავლასთანაა დაკავშირებული. დასწავლა გამოცდილებაზე დამყარებული პროცესია, რომლის დროსაც ხშირად იცვლება ქცევა ან ქცევის პოტენციალი. ესე იგი, ერთია გენეტიკური ინფორმაცია და მეორე დასწავლასთან "ინტერაქცია". მეტი კონკრეტიკისთვის დასწავლა სამი ნაწილისგან შედგება: ცვლილება ქცევაში (ქცევის პოტენციალში), მუდმივი ცვლილება და გამოცდილებაზე დაფუძნებული პროცესი.

ბევრს მიაჩნია, რომ ცხოველთა სამყაროში არსებები გადაწყვეტილებას "ინსტინქტურად" იღებენ. მაგალითად, ახლად გამოჩეკილი ზღვის კუები, რომლებიც ზღვამდე მისაღწევად მთვარის შუქზე არიან დამოკიდებული. ასევე საინტერესო მაგალითია ფრინველები, რომლებიც სეზონების ცვლილებასთან ერთად ათასობით კილომეტრით მიგრირებენ. არც დედა ლომები უნდა დავივიწყოთ, რომლებმაც ზუსტად იციან როგორ გამოკვებონ, დაიცვან და გაწვრთნან თავიანთი შთამომავლობა.

ფოტო: NPS PHOTO

თუმცა, არის კი ეს რეალურად ინსტინქტი? სანამ ვიკითხავთ როგორ მუშაობს ინსტინქტი, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა არის ის.

"ინსტინქტის განსაზღვრა შეუძლებელია, თუ თქვენ ასევე არ საუბრობთ მონეტის მეორე მხარეზე, და ეს შეძენილი ან ნასწავლი ქცევებია", — განუცხადა Live Science-ს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების ფსიქობიოლოგმა რობერტ ლიკლიტერმა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ინსტინქტები" არის ქცევა, რომელიც გავლენას ახდენს ფაქტორებზე, რომლებიც პირდაპირ "დანახვადი" არ არის. მაგალითად, მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ქცევა — რა დროსაც ფრინველი, მათ შორის ინდაური, ბატი, ქათამი და იხვი, დედას ამოიცნობს და მას მისდევს — ინსტინქტი იყო. ესე იგი, მიაჩნდათ, რომ ეს თანდაყოლილი, წინასწარ განსაზღვრული, გენეტიკურად ჩამოყალიბებული ტენდენცია იყო, რომელიც ცალსახად ახსნას არ ექვემდებარებოდა.

თუმცა, 1963 წელს ფსიქოლოგმა გილბერტ გოტლიბმა რევოლუციური აღმოჩენა გააკეთა: იხვის გამოჩეკა დაკავშირებულია დედის ხმაზე და ამ ხმის აღქმა ნაჭუჭში ინდივიდუალურად ვითარდება. ამ ინფორმაციის დამუშავება დაბადებამდე ხორციელდება. გოტლიბის იხვის ჭუკის ექსპერიმენტებმა "ინსტინქტის" ახლებურ გაგებას დაუდო საფუძველი და დაგვაფიქრა იმაზე თუ რა ქცევაა მასთან დაკავშირებული.

როგორც იხვის ჭუკის მაგალითში, სხვა ზემოქმედებაც შეიძლება იყოს და ეს მანამ, სანამ არსება დაიბადება.

ინსტინქტის კლასიკური გაგება აქამდე ან ნიუანსს უგულებელყოფდა. კატის უნარი დახტომისას სწორად დაეშვას კიდურებზე და პეპლის სეზონური მიგრირების შესაძლებლობა, ქცევითი ნეირომეცნიერ მარკ ბლუმბერგის თქმით, "სახეობათა ტიპური ქცევაა".

"როდესაც ადამიანები ინსტინქტზე საუბრობენ, ამაში გულისხმობენ იმას, რაც ვითარდება", — უთხრა Live Science-ს ბლუმბერგმა.

განვითარების ამ პერსპექტივის საწინააღმდეგო არგუმენტების მიხედვით, სახეობების სპეციფიკური ქცევის სპექტრი არსებობს. ასევე არის ის არგუმენტი რომ დაბადებისას ორგანიზმებს ქცევის დასადგენად საკმარისი გამოცდილება ჯერ არ აქვთ.

თუმცა, გამოცდილება იწყება დაბადებამდე, ისევე როგორც იხვის გამოჩეკის შემთხვევაში. უფრო მეტიც, არსებობს მრავალი ქცევა, რომელიც მეცნიერებს ადრე ინსტინქტად მიაჩნდათ — ეს მანამ, სანამ ამ სისტემების შინაგან სტრუქტურებზე მეტი არ გავიგეთ.

მაგალითად, ზღვის კუებს ოკეანეებში ნავიგაცია შეუძლიათ, რადგან მათ ამისთვის ერთგვარი "მაგნიტური კომპასი" აქვთ. ეს ვერ იქნება მყარი ინსტინქტი, რადგან მასზე გავლენას დედამიწის მაგნიტური ველი ახდენს. ანალოგიურად, კატას არ ეცოდინება, როგორ დაეშვას ფეხზე, თუ დაიბადებოდა კოსმოსში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი ქცევები უბრალოდ ჩვენს გენებში არ არის კოდირებული (კოსმოსში ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ეს დაადასტურა). ეს აჩენს შეკითხვას, არსებობს პოტენციალი, მაგრამ არა ცალსახა მოცემულობა?!

კიდევ ერთი დამაბნეველი მაგალითი პარაზიტულ ფრინველებშია, რომლებიც სხვა სახეობებს ატყუებენ. ისინი თავიანთი ბარტყების გასაზრდელად შემდეგს აკეთებენ: საკუთარ კვერცხებს სხვა ფრინველის ბუდეში ჩუმად დებენ. ასეთ დროს ბევრი საინტერესო რამ ხდება, ზოგ შემთხვევაში "მასპინძელი" ჩიტი ტყუვდება და სხვის შთამომავალს ზრდის.

ჩნდება შეკითხვა: როგორ შეუძლია სხვა სახეობის მიერ გაზრდილმა ჩიტმა იცოდეს, რომელ სახეობას მიეკუთვნება, შესაბამისად, საიდან იცის ვისთან შეწყვილდეს? თუმცა, თუ "მასპინძელი" ჩიტი მიხვდება, რომ კვერცხი მისი არაა, ის კვერცხს თავიდან მოიშორებს, იმავეს შვრება ბარტყის შემთხვევაშიც. მეტიც, კვლევების თანახმად, პარაზიტი ჩიტის ბარტყი ღამე თავის სახეობის წარმომადგენლებთან ერთად ჩერდება და დღისით ისევ "მოტყუებული დედის" ბუდეში ბრუნდება. მეცნიერებს ბოლომდე არ ესმით თუ რა ფენომენია ეს.

ფოტო: scienceofbirds

მკვლევრების თქმით, ჩვენი გენები არ განსაზღვრავენ ქცევებს ისე, როგორც ამას "ინსტინქტი" ითვალისწინებს.

"გენებსა და ქცევას შორის კავშირი ძალზე არაპირდაპირია. მაგალითად, ახალი ქცევის გამომუშავებისას ნეირონებიც იცვლება, ზოგჯერ კი, პირიქით. ამით იმის თქმა მინდა, რომ გენები ქცევებს ნაკლებად განსაზღვრავენ. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ცხოვრებისეული გამოცდილება გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იქცევა ჩვენი გენები", — თქვა ბლუმბერგმა.

ბლუმბერგის თქმით, ძირითად ქცევებსაც სწავლა სჭირდება. კვლევებმა აჩვენა, რომ მშრალ საკვებზე გაზრდილმა ცხოველებმა წყლის დალევა არ იცოდნენ. სწორედ ეს აჩენს შეკითხვას, სად გადის ზღვარი დასწავლასა და ინსტინქტს შორის.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ ამ ყველაფერზე უფრო კონკრეტული პასუხების მისაღებად შემდეგი კვლევებია საჭირო. ერთი რამ ფაქტია, ყველაფერი ასე მარტივად არ არის და სიტყვა "ინსტინქტის" ხმარება ყველაფერზე რაც ჯერ კიდევ არ გვესმის მართებული არაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.