3 მიზეზი, თუ რატომაა მომავალი მატჩები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი
სულ რაღაც რამდენიმე საათში ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩი დაიწყება — დღეს, 21 მარტს, 21:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქართველო - ლუქსემბურგის თამაში გაიმართება. ფეხბურთის მოყვარულები ამ მომენტს დიდი ხანია ელოდნენ და საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდაც მზად არიან. თუმცა, ეს მატჩი მხოლოდ ფეხბურთის მოყვარულებისთვის არ არის.
ამ სტატიაში მოგიყვებით იმ სამი მიზეზის შესახებ, რის გამოც ეს თამაში ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია.
თაობების ოცნება
ფეხბურთს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ქართული ფეხბურთი საბჭოთა ფეხბურთს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოეყო. პირველ ეროვნულ მატჩს დინამო თბილისსა და ჯონი ჯანელიძის კოლხეთი 1913-ს შორის ზვიად გამსახურდიაც დაესწრო:
“გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”, — ამ სიტყვებით მიმართა მან მოთამაშეებსა და მათ გულშემატკივრებს.
ამ პერიოდიდან მოყოლებული, სხვადასხვა ქართულ საფეხბურთო კლუბსა თუ ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელების ოცნება დიდი ტურნირის საფინალო ეტაპზე თამაში იყო — ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა და საქართველოს წარდგენა.
დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს ამ სანუკვარ ოცნებას. თუ ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგს დაამარცხებს, პლეიოფის ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალში მოგების შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობასაც შეძლებს.
მეორე შანსი
ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ყველაზე რეალური და ხელშესახები შანსი საქართველოს აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2020 წელს ჰქონდა. თუმცა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშში დამარცხების შემდეგ, ეს შესაძლებლობა ხელიდან გამოგვეცალა. 4 წლის შემდეგ, ისევ ვართ ამ ისტორიული მომენტის წინაშე. ახლა შეგვიძლია წარსული შანსი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ, კარგ გამოცდილებად ვაქციოთ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ, რადგან ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ეროვნული ნაკრებისთვის, დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ევროპის საფეხბურთო რუკაზე.
საქართველოს არაერთი პროფესიონალი ფეხბურთელი ჰყავს. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, წამყვან ევროპულ ლიგებში გამოჩნდნენ ქართველი ფეხბურთელები. მათ უკვე დაიმკვიდრეს თავი სხვადასხვა კლუბში. ახლა კი დროა, ინდივიდუალური წარმატებები ვაქციოთ საერთო გამარჯვებად — ევროპულ ფეხბურთს ვაჩვენოთ, რომ ცალკეულ ნიჭიერ ფეხბურთელებთან ერთად, გვყავს ძლიერი გუნდი, რომელიც იმსახურებს სხვა საუკეთესო ნაკრებებთან თამაშს.
რა თქმა უნდა, ეს დამატებით ყურადღებას გააჩენს ქართველი ფეხბურთელების და ზოგადად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მიმართ.
ის, რაც ყველას გვაერთიანებს
დაბოლოს, ფეხბურთი ის უნიკალური ფენომენია, რომელიც ყველას აერთიანებს. შეიძლება არ გაინტერესებდეს სპორტი, არ იცოდე ფეხბურთელების სახელები თუ მათი ნომრები ნაკრებში, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ მომენტებში, ყველანი გულმხურვალე ქომაგები და გულშემატკივრები ვხდებით. ის უდიდესი მუხტი და მღელვარება, რაც მოთამაშეებსა და მათ გულშემატკივრებს აქვთ, ყველაზე გადადის და თითოეულ ჩვენგანს ეროვნული სულისკვეთებით გვავსებს.
ზოგი მოედნიდან, ზოგი სახლიდან, ზოგი კაფეებიდან და ბარებიდან, განსაკუთრებული მონდომებით და იმედით ველოდებით თამაშს, რომელიც ერთმანეთთან თითქოს უხილავი ძაფებით გვაკავშირებს.
ასეთ დროს ერთიანობის შეგრძნება იმდენად მძლავრია, რომ ხშირად, საზოგადოებრივ სივრცეებში, მატჩის სანახავად დიდი ეკრანები ეწყობა. ასე რომ, თუ ბილეთები არ გაქვთ და თან ამ დიდი სიამოვნების სხვებთან გაზიარება გინდათ, იცოდეთ, რომ თამაშის ყურება LIVE რეჟიმში შეგიძლიათ შემდეგ მისამართებზე:
- თბილისში — პირველი რესპუბლიკის მოედანზე;
- თბილისში — ბაზარი ორბელიანზე;
- ქუთაისში — თეთრ ხიდთან;
- ბათუმში — ევროპის მოედანზე;
- საქართველოს ბანკის 40-მდე სერვის ცენტრის მონიტორზე (როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდში, ფოთში, სენაკში, ოზურგეთში, ქუთაისში, რუსთავში, ხაშურში, ბათუმში, საგარეჯოში).
ზოგჯერ ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, საერთო სიხარულია — საქართველო ფორმაშია.
საქართველოს ბანკი, როგორც ქართული სპორტის მხარდამჭერი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.
კომენტარები