იაპონური კოსმოსური აპარატი მთვარის 2-კვირიან ცივ ღამეს გადაურჩა
იაპონიის მიერ მთვარეზე გაშვებული კოსმოსური აპარატი SLIM დედამიწიდან გაგზავნილ ბრძანებას გამოეხმაურა, რაც ნიშნავს, რომ ის მთვარის 2-კვირიან ცივ ღამეს გადაურჩა და საკომუნიკაციო ფუნქციები შეინარჩუნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის კოსმოსური სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"თუ კომუნიკაციას განვაგრძობთ, ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. ასე რომ, გუშინ გარკვეული დროის განმავლობაში კონტაქტი გადავწყვიტე, შემდეგ კი ისევ შევისვენე", ვკითხულობთ სხვა პოსტში, რომელშიც, თითქოს, SLIM გვესაუბრება.
ეს დასაშვები მოდული სამეცნიერო მონაცემებსაც აგროვებს. ამის დასტურად მან ახალი სურათები გამოგზავნა. მათზე მთვარის ის არეალია აღბეჭდილი, რომელიც წინა ჯერზე არ ჩანდა. გამოსახულებები მან სანავიგაციო კამერით დააფიქსირა.
აპარატთან დაკავშირებას კიდევ მაშინ შეეცდებიან, როცა ადგილობრივი ტემპერატურა სათანადო დონეს მიაღწევს. აქვე გეტყვით, რომ მთვარის ხანგრძლივი ღამე ძალიან ცივია, კერძოდ ტემპერატურა -130 გრადუს ცელსიუსს აღწევს. ამ პერიოდში აპარატს ვარსკვლავის სინათლე ვერ სწვდება, რის გამოც მისი მზის პანელები ენერგიას ვერ გამოიმუშავებს.
SLIM დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე 19 იანვარს დაჯდა, რითაც იაპონიამ აშშ-ის, ჩინეთის, ინდოეთისა და საბჭოთა კავშირის გვერდით დაიკავა ადგილი, რომლებმაც ეს აქამდე შეძლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ციურ სხეულზე თავდაყირა დაეშვა.
ასეთი უჩვეულო განლაგების გამო ხომალდის პანელებამდე მზის სხივების მიღწევა უფრო პრობლემური აღმოჩნდა, მაგრამ აპარატმა ეს დაბრკოლება წარმატებით გადალახა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოდული სამიზნე არეალში 100 მეტრის რადიუსში უნდა დამჯდარიყო, თუმცა ეს სულ რაღაც 55 მეტრ რადიუსში მოახერხა. ამით მან კოსმოსური მისიების ისტორიაში ყველაზე ზუსტ დაშვებას მიაღწია.
კომენტარები