შექმნეს ლითიუმის ბატარეა, რომელიც დიდხანს ძლებს და 5 წუთზე ნაკლებ დროში იტენება
მკვლევრებმა ბატარეის შესაქმნელად მეტალი ინდიუმი გამოიყენეს.
ინჟინრებმა ახალი ლითიუმის ბატარეა შექმნეს, რომელსაც უკეთესი ელექტროდები აქვს და არსებულ ელემენტებზე ბევრად სწრაფად იმუხტება. ამის წყალობით იგი, შესაძლოა, ტრანსპორტირების სფეროში ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდეს.
მეცნიერები სისტემას აკვირდებოდნენ, რომელსაც დამუხტვასა და განმუხტვას შორის ერთგვარი ასიმეტრია ჰქონდა. ელემენტი ძალიან სწრაფად უნდა დაეტენათ და ძალიან ნელა უნდა დაცლილიყო. მკვლევრებმა ორი მაჩვენებელი შეადარეს ერთმანეთს: რა სიჩქარით ვითარდებოდა ქიმიური რეაქციები და რა დროში აღწევდა კონკრეტული ქიმიკატები რეაქციის ადგილამდე.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ბატარეაში მეტალი ინდიუმი გამოეყენებინათ. იგი საკმაოდ სწრაფად მოძრაობს, თუმცა ამავდროულად ზედაპირის რეაქციის კინეტიკა ნელი აქვს. ამის გამო ეს ლითონი სწრაფად იმუხტება და ნელა განიმუხტება.
"გვინდოდა ბატარეის ისეთი ელექტროდები შეგვექმნა, რომლებიც ყოველდღიურ რუტინასთან შესაბამისი ტემპით დაიმუხტებოდა და განიმუხტებოდა", — აცხადებს შუო ძინი, კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარი და ნაშრომის მთავარი ავტორი" — "პრაქტიკული თვალსაზრისით, გვინდა, რომ ელექტრონული მოწყობილობები სწრაფად დაიტენოს და მათ დიდხანს იმუშაოს. ამის მისაღწევად ანოდისთვის უნიკალური ინდიუმის მასალა გამოვავლინეთ, რომელიც შესაძლებელია, კათოდის სხვადასხვა მასალასთან ეფექტიანად შეწყვილდეს და ისეთი ბატარეა შეიქმნას, რომელიც სწრაფად იმუხტება და ნელა განიმუხტება".
მკვლევართა მიერ შექმნილი ბატარეა ხუთ წუთზე ნაკლებ დროში იტენება. ეს იმაზე ბევრად ნაკლები დროა, ვიდრე ბაზარზე არსებული ელემენტების, მით უმეტეს ელექტრომანქანების ბატარეების, დასამუხტადაა საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ ინდიუმი ბატარეისათვის კარგი კანდიდატი აღმოჩნდა, მას ნაკლიც აქვს. ეს მეტალი მძიმეა, ამიტომ, სავარაუდოდ, მას ყველგან და ყველა სახით ვერ გამოვიყენებთ. მკვლევართა აზრით, ისეთი შენადნობებიც შეიძლება არსებობდეს, რომელსაც იგივე თვისებები და ცოტა ნაკლი ექნება. მათი ვარაუდით, სწორედ ეს ნივთიერებები იქნება მომავლის ბატარეების წინაპირობა.
მსგავსი ელემენტების შექმნა ტრანსპორტში ელექტრობის გამოყენებას ბევრად გაამარტივებს. მგზავრობისას ასე მეტი მანძილი დაიფარება და დასამუხტად ხშირ-ხშირად გაჩერებაც აღარ იქნება საჭირო. შესაბამისად, ენერგიის ამოწურვაზე ღელვა სრულებით აღარ მოგვიწევს.
მკვლევართა ნაშრომი ჟურნალ Joule-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები