მოკლედ: დღეს, 8 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს. მინისტრობის კანდიდატების მოსმენა ორშაბათს, 5 თებერვალს დაიწყო. დღეს კი დეპუტატების კითხვებს პრემიერ-მინისტრობის სამთავრობო კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა. კითხვა-პასუხამდე კობახიძემ სამთავრობო გეგმაზე ისაუბრა.

რა იყო მნიშვნელოვანი:

  • მთავრობის მიზანი 2025-2028 წლებში: "0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე — ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო", — თქვა პრემიერობის კანდიდატმა. აღნიშნა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს 20% ოკუპირებულია და ქვეყანაში მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს.

"ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ", — თქვა კობახიძემ და განაცხადა, რომ მთავრობის სრული ძალისხმევა სწორედ ამ მიზნისკენ იქნება მიმართული.

  • სამთავრობო პროგრამა — ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის: კობახიძის თქმით, პროგრამა, რომელიც 2 თებერვალს განიხილეს, ეფუძნება ქართული ოცნების 2020 წლის საარჩევნო პროგრამას და ის 2020 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიწერა, როდესაც საარჩევნო შტაბის უფროსი იყო.

კობახიძემ, ასევე, თქვა, რომ ახლად წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა მხოლოდ 10-თვიან პერიოდს მოიცავს და არსებითად, საარჩევნო პროგრამითა და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ბოლომდე მიყვანას ითვალისწინებს და ეს ბიუჯეტშიც გაწერილია. სამომავლოდ კი დაიწყებენ მუშაობას ქართული ოცნების ახალ საარჩევნო პროგრამაზე, რომელიც "2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამას დაედება საფუძვლად".

  • ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა: კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, და ამასთან, ტრადიციულად დაადანაშაულა ოპოზიცია და "მათი უცხოელი მეგობრები", რომ თითქოს, ისინი ომის გზით განიხილავენ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას: "მინდა შეგახსენოთ, ამგვარი სცენარის პირობებში, მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც, რაც გამოუსწორებელი დანაშაული იქნებოდა ისტორიისა და მომავალი თაობების წინაშე", — თქვა მან.

კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება "არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისკენ" და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვისკენ.

  • კობახიძე "ივანიშვილის დამსახურებებზე": ისაუბრა იმაზეც, რომ ქართული ოცნება ერთადერთი პარტიაა, რომლის მმართველობის პერიოდში ქვეყანას ომი არ ჰქონია, რაც, ივანიშვილის "პოლიტიკური ქველმოქმედების" შედეგია.

ასევე, თქვა, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველომ ორი გლობალური და ეკონომიკური კრიზისი გამოიარა და ამის მიუხედავად, ეკონომიკა 27 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე, ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტი [*სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი] რვანახევარი მილიარდი ლარიდან 28,7 მლრდ ლარამდე გაიზარდა და ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელმაც "ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სწორ რელსებზე დააყენა".

ასევე, ივანიშვილის საქებრად აღნიშნა, რომ მან დაასრულა საქართველოში 2012 წლამდე არსებული რეჟიმი.

რედაქციისგან: ევროპისკენ სვლა ირაკლი კობახიძის პირობებში? — რას ველოდოთ


  • რა თქვა სააკაშვილზე: ირაკლი კობახიძემ ანა ბუჩუკურის კითხვაზე, რატომ არის მიხეილ სააკაშვილი "პრივილეგირებულ მდგომარეობაში", თქვა, რომ ეს ფაქტი "ნამდვილად არასწორი მოვლენაა" და ბუჩუკურს ურჩია, მოიკითხოს, ვისგან და რატომ არის ექსპრეზიდენტის საქმის მოსამართლე "პრივილეგირებული", რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში: "არ შეიძლება სასამართლო იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური სიტყვის თქმის პლატფორმა", — თქვა კობახიძემ.

იქვე აღნიშნა, რომ "ვინაიდან ჯერ დეპუტატია", ამ თემაზე მეტ კომენტარს არ გააკეთებს: "აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტად გამიჭირდება ასეთი კომენტარების გაკეთება".

  • რა თქვა კორუფციაზე: ისაუბრა იმაზე, რომ კორუფციით არასდროს, არცერთი თეთრი არ უშოვია და მომავალშიც ასე აპირებს: "შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი და მივუდგე ლოიალურად", — თქვა და აღნიშნა, რომ კორუფციაზე მსგავსი მიდგომა აქვს ბიძინა ივანიშვილსაც.

სტრიქონებს შორის: საგულისხმოა, რომ პოლიტიკაში მესამედ მოსვლის ერთ-ერთ მიზეზად ივანიშვილმა სწორედ სამთავრობო გუნდში არსებული კორუფციის მაღალი რისკები დაასახელა, როდესაც 2023 წლის 30 დეკემბერს, მისივე დაფუძნებული პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს: "ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე", — განაცხადა ივანიშვილმა.

  • სოციალური პაკეტები: კობახიძის თქმით, 2023 წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობას აღემატება, რაც, მისი თქმით, პირველი შემთხვევაა საქართველოში და სახელმწიფოს მოქალაქეების ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებაზე მიანიშნებს.

აღნიშნა, რომ მაგალითად, დევნილებს, 45-ლარიანი დახმარება აქვთ, თუმცა, "დევნილები სარგებლობენ სხვადასხვა პაკეტებით, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და რეკომენდაციაა". კობახიძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია, დახმარება არა სტატუსზე, არამედ კონკრეტულ საჭიროებებზე იყოს მიბმული: "ასე უნდა გაგრძელდეს, მთავარია, ვისაც სათანადო საჭიროება აქვს, ყველა შესაბამისი სახსრებით იყოს უზრუნველყოფილი", — თქვა მან.

  • 2024 წლის არჩევნები: პრემიერობის სახელისუფლებო კანდიდატი ამბობს, რომ ეუთო/ოდირში უახლოეს დღეებში გაიგზანება მოწვევა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გამოგზავნის თაობაზე და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არჩევნების პროცესში ყველა დემოკრატიული პრინციპი თუ სტანდარტი დაცული იყოს.
  • აგვისტოს ომზე: კობახიძე, ტრადიციულად, 2008 წლის აგვისტოს ომს სააკაშვილის ხელისუფლებას აბრალებს და აფასებს, როგორც ღალატს: "შემიძლია ჩამოვთვალო ის ყველაფერი, რაც წინ უძღოდა 2008 წლის ღალატს. ეს იყო, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდგენა, ეს იყო კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის სახელის მიკუთვნება, ეს იყო ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნების ჩატარება, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე — რა შეიძლება დავარქვათ ამას, თუ არა ღალატი?!", — თქვა კობახიძემ.
  • ოპოზიციური პარტიებზე: კობახიძემ ისევ "რადიკალურად" მოიხსენია ოპოზიცია. მისი თქმით, ვიღაც ფიქრობს, რომ პოლიტიკური ქულები ნაკლები ან მეტი "რადიკალიზმით" შეიძლება მოემატოს: "შეიძლება მგელი ცხვრის ტყავში გაეხვეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამით მისი ბუნება არ შეიცვლება! — მთავარია საზოგადოება იყოს ფხიზლად", — თქვა კობახიძემ. ასევე, ისაუბრა იმაზეც, რომ "რადიკალური ოპოზიცია" და "ქვეყნის მტერი" სინონიმები არ არის, მაგრამ "მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიძლება მტრობდეს ქვეყანას", — თქვა მან. კობახიძემ ქვეყნის მტრობის მაგალითად მოიყვანა პარტია ლელო, რადგან ისინი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ: "ლელო დღესაც ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რითაც საქართველო ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, მაგრამ გაანადგურებს საკუთარ ეკონომიკას. ეს არ არის მტრობა?" ლელოს დაპირება კი, 1000-ლარიანი პენსიების თაობაზე, ქართული ეკონომიკის დანგრევად შეაფასა.
  • დეზინფორმაციასთან ბრძოლა: კობახიძის თქმით დეზინფორმაციიასთან ბრძოლის სფეროში ბრიტანული ან გერმანული კანონები რომ "დავაკოპიროთ", სადაც გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, ამ კანონებს მყისიერად რუსული კანონი დაერქმევა. ასევე აღნიშნა, რომ ის, რაზეც რადიკალური ოპოზიცია დგას, "არის გაუმჭვირვალობა, სიცრუე და დეზინფორმაცია".

სტრიქონებს შორის: ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა ევროკომისიისგან საქართველოსთვის გაცემული 9 დათქმიდან პირველივე პირობაა.

  • დასაქმება: "ციფრები თქვენ არ მოგწონთ, ანალიტიკა თქვენ არ მოგწონთ, თხრობითი ფორმით ნათქვამი თქვენ არ მოგწონთ, არ ვიცი, როგორ მოგაწოდოთ დასაქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, შემიძლია დავხატო და ისე გაჩვენოთ მონაცემები", — თქვა კობახიძემ დასაქმების საკითხზე.

მისი თქმით, ეკონომიკის ზრდა არის დასაქმების გარანტია: "ტენდენცია გვაქვს კარგი, ორნიშნა, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი არის კარგი, თუმცა, გვინდა იმაზე მეტი, ვიდრე თუნდაც, რასაც სავალუტო ფონდი გვპირდება. ამისთვის, უკვე არის მიმდინარე პროექტები და შემდეგი 4 წლისთვის იქნება კიდევ უფრო მასშტაბური ახალი ინიციატივები წარმოდგენილი", — აღნიშნა მან.

  • მიგრაცია: კობახიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, "როდესაც ქვეყანა 200 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა", მიგრაციის ნეგატიური სალდო იყო, ხოლო 2014 წლის შემდეგ — მიგრაციის პოზიტიური სალდოა: "ეს რატომ მოხდა, იცით? 2012 წლამდე ეკონომიკა მაქსიმუმ იყო 27 მილიარდი ლარი და ჩვენს პერიოდში არის 80 მილიარდი ლარი. თან, ეს ხდება ვიზალიბერალიზაციის პირობებში, რამაც კიდევ უფრო გაადვილა ქვეყნიდან გასვლა". მისივე შეფასებით, 2012 წლამდე ეკონომიკა მიზერული იყო და ამიტომ მიდიოდნენ ქვეყნიდან.

"დღესაც გვაქვს პრობლემა, იმიტომ, რომ 80 მილიონი ლარიც არის ცოტა. როდესაც ჩვენი ეკონომიკა გახდება 200-300 მილიარდი ლარი, მიგრაცია შეიძლება არა თუ შენელდეს, პირიქით, შეიძლება, სხვებიც ჩამოვიდნენ საქართველოში", — თქვა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვები კობახიძეს:

  • გიორგი ვაშაძე: სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა კობახიძეს სამჯერ გაუმეორა კითხვა — "დღეს მთავარი შეკითხვაა, როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას?". ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ჰკითხა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერად ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაასახელა, რომელმაც, ვაშაძის შეფასებით, "კობახიძის გუნდთან და ივანიშვილთან ერთად, მოიტანა უმუშევრობა, ემიგრაციაში ადამიანების წასვლა და უკიდურესი სიღარიბე".
  • თეონა აქუბარდია: დამოუკიდებელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ კობახიძემ "ოკუპაციის განულებას" ოცნება უწოდა და არა მთავარი ეროვნული ინტერესი. აქუბარდიამ კობახიძეს ჰკითხა, რა რეალური გეგმები აქვს ქვეყნის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, იმის ფონზე, როდესაც "თამაზ გინტურის ოჯახი ელოდება მკვლელების ვინაობის გასაჯაროებას და მათ დასჯას, ისე, როგორც ეს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მთავრობის დადგენილების სიით არის შესაძლებელი".

გაიგე მეტი: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

  • ანა ბუჩუკური: პარტია საქართველოსთვის წევრმა კობახიძეს ორი კითხვით მიმარტა. პირველი — კონკრეტულად, რა პიროვნული თვისებების გამო მოხდა მისი პრემიერ-მინისტრად შერჩევა და მეორე — რატომ აძლევენ მიხეილ სააკაშვილს პარტიული საქმიანობის უფლებას. ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა "ქვეყნისთვის საშიშია", გარდა ამისა, მისი თქმით, კობახიძეს არანაირი კავშირი არ აქვს "2012 წლის ბრძოლასთან, გამარჯვებასთან, ქართული ოცნების მაშინდელ ღირებულებებთან".
  • ბუჩუკურმა კობახიძეს უთხრა, რომ ის ცილს სწამებდა ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას, რომ თითქოს, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი იყო. მას შემდეგ კი, რაც მათმა გუნდმა გენერალურ პროკურორს ცრუ დასმენის თაობაზე მიმართა, კობახიძემ მედიასთან თქვა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრალდება იყო: "ანუ, ფაქტობრივად, აღიარეთ, რომ თვეების განმავლობაში ატყუებდით ხალხს და ჭორაობდით. ერთი შეხედვით, რაც არ უნდა ღიმილისმომგვრელი იყოს, ბატონო ირაკლი, დღეს, თქვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხართ და თქვენი თანამდებობაზე დასმა, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის საშიშია", — უთხრა ანა ბუჩუკურმა კობახიძეს.
  • ხატია დეკანოიძე: ოპოზიციონერმა დეპუტატმა სტიქიისა და ადრეული მონიტორინგის სისტემის საჭიროებაზე ისაუბრა და კობახიძეს ჰკითხა, თუ ახლა ნერგავს ხელისუფლება ამ სისტემას, რას აკეთებდნენ უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში.
  • დეკანოიძემ კობახიძეს შეახსენა გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია სოფელ ნერგეეთში, სადაც გუშინ მეწყერმა 9 ადამიანი იმსხვერპლა.
  • ანა ნაცვლიშვილი: "თქვენ მხარი დაუჭირეთ რუსულ კანონს, ხვალ რომ პარლამენტში იმავე შინაარსის კანონი დაინიციირდეს, დაუჭერთ მხარს, თუ აღარ დაუჭერთ და შეცვლით პოზიციას?", — ჰკითხა ლელოს დეპუტატმა კობახიძეს.
  • ასევე, ნაცვლიშვილი დაინტერესდა, როგორ აპირებს კობახიძე დეოლიგარქიზაციას, როდესაც პრემიერობის კანდიდატს, არამხოლოდ არაფორმალურად, არამედ ფორმალურად ასახელებს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი], რომელსაც ევროპის პარლამენტი რუს ოლიგარქს უწოდებს.
  • ვახტანგ მეგრელიშვილი: გირჩის ერთ-ერთი ლიდერის კითხვა იმის შესახებ იყო, აპირებს თუ არა კობახიძე საარჩევნო ბარიერის დაწევას, "რაღაცნაირი, დეპოლარიზაციის აურის გათვალისწინებით".
  • დავით ხაჯიშვილი: საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა კობახიძეს მიმართა, შექმნას კანონპროექტი, რომელიც ემიგრანტებს საშუალებას მისცემს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში: "ჩვენი დიასპორის, ემიგრანტების ფული გინდათ ქვეყნის ეკონომიკაში, ხოლო მათი არჩევნებში მონაწილეობა — არა! ეს ხალხი აქედან გაექცა უმუშევრობას, უპერსპექტივობას და სიღარიბეს", — თქვა ხაჯიშვილმა.
  • თინა ბოკუჩავა: ენმ-ის თავმჯდომარემ კობახიძეს შეახსენა, რომ 7 თებერვალს, ოპოზიციასთან შეხვედრის დროს, მან ეკონომიკის ფუნდამენტური პროგრესი ახსენა, რომელიც უნდა შენარჩუნდეს. ბოკუჩავას თქმით, გაეროს ეროვნული კვლევის მიხედვით, 2024-2027 წლებში სიღარიბე საშუალოდ, წლიურად მხოლოდ 0.7%-ით შემცირდება.
  • ანა წითელაძე: "როდის დაიწყება უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში?", — ჰკითხა საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა კობახიძეს. მისი თქმით, კობახიძე გახდება იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სადაც "ყოველ მეხუთე ბავშვს არ აქვს სახატავი საშუალებები, ყოველ მეექვსეს არ აქვს სასურველი წიგნი, სადაც საჯარო სკოლებში 35% ბავშვების შიმშილობს".
  • ასევე, წითელაძის კითხვა იყო, როდის დაიწყება ქვეყანაში რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი.

როგორი იქნება მთავრობის განახლებული შემადგენლობა:

  • ირაკლი კობახიძე — საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ირაკლი ღარაბაშვილი ჩაანაცვლა;
  • ირაკლი ჩიქოვანი — საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი, რომელმაც ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაანაცვლა.
  • გიორგი ამილახვარი — საქართველოს განათლების, მეცნიერებია და ახალგაზრდობის მინისტრი.
  • ოთარ შამუგია — გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  • ლევან დავითაშვილი — ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
  • რატი ბრეგაძე — საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
  • თეა წულუკიანი — საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი;
  • ზურაბ აზარაშვილი — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
  • ირაკლი ქარსელაძე — საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
  • ილია დარჩიაშვილი — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
  • ლაშა ხუციშვილი — საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
  • ვახტანგ გომელაური — საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
  • თეა ახვლედიანი — შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

რა ხდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს პრემიერ-მინისტრს, მის მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტის კანდიდატებს:

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში — მინისტრებს.

  • თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

მსგავსი: კონსტიტუციით, რას გულისხმობს ზურაბიშვილის პროცედურული როლი კობახიძის პრემიერად დასანიშნად