ასტეროიდ რიუგუს ნიმუშში ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს
მკვლევრებმა ასტეროიდ რიუგუს ნიმუშების შესწავლისას ორგანული მატერია აღმოაჩინეს. ამ ასტეროიდს 2018 წელს იაპონური კოსმოსური ხომალდი Hayabusa 2 ეწვია.
მისიის ფარგლებში ნიმუშები დედამიწაზე 2020 ჩამოიტანეს. ამან მეცნიერებს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება მისცეს. ახლა ბევრი მკვლევარი თვლის, რომ შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ ასტეროიდებიდან მომხვდარიყო.
და აი ახლა, ნიმუშების შემსწავლელმა მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ნიმუშის ზედაპირი შეიცავს ორგანულ მოლეკულებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ხსენებულ თეორიას.
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ნახშირბადოვანი მასალები კომეტის ორგანული ნივთიერებების აორთქლების გზით წარმოიქმნა. ეს მასალა კი აქ მზის სისტემის გარედან უნდა მომხვდარიყო. ეს ორგანული ნივთიერება შეიძლება იყოს სიცოცხლის გადამტანი თესლი, რომელიც ოდესღაც კოსმოსიდან დედამიწაზე მოხვდა", — თქვა ტოჰოკუს უნივერსიტეტის მეცნიერებათა სკოლის ასისტენტმა პროფესორმა და თანაავტორმა მეგუმი მაცუმოტომ.
როგორც დეტალურადაა აღწერილი ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში, მაცუმოტოს გუნდმა რიუგუს ნიმუშებში აღმოაჩინეს 20 მიკრომეტრის სიგანის "დნობის ნაპერწკლები". მათი აზრით, ეს წარმოიქმნა მაშინ, როდესაც კომეტის მტვერი ატმოსფეროში მოხვდა. სწორედ აქ აღმოაჩინეს "ნახშირბადოვანი მასალები", რომლებიც "პრიმიტიულ ორგანულ ნივთიერებებს" წააგავს.
ეს აღმოჩენა თანხვედრაში მოდის NASA-ს ერთ-ერთ ბოლო კვლევასთან, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები ასტეროიდ ბენუს ნიმუშებს სწავლობენ.
ასევე: NASA-მ ასტეროიდიდან ჩამოტანილი ნიმუშებით სავსე სათავსო გახსნა
NASA: ასტეროიდ ბენუს ნიმუში სიცოცხლის ძირითად საშენ მასალას შეიცავს
კვლევები კიდევ გრძელდება და ჯერ დაზუსტებით მაინც ვერ ვიტყვით, რომ სიცოცხლე დედამიწაზე კოსმოსიდან ორგანული ნივთიერებების წყალობით გაჩნდა. თუმცა, ბოლო შედეგები ამაზე მიანიშნებს.
კომენტარები