ნახეთ: ვების ტელესკოპმა სპირალური გალაქტიკების დეტალური სტრუქტურა გადაიღო
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა 19 გალაქტიკის გასაოცარი სურათები გადაიღო, რომლებზეც მათი სპირალური სტრუქტურა დეტალურად ჩანს. გამოსახულებებზე გალაქტიკური შვერილები და ვარსკვლავები ინფრაწითელ სპექტრში ანთებს ისევე, როგორც ამ უზარმაზარი სისტემების ბირთვები, რომლებშიც ზემასიური შავი ხვრელებია განლაგებული.
ეს შთამბეჭდავი კადრები მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ PHANGS-ის სახელით ცნობილი პროგრამის ფარგლებში მოიპოვა. მისი მიზანი იმის გარკვევაა, თუ როგორ ზემოქმედებს ვარსკვლავებისა და აირის ფორმირება გალაქტიკების სტრუქტურასა და ევოლუციაზე.
"ვების ახალი სურათები არაჩვეულებრივია. ისინი გასაოცარია იმ მეცნიერებისთვისაც კი, რომლებიც ამ გალაქტიკებს რამდენიმე დეკადაა, იკვლევენ", — აცხადებს კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტში მომუშავე ჯენის ლი.
ვები ახლო და შუა ინფრაწითელი სპექტრის მიმართ მგრძნობიარეა, რაც ნიშნავს, რომ ამ დიაპაზონში სხვადასხვა დეტალს მაღალი გარჩევადობით ავლენს. ის ისეთ არეალებს აფიქსირებს, რომლებიც, მაგალითად, ჰაბლისთვის ძნელად აღსაბეჭდია, რადგან ის ძირითადად ხილულ სინათლეზეა კონცენტრირებული.
ამ სურათებში წითლად აირი და მტვერი მოჩანს, რომლებიც ინფრაწითელ ტალღებს გამოყოფს. ზოგიერთი გალაქტიკის ცენტში ელვარე დიფრაქციული შვერილებია, რაც ძლიერი სინათლითაა გამოწვეული. ეს იქ ან აქტიური ზემასიური შავი ხვრელის არსებობაზე მიუთითებს, ან ვარსკვლავთა ძალიან მაღალ კონცენტრაციაზე.
როგორც წესი, გალაქტიკების ბირთვის მიმდებარედ არსებული ვარსკვლავები უფრო ხნიერია, ვიდრე სპირალებში განლაგებული მსგავსი ობიექტები. ფაქტობრივად, ცენტრიდან დაშორების პარალელურად მათი ასაკი მცირდება.
ახალგაზრდა მნათობები მოლურჯოდ მოჩანს და მათ მახლობლად მტვერ-აირის გაფანტული ღრუბლები შეიმჩნევა. მათზე მცირე ასაკის ვარსკვლავები მონარინჯისფროა, მტვერშია გახვეული და ჯერ კიდევ მატერიის მიერთების პროცესშია. ისინი მასიურობითაც გამოირჩევა.
საინტერესოა ვებისა და ჰაბლის მიერ გადაღებული ერთი და იმავე ობიექტების შედარება. თითოეული მათგანი სხვადასხვა სპექტრის სინათლეს აფიქსირებს, ამიტომ განსხვავდება ის დეტალები, რომლებიც მათ მიერ აღბეჭდილ კადრებზეა.
ამის მაგალითია გალაქტიკა NGC 628, რომელსაც ქვემოთ ხედავთ. ის უკვე ხნიერი ვარსკვლავებითაა სავსე, რომლებიც ვების მიერ დაფიქსირებადი სინათლის ერთ-ერთ ყველაზე მოკლე ტალღებს გამოყოფს. ისინი მოლურჯოდაა წარმოდგენილი. ჰაბლის სურათში იგივე რეგიონი უფრო მოყვითალოა.
ჯენის ლი ამბობს, რომ ეს სპირალური გალაქტიკები ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომის მსგავსია, ანუ ყველა მათგანს შვერილები აქვს, რომლებიც სივრცეში ტალღის მსგავსად გადაადგილდება. ისინი იქ ვარსკვლავთა ფორმირებასა და ევოლუციაზე, ასევე აირისა და მტვრის გადანაწილებაზე, მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.
ამ მხრივ ვების ტელესკოპი ღირებულ მონაცემებს გვაწვდის, რომელთა ბოლომდე გაანალიზებასაც მრავალი წელი დასჭირდება.
კომენტარები