როგორი იყო მსოფლიოში ერთადერთი ცივსისხლიანი ძუძუმწოვარი, რომელიც ნიანგის მსგავსად ბერდებოდა
ცხოველი შეიძლეა იყოს ცივსისხლიანი ან თბილსისხლიანი. მაგალითად, მაშინ, როცა ქვეწარმავლები (ცივსისხლიანები) მზეზე გათბობით საკმარის ენერგიას იღებენ, ძუძუმწოვრებს ეს არ შეუძლიათ. ძუძუმწოვარი თბილსისხლიანია და ის ენერგიის მისაღებად რეგულარულად უნდა იკვებოს. ეს მუდმივი შიდა ტემპერატურის შესანარჩუნებლადაა საჭირო.
თუმცა, ერთი ძუძუმწოვარი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის რესურსებით ღარიბ კუნძულზე იყო "გამომწყდეული", ცივსისხლიანად იქცა. ეს არსება ნამდვილად გამონაკლისი იყო. აქამდე მეცნიერებს ცივსისხლიანი ძუძუმწოვარი დაფიქსირებული არ ჰყავდათ.
საუბარი გვაქვს დიდი ხნის გადაშენებულ თხის სახეობა, Myotragus balearicus-ზე. ოდესღაც ის ბალეარის კუნძულების მატერიკზე ცხოვრობდა. კუნძულზე მომხდარი ცვლილებების გამო სახეობას ადაპტაცია დასჭირდა.
მხოლოდ 45-სანტიმეტრის სიმაღლის მქონე ამ ცხოველებმა მორფოლოგიური ცვლილებები განიცადეს. შედეგადად სახეობას კიდურები დაუპატარავდა, შეუმცირდა ტვინის ზომა და გრძნობის ორგანოები. ამით ის ფაქტობრივად ჯუჯა სახეობად იქცა. ეს თხა პირველი ცხოველია, რომელსაც ძვლოვანი სტრუქტურა ისეთივე ჰქონდა, როგორიც ქვეწარმავლებს.
ქვეწარმავლები ძალიან ნელა იზრდებიან და აქვთ უნარი გააკონტროლონ ან თუნდაც მთლიანად შეწყვიტონ ზრდა რესურსებზე ხელმიუწვდომელობის შემთხვევაში. ზრდის ტემპის ეს პერიოდული შენელება ორგანიზმის ძვლებში დამახასიათებელ ნიშნებს ტოვებს.
გადაშენებული თხის ძვლის ჰისტოლოგიის შესწავლით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს იგივე ლამელარული ზონის ქსოვილები, რომლებიც ადრე მხოლოდ ექტოთერმულ ქვეწარმავლებში იყო ნაპოვნი. ჯგუფმა თხის ძვლები ნიანგების ძვლებს შეადარა და აღმოაჩინა გასაოცარი მსგავსება. ამ სახეობებს ზრდის ტემპი ფაქტიურად იგივე ჰქონდათ.
აღმოჩნდა, რომ თხის ეს სახეობა სიმწიფეს საკმაოდ გვიან აღწევდა. ეს პროცესი დაახლოებით 12 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის საპირისპიროდ, ზოგადად, თხის ტიპური სახეობა სქესობრივად მომწიფებული 9 თვის ასაკშია.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ თხებს ძალიან ნელი ცხოვრების სტილი ექნებოდათ. იმის მაგივრად, რომ ერბინათ და ეხტუნავათ ისინი დროს ძირითადად მზეზე ყოფნაში გაატარებდნენ.
თუმცა, მხოლოდ ძვლებზე დაკვირვება ბევრ წინააღმდეგობას აჩენს. ცივსისხლიან სახეობებში ძვლები, როგორც წესი, ნელა მზარდი ლამელარული ძვლისგან ვითარდება. თუმცა, სწრაფად მზარდი ფიბროლამელარული ძვლები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება თბილსისხლიან სახეობებში, ასევე ნაპოვნია დინოზავრების სახეობებში და ფრინველებში. მკვლევრები ითვალისწინებენ, რომ შეიძლება არსებობდეს მესამე შუალედური მდგომარეობა, სრულად თბილსისხლიანსა და სრულად ცივსისხლიანს შორის.
ამიტომ, ხსენებული თხის სახეობა შესანიშნავი სასწავლო მოდელია. კუნძულზე, რომელზეც ის ცხოვრობდა, არ იყვნენ დიდი მტაცებლები. შესაბამისად, რესურსებით ღარიბ კუნძულზე მას ქვეწარმავლების მსგავსი თვისებები განუვითარდა. ამ ცვლილებით სახეობამ ძალიან დიდხანს გაძლო და ის 5,2 მილიონი წლის განმავლობაში არ გადაშენდა.
თუმცა, მტაცებლების არ არსებობის გამო თხის ამ სახეობამ "ყურადღება მოადუნა" და როდესაც კუნძულზე ადამიანები გამოჩდნენ ის უბრალოდ დაუცველი აღმოჩნდა. შესაბამისად, კუნძულზე ადამიანების გამოჩენის შემდეგ ის მალევე გადაშენდა.
კომენტარები