რაც უფრო ღრმად ჩადიხართ ოკეანეში, მზის შუქი სულ უფრო მცირდება და წნევა იზრდება. მაგალითად, 2 000 მეტრის სიღრმეში მზის შუქი თითქმის საერთოდ ვეღარ აღწევს, მაგრამ აქ უცნაური არსებები ბინადრობენ, არსებები, რომლებიც თავად ანათებენ.

ერთ-ერთი ასეთი, ძალიან საინტერესო არსება აღმოაჩინეს მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ. საუბარია სახეობაზე, რომელიც შიშველლაყუჩა მოლუსკებს მიეკუთვნება.

ეს არის Bathydevius caudactylus, მისი ტიპის პირველი ცნობილი შიშველლაყუჩა მოლუსკი, რომელიც წყნარი ოკეანის ზედაპირიდან 2 200 მეტრის სიღრმეზე ცხოვრობს.

ფოტო: MBARI

"შიშველლაყუჩა მოლუსკების უმეტესობა ცხოვრობს ფსკერზე არაღრმა წყლებში, ამიტომ ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც Bathydevius caudactylus ასე ღრმად აღმოვაჩინეთ", — განაცხადა საზღვაო მეცნიერმა, ბრიუს რობისონმა.

ეს არსებები კაშკაშა ფერითა და სპეციფიკური გარეგნობით გამოირჩევიან.

"როდესაც პირველად გადავიღეთ, როგორ ანათებდა ეს არსება, გაოცებისგან ყველამ ერთდროულად შევძახეთ. ჩვენ ყველა მოხიბლულები ვიყავით ამ სანახაობით", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

ამ არსების სხეული გამჭვირვალეა, ჩანს მისი ვარდისფერი ორგანოები. როდესაც მას მკვლევრების დანადგარი მიუახლოვდა, არსებამ საფრთხე იგრძნო და ბიოლუმინესცენტური ბზინვით განათდა.

ეს ქცევა თავდაცვითი ჩანს. სამყაროში, სადაც სრული სიბნელეა, უეცარი ნათება მტაცებლისთვის დამაბნეველი შეიძლება იყოს.

ფოტო: Robison & Haddock

"ამ აღმოჩენის ყველაზე საინტერესო ასპექტი არის ის, რომ ჩვენ შევისწავლეთ არსების ანატომია, სუნთქვა, ბიოლუმინესცენცია, რეპროდუქცია, კვება, გენეტიკა და ქცევა", — თქვა რობისონმა.

კვლევა ჟურნალ Deep-Sea Research Part I-ში გამოქვეყნდა.