ეჭვგარეშეა, რომ ვარჯიში დადებით გავლენას ახდენს სხეულზე. რეგულარული ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ აძლიერებს კუნთებს, არამედ დადებითად მოქმედებს ჩვენს ძვლებზე, სისხლძარღვებსა და იმუნურ სისტემაზე.

და, აი, ახლა MIT-ის ინჟინრებმა დაადგინეს, რომ ვარჯიშს ასევე შეიძლება ჰქონდეს სარგებელი ცალკეული ნეირონების დონეზე. მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ვარჯიშის დროს კუნთების შეკუმშვა ათავისუფლებს ბიოქიმიურ სიგნალებს, რომლებსაც მიოზინები ეწოდება.

კუნთების მიერ გენერირებული ამ სიგნალების არსებობისას ნეირონები ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა. შესაბამისად, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ვარჯიშს შეუძლია მნიშვნელოვანი ბიოქიმიური გავლენა იქონიოს ნერვულ სისტემებსა და ნეირონებზე.

მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ნეირონები რეაგირებენ არა მხოლოდ ვარჯიშის ბიოქიმიურ სიგნალებზე, არამედ მის ფიზიკურ ზემოქმედებაზეც. ჯგუფმა დააფიქსირა, რომ ნეირონები იზრდება კუნთების ხელოვნურად სტიმულირების შემთხვევაშიც.

მიუხედავად იმისა, რომ წინა კვლევებმა აჩვენა პოტენციური ბიოქიმიური კავშირი კუნთების აქტივობასა და ნეირონის ზრდას შორის, ეს კვლევა პირველია, რომელიც ადასტურებს, რომ ფიზიკური ეფექტები შეიძლება იყოს ისეთივე მნიშვნელოვანი.

კვლევა, რომელიც ჟურნალ Advanced Healthcare Materials-ში გამოქვეყნდა, ნათელს ჰფენს კუნთებსა და ნერვებს შორის კავშირს ვარჯიშის დროს.

"ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ეს კუნთ-ნერვის კავშირი არსებობს, ის შეიძლება სასარგებლო იყოს ისეთი მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა ნერვის დაზიანება, სადაც წყდება კომუნიკაცია ნერვსა და კუნთს შორის. მომავალში კუნთის შესაბამისი სტიმულირებით შეგვეძლება ნერვის შეხორცება და მობილურობის აღდგენა", — ამბობს რიტუ რამანი, MIT-ის მექანიკური ინჟინერიის პროფესორი.

ახლა მკვლევრები გეგმავენ შეისწავლონ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს კუნთების მიზანმიმართული სტიმულაციის სახით. ასეთი სტიმულაციით ისინი დაზიანებული ნერვების აღდგენასა და განკურნებას შეძლებენ.

მკვლევრები ამბობენ, რომ ვარჯიში ერთგვარი მკურნალობის მეთოდია, რომლის ბოლომდე გამოყენება ჯერ კიდევ არ ვიცით. ისინი მომავალში ამ ცოდნის განმტკიცებას გეგმავენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.