გამოცემა Biology Letters-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ძაღლებში დიდი ტვინი ყოველთვის სიჭკვიანის პროპორციული არაა. მართალია, ეს ბევრ ძუძუმწოვარში ასეა, მაგრამ სხვადასხვა სამუშაოსთვის გაწვრთნილ ძაღლებში რთული კოგნიტიური უნარები შედარებით კომპაქტურ ნეირონებში ყალიბდება.

მეცნიერებმა ბერნის საბუნებისმეტყველო მუზეუმში არსებული 172 ჯიშის წარმომადგენელი 1 682 ძაღლის თავის ქალა შეისწავლეს, რათა სხეულისა და ტვინის ზომის თანაფარდობა შეედარებინათ. გააანალიზეს მათთვის დამახასიათებელი 14 მთავარი ქცევითი მახასიათებელიც. აღმოჩნდა, რომ "მუშა" ძაღლებს, როგორებიც ციმბირული ჰასკები არიან, სხეულთან შედარებით პატარა ტვინები აქვთ, ხოლო კომპანიონ ჯიშებს, მაგალითად, ჩიხუახუებს, უფრო დიდი.

გამოდის, რომ ჰასკებისა და როტვეილერების მსგავს ჯიშებში, რომელთა გაწვრთნაც უფრო მარტივია, ტვინის ზომა უფრო მცირეა. ამის მიუხედავად, ისინი რთულ დავალებებს ასრულებენ, რისთვისაც განვითარებული კოგნიტიური უნარებია საჭირო. მათში განსხვავებულია ტვინის შიდა ქსოვილებიც, ასევე ქცევის კონტროლი და ხანმოკლე მეხსიერება.

ფოტო: Getty

სპეციალისტები ამბობენ, რომ ცხოველებში, ზოგადად, დიდი ტვინი გადარჩენის მეტ შანსებთან, უკეთეს გადაწყვეტილებებთან და ინფორმაციის უკეთესად გადამუშავების შესაძლებლობასთან ასოცირდება. ძაღლების ჯიშებში განსხვავებული მოცემულობაა, რადგან ისინი ხელოვნური სელექციით მივიღეთ და არა ბუნებრივი ევოლუციის შედეგად.

დადგინდა, რომ ძალიან პატარა სხეულის (მაგრამ დიდი ტვინის) მქონე ჯიშები, როგორიცაა ჩიხუახუა, პომერანული შპიცი, იორკშირ ტერიერი და სხვა, შიშისა და აგრესიის მაღალი დონით ხასიათდებიან. ასევე, განმარტოებასთან დაკავშირებული უფრო ძლიერი შფოთვითი რეაქციები აქვთ და ყურადღებას მეტად არიან მოწყურებულები.

შედარებისთვის, "მუშა" ძაღლებში ზედმეტი შიში და აგრესია არახელსაყრელი იქნებოდა, რაც მათ გაწვრთნას გაართულებდა. შესაბამისად, მეცნიერები ამბობენ, რომ ხელოვნური სელექციით ადამიანებმა ძაღლების ტვინი საგრძნობლად შევცვალეთ.

მომდევნო ეტაპზე მკვლევრები აპირებენ, რომ სხვადასხვა ჯიშის ძაღლის ტვინის ფორმა და ფუნქციაც შეადარონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.