სახლი გამოსახლების შემდეგ — ფოტორეპორტაჟი
ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებიდან მეორე დღეს, კეკელიძის ქუჩაზე ფოტოების გადასაღებად მივედი. ჩემი ყურადღება მიიქცია ქალმა, რომელსაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის სამოსი ეცვა. ის ცდილობდა, წვიმისგან დასაცავად, ხატიაშვილების ავეჯის და პირადი ნივთებისთვის, რომელიც კორპუსის სადარბაზოსა და ქუჩაში ყრია, ცელოფანი გადაეფარებინა.
ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს კეკელიძის #1-ში მდებარე ბინიდან გამოასახლა.
გამოსახლების პროცესი ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რადგან აღსრულების პოლიციას სადარბაზოს და ხატიაშვილის ბინის კარები შედუღებული დახვდა.
მარინა ხატიაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ წინადადება ამ დრომდე არ მიუღია.
ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების შემდეგ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (SJC) განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოში გამოსახლების პრევენციის პოლიტიკა, პრაქტიკულად, არ არსებობს, ხოლო კანონმდებლობით, სახელმწიფო უწყებებისთვის გაწერილი არ არის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ვალდებულებები გამოსახლების თავიდან აცილებისა და გამოსახლებული ოჯახებისთვის ღირსეული ალტერნატიული საცხოვრისისა და მხარდამჭერი სერვისების შეთავაზების მიმართულებით.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ დამატებით პრობლემურია საქართველოში დამკვიდრებული გამოსახლების პრაქტიკა, როდესაც "აღმასრულებლები ფიზიკური ძალის გამოყენებით და ღირსების შემლახველი ფორმებით ახდენენ ოჯახების საცხოვრისიდან გამოყვანას და პირადი ნივთების ღია ცის ქვეშ გამოტანას", — წერს SJC.
On.ge-სთან საუბარში, მარინა ხატიაშვილმა გუშინ თქვა, რომ მის ბინაში აღსრულების პოლიციის შეჭრის შემდეგ, განადგურდა როგორც საოჯახო ნივთების ნაწილი, ასევე, საოჯახო ბიბლიოთეკა: "ქუჩაში ყრია ყველაფერი, ჩემი წინაპრების ნივთები, ჩემი ნივთები, რარიტეტული (*იშვიათი) ბიბლიოთეკაზე წიხლით არიან გადავლილები".
კომენტარები