დაფიქსირებულია ჩვენი გალაქტიკის მიღმა არეალიდან მომავალი მოულოდნელი სიგნალი
NASA-ს ასტრონომებმა გამა გამოსხივების ტელესკოპ Fermi-ს 13-წლიანი მონაცემების ანალიზისას ირმის ნახტომის გალაქტიკის მიღმა რეგიონიდან მომავალი უჩვეულო სიგნალი გამოავლინეს.
ეს მოწყობილობა მძლავრ გამა გამოსხივებაზეა კონცენტრირებული, რომელიც ჩვენი თვალის მიერ აღქმად მსგავს ნაკადებს ენერგიულობით საგრძნობლად აღემატება. მისი წყარო ხშირად ვარსკვლავების აფეთქებაა. ტელესკოპი სწორედ ასეთ უძველეს სიგნალს ეძებდა, რომელიც კოსმოსურ მიკროტალღურ ფონთან, ანუ სამყაროს უძველეს სინათლესთანაა, დაკავშირებული. ამ დროს მან ცის სხვა არეალში მოულოდნელად უფრო ძლიერი გამოსხივება დააფიქსირა.
საინტერესოა, რომ ამ ფონის ერთი ბოლო, რომელიც ლომის თანავარსკვლავედისკენაა მიმართული, 0.12%-ით უფრო ცხელი და მიკროტალღების სიუხვით გამორჩეულია, ვიდრე მეორე. ეს დიპოლური სტრუქტურა, სავარაუდოდ, ფონის მიმართ ჩვენი მზის სისტემის მოძრაობითაა განპირობებული.
რაც შეეხება სიგნალს, ის იმავე მიმართულებიდან მოდის, საიდანაც სხვა მსგავსი გამოსხივება. წყარო სამხრეთის ცაზეა განლაგებული, გამა გამოსხივების მაგნიტუდა კი მზის სისტემის მოძრაობიდან გამომდინარე მოსალოდნელ მაჩვენებელს 10-ჯერ აღემატება.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ის შესაძლოა, პიერ ოჟეს სახელობის ობსერვატორიიდან 2017 წელს დაფიქსირებულ სხვა სიგნალთან იყოს კავშირში. კერძოდ, არაა გამორიცხული, ამ ორ ფენომენს ერთი და იგივე წყარო ჰქონდეს, რადგან მათ შორის სტრუქტურული მსგავსებები შეინიშნება.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამის გარკვევას ახლო მომავალში შეძლებენ. ასევე, მათი აზრით, ეს ადრეულ სამყაროში მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესახებაც მოგვაწვდის ინფორმაციას.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები