მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გიყვარს ახალი წელი — პომპეზურად აღნიშნავ დღესასწაულებს თუ უბრალოდ მზის გარშემო მორიგი ბრუნის შესრულებად მიიჩნევ ამ ყველაფერს. გარშემომყოფების გადამდები განწყობა მაინც შეგიქმნის იმის განცდას, რომ რაღაც ახალს იწყებ. ახლის დასაწყებად კი გეგმის ჩამოწერა აუცილებელია.

სწორედ ამიტომ წერს ბევრი ჩვენგანი ახალი წლის გეგმებს: რას ვაპირებთ მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ჰო, რა თქმა უნდა, ხშირად ვარღვევთ ან ვუხვევთ ხოლმე ამ გეგმას, თანაც მეტისმეტად მალე, მაგრამ მთავარი მაინც შემართება და გამოკვეთილი მიზნებია. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ ჩამოგიწერია ამ წლის გეგმა, რამდენიმე საინტერესო და გამოსადეგ იდეას მოგაწოდებთ.

1. მეტი დროის დათმობა დასვენებისა და განტვირთვისთვის

"ჩუმი ეპიდემია" — სწორედ ასე უწოდეს ეგრეთ წოდებულ გადაწვას, რომლის სიმპტომებიც, 2023 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა 62 პროცენტს აღენიშნება. გადაწვა ემოციური და ფიზიკური გამოფიტვაა, რომლის გამოც ადამიანს ყოველდღიური, თუნდაც პატარა საქმეების შესრულება უძნელდება. ამ მდგომარეობის გამომწვევი ერთდროულადაა სტრესი და სამუშაოს დიდი მოცულობა.

გადაწვა ჯერ კიდევ 2020 წლამდე გახლდათ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, მაგრამ კოვიდპანდემიის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდა მის მიმართ დაუცველი. დისტანციურმა კომუნიკაციამ, ერთი მხრივ, ადამიანებში მარტოობის შეგრძნება გააჩინა (რომელსაც 2023-ში ასევე ეპიდემია უწოდეს), მეორე მხრივ კი გააბუნდოვანა ზღვარი პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 24/7 ხაზზე უნდა ვიყოო, ამბობს ბევრი ის ადამიანი, ვისაც გადაწვა აწუხებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალი წლის გეგმად, პირველ რიგში, მეტი დასვენება უნდა დაისახო. ბოლომდე გამოიყენე შვებულების დღეები, ისარგებლე "დეი-ოფებით" და უქმეებზე დრო მხოლოდ განტვირთვას დაუთმე. რაც მთავარია, ამ დროს მაქსიმალურად დისტანცირდი სამსახურისგან — როგორმე მოიცდის ის წაუკითხავი მეილი ორშაბათამდე.

2. დღიურის წარმოება

თუკი ხშირად გიჩნდება შეგრძნება, რომ საქმეებს ვერ აუდიხარ, უპრიანი იქნებოდა, "საქმიანი დღიური" გეწარმოებინა — ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად ჩამოგეწერა შესასრულებელი დავალებები. "რაღაც მავიწყდება" ფიქრებისგანაც დაისვენებდი და გეგმასაც უფრო მარტივად მიჰყვებოდი.

თუმცა, ამ პუნქტში საქმიანი კი არა, ჩვეულებრივი დღიურის წარმოებას გირჩევ. შეიძლება ჩანაწერი ყოველდღიურად არ გააკეთო და ყოველი მომდევნო ტექსტიც არ დაიწყო სიტყვებით "ძვირფასო დღიურო...". თუმცა, კარგი იქნებოდა, გონების განსატვირთად და ფიქრების თავმოსაყრელად, ზოგჯერ მაინც ჩაგეწერა რაღაცები. ქაღალდი ადამიანზე მომთმენიაო, წერდა ანა ფრანკი თავის დღიურში. მართლაც: მაშინ, როცა გარშემო თითქოს არავინ გეგულება ფიქრების გასაზიარებლად, შეგიძლია ბლოკნოტი და კალამი ამოიღო, ან სულაც ტელეფონის ჩანაწერების აპლიკაცია გახსნა და სიტყვებს გადმოდინების საშუალება მისცე. გარდა იმისა, რომ დღიურის წარმოება მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარება, ჩანაწერები შემოგინახავს მოგონებებსაც, რომელთაც წლის ბოლოს, ან სულაც წლების შემდეგ გადაავლებ თვალს.

3. სახლის მცენარეების მოვლა

ფოტო: Pablo Merchán Montes / Unsplash

იცი, კიდევ რა აუმჯობესებს მენტალურ მდგომარეობას? ბუნებასთან ურთიერთობა. ჰო, შეიძლება ბაღი არ გქონდეს, მაგრამ სახლის მცენარეების მოვლაში რა გიშლის ხელს?

სხვადასხვა კვლევა მოწმობს, რომ სახლის მცენარეების მოვლა აუმჯობესებს პროდუქტიულობას, კონცენტრაციის უნარს და აქვს თერაპიული ეფექტი. თანაც, ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს მენტალურ კეთილდღეობას, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობასაც; 2015 წლის კვლევის მიხედვით, გარდა იმისა, რომ მცენარეებზე ზრუნვა სტრესს და შფოთვას ამცირებს, სასიკეთოდ მოქმედებს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც. უფრო ძველი, 2002 წლის კვლევა კი მიუთითებს, რომ მცენარეებთან ურთიერთობა გამოჯანმრთელების პროცესსაც აჩქარებს.

ამ ყველაფერთან ერთად კი, ცნობილი და ასევე კვლევებით გამყარებული ფაქტია, რომ მცენარეები ჟანგბადის ხარისხს აუმჯობესებენ, მათ შორის, შიდა სივრცეშიც. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გაქვს ოთახის მცენარე, ამ წელს აღარ გადააცილო მისი შინ მოტანა.

///

4. ახალი ენის სწავლა

არასდროსაა გვიანი ან ზედმეტი, კიდევ ერთი ენა ისწავლო. ახალი ენის სწავლა რომ კოგნიტიურ ფუნქციებს, მათ შორის, მეხსიერებას, აუმჯობესებს და კარიერულ წინსვლაშიც გეხმარება, ეგ უჩემოდაც გეცოდინება. მაგრამ უცხო ენის დაუფლებას თუ მხოლოდ რთულ და ხანგრძლივ პროცესად მიიჩნევ, მაშინ კი მექნება შენთვის ერთი-ორი სიტყვა სათქმელი.

რასაკვირველია, ენას გააჩნია, მაგრამ ნებისმიერი მათგანის სწავლა შეიძლება სახალისო და საინტერესო პროცესად აქციო. რამდენი ფილმის და სერიალის ყურებას შეძლებ გახმოვანების გარეშე, დავუშვათ, ინგლისურის სწავლას თუ დაიწყებ? რამდენი საყვარელი სიმღერის ტექსტს გაიგებ, როცა ფრანგულის დაუფლებას შეუდგები? და ასტრიდ ლინდგრენის ორიგინალში წაკითხვაზე რას იტყვი?

მოკლედ, ნებისმიერ ენას შეიძლება გამოუძებნო ისეთი მხარე, რომელიც დაგაინტერესებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯობს, შენი ინტერესებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით აირჩიო შესასწავლი ენა და მიზანიც მკაფიოდ დაისახო.

სახალისო მეთოდებით, სისტემატურად და ცოტ-ცოტა მასალით სწავლით დასახულ მიზანს იმაზე მალე მიაღწევ, ვიდრე გეგონა. ნასწავლი კი ისე გაგიფართოებს თვალსაწიერს, ამის შემჩნევაც კი გაგაკვირვებს. მოკლედ, ახალი წლის გეგმებში უცილობლად ჩაწერე (კიდევ ერთი) ენის სწავლის დაწყება.

5. მეტი ფიზიკური აქტივობა

ეს პუნქტი განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც ჩემსავით დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერის ეკრანის წინ ატარებს. ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა კი, მგონი, მეტ-ნაკლებად ყველას გააზრებული გვაქვს. ბევრმა ისიც ვიცით, რომ ეს მხოლოდ სხეულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში კი არა, გუნება-განწყობილების გამოკეთებასა და, ზოგადად, მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში გვეხმარება.

აუცილებელი არაა, სატრენაჟორო ცენტრის ძვირადღირებული აბონემენტი იყიდო ან თუნდაც პირდაპირ იოგას მიადგე, თუ ამის დიდი სურვილი არ გაქვს. მეგობრების მონაყოლიდან კი ვიცი, რომ იოგა, პილატესი, რეგულარული ვარჯიში ან ცურვა ძალიან ეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ შედეგის შემჩნევა მცირე ფიზიკური აქტივობის დაწყებიდანვეა შესაძლებელი: როცა ამჯობინებ, რომ ორი-სამი გაჩერების მანძილი ფეხით გაიარო, ან ლიფტზე უარი თქვა და კიბით ისარგებლო. პირადი გამოცდილებიდან ისიც შემიძლია გირჩიო, რომ ჩემს ძირითად ტრანსპორტად ველოსიპედის ქცევამ ბევრი რამ შეცვალა ცხოვრებაში უკეთესობისკენ.

კვლავაც მგონია, რომ თუნდაც ნეგატიური წინასწარგანწყობის მიუხედავად, ვარჯიში ადვილად შეგიძლია სახალისო აქტივობად აქციო; ამაში, შესაძლოა, პოდკასტები, აუდიოწიგნები ან სულაც "ვარჯიშის მეგობარი" დაგეხმაროს.

6. სოციალურ ქსელში ნაკლები დროის გატარება

ფოტო: Robin Worrall / Unsplash

არ ვიცი, შეამჩნიე თუ არა, მაგრამ ვირტუალური საკომუნიკაციო სივრცე წლიდან წლამდე უფრო ტოქსიკური ხდება. დეზინფორმაცია, ნეგატიური ამბები, დაუსრულებელი ლანძღვა-გინება ხშირად ყალბი ანგარიშების მხრიდან და არარეალისტური სტანდარტების დამკვიდრება — ამ ყველაფერმა კარგა ხანია, ჩვენს სოციალურ ქსელებში მოიყარა თავი. ამდენად, სულ არაა გასაკვირი, თუ ბოლო დროს შეამჩნიე, რომ მათი მოხმარება ცუდ ხასიათზე გაყენებს.

მე უკვე დიდი ხანია, გავაუქმე იმ გვერდებისა და ადამიანების გამოწერა, რომელთა კონტენტიც განწყობას მიფუჭებდა. დავბლოკე მეტისმეტად აქტიური ტროლ-ბოტებიც. თუმცა, წინა წელს შევნიშნე, რომ სოციალურ ქსელებში გატარებული დროის კლების უკუპროპორციულად იმატებდა დადებითი ემოციები ჩემში. ასე რომ, ახალი წლის ერთ-ერთ მიზნადაც ვირტუალურ სივრცეში კიდევ უფრო ნაკლები დროის გატარება დავისახე და შენც იმავეს გირჩევდი.

7. დაწყებული საქმეების დასრულება

სოციალური ქსელის დრამებს თუ გამოვაკლებთ, არაფერი აფუჭებს საახალწლო განწყობას ისე, როგორც დაუსრულებელი საქმეები. თითქოს ზურგზე ტვირთი გაქვს მოკიდებული და საშუალებას არ გაძლევს, ახალი წელი ახალი ფურცლიდან დაიწყო.

ეს ნაცნობი განცდაა. წლების წინაც მოგიყევით, რომ როცა დაწყებულ საქმესთან მიბრუნებას მუდმივად არიდებ თავს და მის დასრულებას უფრთხი, ეს არც დღემეხვალიეობაა და არც სიზარმაცე. ამ დროს უფრო მეტად შედეგის, დასრულებული საქმის გვეშინია ხოლმე. მაგრამ თუ დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ მიიყვან, ვერც ვერასდროს გაიგებ, როგორი იქნება შედეგი. შედეგის შეცვლა კი ხშირად შესაძლებელია ხოლმე: მაგალითად, წიგნს თუ წერ, სულ არაა აუცილებელი, მისი პირველი ესკიზი სრულყოფილი იყოს. ბოლოს და ბოლოს, საქმე თუ უსაშველოა, ხელახლაც შეგიძლია დაწერო. მაგრამ იმის გასაგებად, ეშველება თუ არა საქმეს, პირველ რიგში, უნდა დაასრულო იგი.

8. არასაჭირო ნივთების ნაკლებად ყიდვა

აი, ესეც კიდევ ერთი რჩევა, რომელსაც საკუთარი გამოცდილებიდან გაძლევ. კომპულსიური ყიდვის აშლილობაზეც მოგვიყოლია ადრე და გვითქვამს, რატომ და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ეგრეთ წოდებულ შოპოჰოლიკობას.

აბა, ახლა კარგად მოავლე შენს ოთახს თვალი და ჩამოწერე ის ნივთები, რომლებიც შარშან იყიდე. მერე ეს სია კიდევ უფრო დაავიწროვე — ნივთები, რომლებიც შარშან იყიდე და გამოიყენე. არცთუ ბევრია, არა? შეიძლება საქმე ონიომანიასთან (ყიდვის დაუძლეველი სურვილი) არც გვქონდეს და შენაძენი იმპულსური საქციელის შედეგი იყოს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, აჯობებს, თუკი ამ წელს არასაჭირო ნივთების შეძენასაც მოუკლებ. სახლიც ნაკლებად გადაგევსება ხარახურით და თვის ბოლოს საბანკო ანგარიშზეც მეტი დაგრჩება.

///

9. ტოქსიკურ ადამიანებს ჩამოშორება

ფოტო: Everton Vila / Unsplash

დასვენების, წერის, მცენარეების მოვლის, სოციალურ ქსელში გატარებული ნაკლები დროისა და დაწყებული საქმეების დასრულების მიუხედავად, განწყობას შეიძლება მაინც გვიფუჭებდეს რაღაც მუდამ და ამის მიზეზს ვერ ვპოულობდეთ. სინამდვილეში, უფრო ხშირად თვალს ვხუჭავთ ხოლმე პრობლემის არსზე, თორემ მიზეზი ცხვირწინ გვაქვს — ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობა.

ადამიანები, რომლებიც შენთან ურთიერთობაში გამუდმებით ეგოისტურად, არაემპათიურად იქცევიან, შენით მანიპულირებენ, განგსჯიან, უსაგნოდ გაკრიტიკებენ, შენი შურთ ან უბრალოდ თავს უსიამოვნოდ გაგრძნობინებენ. დაახლოებით, ასეთ ხალხს ვგულისხმობ ტოქსიკურში. მათთან ახლო ურთიერთობის გამო, ამ ნიშნების ამოცნობა ზოგჯერ არცთუ ადვილია. თუმცა, დარწმუნებული იყავი, რომ საერთოდ არ გჭირდება ასეთი ხალხი გარემოცვაში. პირიქით, მათი დამსახურებით შენი თავის ყველაზე ცუდ ვერსიად შეიძლება იქცე.

ჰოდა, აჯობებს, ყველა ტოქსიკური ადამიანი წინა წელში დატოვო და ახალ წლის გეგმად დაისახო ერთგულ, მზრუნველ ხალხთან მეტი დროის გატარება.

10. მეტი ზრუნვა პლანეტაზე

რადგან საკუთარ თავზე ზრუნვისთვის ამდენი მიზანი დავისახეთ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი კეთილდღეობა პირდაპირაა დამოკიდებული ჩვენი გარემოს, ჩვენი პლანეტის კარგად ყოფნაზე. ჩვენი პლანეტა კი, სიმართლე ითქვას, მაინცდამაინც კარგად არ გრძნობს თავს: კლიმატის ცვლილება პროგრესირებს, 2023 წლის ზაფხული ისტორიაში ყველაზე ცხელი სეზონი იყო, გაეროს გენერალური მდივნის თქმით კი, უკვე გავცდით გლობალური დათბობის საზღვრებს და გლობალური დუღილის ეპოქაში შევაბიჯეთ.

ჰო, მოცემული სურათი კი შეიძლება არცთუ საიმედო ჩანდეს, მაგრამ გახსოვდეს და ეს წლის გეგმებშიც ჩაწერე, რომ შენი მცირე ძალისხმევაც კი დიდი ცვლილებების წინაპირობაა. ნაკლები პლასტმასა, შემცირებული ნარჩენები და უბრალოდ ეკომეგობრული ცხოვრების სტილი — პლანეტისთვის იმაზე მეტის გაკეთება შეგიძლია, ვიდრე გგონია!

ბონუსი: მეტი მუსიკა, წიგნები, კინო და თეატრი!

დასასრულს გირჩევდი, რომ ამ წელს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდე ხელოვნებას; დარწმუნებული იყავი, რომ ახალი მუსიკის, წიგნების, ფილმების და სპექტაკლების აღმოჩენა, ან თუნდაც საყვარელი ნაწარმოებების გადამეორება შენს წელს ბევრად საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის. ისიც გახსოვდეს, რომ უსმენ, კითხულობ და უყურებ მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის — ასე რომ, დროს ნუ დაკარგავ უინტერესო წიგნზე მხოლოდ იმიტომ, რომ წლის ბოლომდე Goodreads-ის ჩელენჯი გაქვს დასასრულებელი.