2023 წელი კინოინდუსტრიისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ზაფხულში ბარბიმ და ოპენჰაიმერმა დაგვამახსოვრა თავი, შემოდგომაზე შიმშილის თამაშების სამყაროში დავბრუნდით, დეკემბერი კი ვონკამ დააგვირგვინა.

ჩვენს მკითხველებს უკვე მოვუყევით სერიალებზე, რომლებსაც 2024 წელს ყველაზე მეტად ველით, ახლა კი ფილმების განხილვაზე გადავიდეთ. ამ სტატიაში ნახავთ, რომელი ფილმების გამოსვლა გველის წელს.

1. ცუდი გოგოები / Mean Girls

ფოტო: Paramount Pictures

ლეგენდარული Mean Girls ახალი მიუზიკლით ბრუნდება. ფილმის სცენარისტი კვლავაც თინა ფეი იქნება. 2018 წელს ცუდი გოგოების მიხედვით ბროდვეიზე მიუზიკლი დაიდგა, რომელშიც მთავარი გმირის, რეჯინა ჯორჯის, როლს მსახიობი და მომღერალი რენე რეპი ასრულებდა. მთავარ გმირს ფილმშიც ის განასახიერებს.

ფილმის მთავარი გმირები და ხაზი ისევ იგივე რჩება — მოვლენები კვლავ ტიპურ ამერიკულ სკოლაში ვითარდება, სკოლის პოპულარული გოგოები კი აფრიკიდან ახალგადმოსულ მოსწავლეს უმეგობრდებიან.

პრემიერის თარიღი: 12 იანვარი

///

2. დიუნი: მეორე ნაწილი / Dune: Part 2

ფოტო: Warner Bros. Pictures

დიუნის ერთგული მაყურებლები და მკითხველები ფილმის პირველი ნაწილის შემდეგ, მის გაგრძელებას უკვე მესამე წელია ელიან. 2024-ში, როგორც იქნა, ფილმი დიდ ეკრანებზე დაბრუნდება. როგორც ტრეილერში ჩანს, ამჯერად დიუნში მეტ ბრძოლას ვიხილავთ. კიდევ ერთი სიახლე კი ისაა, რომ ტიმოთი შალამესა და ზენდეიას პერსონაჟები ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდებიან.

დიუნის მსახიობთა შორის ამჯერად კრისტოფერ უოლკენსაც ვნახავთ, რომელიც იმპერატორის როლს მოირგებს და ამ ისტორიის მთავარი ანტიგმირი იქნება. ამასთან, ცნობილია, რომ ფილმში ფლორენს პიუც გამოჩნდება, რომელიც პრინცესა ირულანს განასახიერებს.

პრემიერის თარიღი: 1 მარტი

3. მეტოქეები / Challengers

ფოტო: Warner Bros. Pictures

როგორც ჩანს, წელს ზენდეია ახალი როლებით გაგვანებივრებს — ცნობილი ფილმის Call Me By Your Name რეჟისორ ლუკა გუადანინოს ფილმში მას ცნობილი ჩოგბურთელის როლში ვიხილავთ.

მეტოქეები რომანტიკული სპორტული კომედიაა, რომელიც ტენისის სამყაროში გვამოგზაურებს, პარალელურად კი მთავარი გმირების პირად დილემებსა და ქაოტურ რომანტიკულ ურთიერთობებზე გვიყვება. ფილმში ზენდეიასთან ერთად მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები მაიკ ფეისტი და ჯოშ ო'კონორი ითამაშებენ.

პრემიერის თარიღი: 26 აპრილი

4. გარფილდი / The Garfield Movie

ფოტო: Sony Pictures Entertainment

კატა გარფილდზე გადაღებული ფილმები უამრავი ადამიანის ბავშვობის განუყოფელი ნაწილია. ამჯერად ჩვენს საყვარელ პერსონაჟს ახალ ანიმაციურ ფილმში ვნახავთ. გარფილდის ისტორია კვლავაც უცვლელია და ის თავის პატრონთან და ძაღლ ოდისთან ერთად უდარდელად ცხოვრობს.

სიტუაცია მაშინ იცვლება, როდესაც კატა მის დიდი ხნის დაკარგულ მამას იპოვის და ის და ოდი ახალ თავგადასავალში გადაეშვებიან.

პრემიერის თარიღი: 24 მაისი

///

5. არგაილი / Argylle

ფოტო: Universal Pictures

2024 წელს არც დაძაბული სიუჟეტური ხაზი მოგვაკლდება, რადგან ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი არგაილი ჩვენს ყურადღებას სულ მალე მიიპყრობს. ფილმი ახალგაზრდა მწერალზე გვიყვება, რომელიც საიდუმლო აგენტების ისტორიებზე წერს, მოულოდნელად კი აღმოაჩენს, რომ მისი ნაწერები რეალობად იქცევა. ამის გამო ელი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, რადგან აგენტები მასზე ნადირობას იწყებენ. ფილმში ცნობილ მსახიობებთან ერთად მომღერალი დუა ლიპაც ითამაშებს.

პრემიერის თარიღი: 2 თებერვალი

6. მადამ ვები / Madame Web

ფოტო: marvel

მადამ ვების გამოსვლამდე, რომელსაც მარველის სამყაროს ერთგული გულშემატკივრები დიდი ხანია ელიან, სულ ცოტა დრო დარჩა. ახალ ფილმში კომიქსების გმირ კასანდრა ვებს უკეთ გავიცნობთ. ვები პარამედიკოსია, რომელიც მომავლის წინასწარმეტყველების უნარს შეიძენს.

მაყურებლებს მადამ ვების პერსონაჟი სპაიდერმენის ანიმაციიდან ახსოვთ, რომელშიც ის მისტიკური ძალის მქონე მოხუცი ქალი იყო და მთავარ გმირს ხშირად ეხმარებოდა. ახალ ფილმში ვების ახალგარზდობას და მის განვითარებას ვნახავთ. პერსონაჟის როლს დაკოტა ჯონსონი შეასრულებს, მასთან ერთად კი სიდნი სვინის, ემა რობერტსსა და სხვა ცნობილ მსახიობებს ვიხილავთ.

პრემიერის თარიღი: 14 თებერვალი

7. გაქცეული თოჯინები / Drive-Away Dolls

ფოტო: Focus Features

კომედიისა და თრილერის ნაზავი Drive-Away Dolls ორ მეგობარ გოგოზე გვიყვება, რომლებიც იმედგაცრუებებით დაიღლებიან და ყოველდღიურობისგან გაქცევას მოგზაურობით გადაწყვეტენ. ისინი ნაქირავებ მანქანაში მოულოდნელად მისტიკურ ჩემოდანს გადააწყდებიან, პარალელურად კი აღმოჩნდება, რომ ამ ჩემოდანს სხვებიც ეძებენ, რის გამოც გოგოებზე ნადირობა იწყება.

ფილმში უამრავ ცნობილ მსახიობს, მათ შორის, პედრო პასკალს, მეთ დეიმონს, მაილი საირუსსა და მარგარეტ ქუალის შევხვდებით.

პრემიერის თარიღი: 23 თებერვალი

8. სიყვარული სისხლისგან იცლება / Love Lies Bleeding

ფოტო: A24

კრისტენ სტუარტი ახალ ფილმში ქვიარ პერსონაჟს განასახიერებს — მის გმირს, სავარჯიშო დარბაზის ინსტრუქტორს, ცნობილი ბოდიბილდერი შეუყვარდება, თუმცა პარალელურად წყვილი სტუარტის პერსონაჟის ოჯახის კრიმინალური სამყაროსგან თავის დაღწევას ვერ ახერხებს და საფრთხეში აღმოჩნდება.

პრემიერის თარიღი: 8 მარტი

9. ლიზა ფრანკენშტაინი / Lisa Frankenstein

ფოტო: Focus Features

მერი შელის ცნობილი წიგნის, ფრანკენშტაინის მიხედვით უამრავი ფილმი გადაუღიათ და არც ლიზა ფრანკენშტაინია გამონაკლისი. ამ ადაპტაციაში მოქმედება 1980-იან წლებში თინეიჯერი გოგოს გარშემო ვითარდება, რომელიც შტორმის დროს ვიქტორიანულ ეპოქაში გარდაცვლილი ბიჭის გვამს გააცოცხლებს და ეცდება, რომ ის თავის საოცნებო კაცად აქციოს. ფილმი კომედიისა და ჰორორის ნაზავი იქნება.

პრემიერის თარიღი: 9 თებერვალი

10. წარმოსახვითი მეგობრები / Imaginary Friends

ფოტო: Paramount Pictures

რეჟისორ ჯონ კრასინსკის კომედიურ ფილმში Imaginary Friends მთავარი პერსონაჟების როლებს რაიან რეინოლდსი და კაილი ფლემინგი ასრულებენ. კაილის პერსონაჟი ტრავმული გამოცდილებების შემდეგ განსაკუთრებულ სუპერძალას შეიძენს — ის ზრდასრულების მიერ დავიწყებულ წარმოსახვით მეგობრებს ხედავს.

ფილმი რაიანისა და კაილის პერსონაჟების თავგადასავალზე გვიყვება, რომლის დროსაც ისინი ცდილობენ, ბავშვები და მათი წარმოსახვითი მეგობრები ერთმანეთს კვლავაც შეახვედრონ.

პრემიერის თარიღი: 17 მაისი

11. შეშლილი მაქსი: ფურიოსა / Furiosa: A Mad Max Saga

ფოტო: Warner Bros. Pictures

მას შემდეგ, რაც დიდ ეკრანებზე ჯორჯ მილერის შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა ვიხილეთ, გულშემატკივრები ამ სამყაროს შესახებ გადაღებულ ახალ ფილმს მოუთმენლად ელიან და აი, ისიც! ფილმი რამდენიმე წლით ადრე განვითარებულ მოვლენებს გვიჩვენებს, როცა ფურიოსა გაცილებით ახალგაზრდაა.

ფურიოსა ბავშვობაში გაიტაცეს, რის გამოც ცხოვრების მთავარ მიზნად სახლში დაბრუნება დაისახა. წინა ფილმში ამ პერსონაჟის როლს შარლიზ ტერონი ასრულებდა, ამჯერად კი ფურიოსას ანია ტეილორ-ჯოი განასახიერებს. ასევე, ფილმში კრის ჰემსვორტიც ითამაშებს.

პრემიერის თარიღი: 24 მაისი

///

12. ცუდი ბიჭები 4 / Bad Boys 4

ფოტო: Sony Pictures Entertainment

Sony Pictures-ის ცნობილი კრიმინალური კომედია ცუდი ბიჭები მაყურებელს სულ მალე დაუბრუნდება. მას გულშემატკივრები დიდი ხანია ელიან, რადგან ფილმის გადაღებები პანდემიისა და სცენარისტების გაფიცვის გამო რამდენჯერმე გადაიდო. Bad Boys 4-ში მთავარ როლებს ტრადიციულად უილ სმიტი და მარტინ ლოურენსი შეასრულებენ.

პრემიერის თარიღი: 14 ივნისი

13. თავდაყირა 2 / Inside Out 2

ფოტო: Pixar

Pixar-ის Inside Out ბოლო წლების ერთ-ერთ ყველასთვის საყვარელ ანიმაციად მალევე იქცა. წლების შემდეგ კომპანია მეორე ფილმით ბრუნდება, რომელშიც კარგად ნაცნობი პერსონაჟების გარდა, ახალ ემოცია შფოთვას გავიცნობთ.

თავდაყირა მოზარდი გოგოს, რაილის, ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც ანიმაციის მეორე ნაწილში უკვე 13 წლისაა. ანიმაციის ძირითადი სიუჟეტი რაილის ტვინში ვითარდება, სადაც მთავარი გმირები მისი ემოციები — სევდა, ბედნიერება, სიბრაზე, შიში და ზიზღი არიან და რაილის ქმედებებსაც ისინი აკონტროლებენ. Inside Out 2-ში კი ნაცნობ ემოციებს შფოთვასთან უწევთ შეხვედრა, რომელიც აშკარაა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

პრემიერის თარიღი: 14 ივნისი

14. დედპული 3/ Deadpool 3

ფოტო: 20th Century Studios

რაიან რეინოლდსისთვის 2024 საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან ის სხვა ფილმებთან ერთად, დედპულის მესამე ნაწილითაც ბრუნდება. მისი თქმით, სცადა, რომ ახალი ფილმი წინებისგან განსხვავებული ყოფილიყო და მთავარ პერსონაჟს მეტი სიღრმე ჰქონოდა.

ვიცით ისიც, რომ დედპულის მესამე ნაწილში კომიქსების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერგმირის, უოლვერინის როლის შემსრულებელ ჰიუ ჯეკმანსაც ვიხილავთ.

პრემიერის თარიღი: 26 ივლისი

15. ჯოკერი 2 / Joker: Folie à Deux

ფოტო: Warner Bros. Pictures

გემახსოვრებათ, რომ ჯოკერის ფილმმა 2019 წელს არნახული წარმატება მოიპოვა. მან Warner Bros.-ს $1 მილიარდი შემოსავალი მოუტანა, ოსკარის 11 ნომინაციაც დაიმსახურა და ორის გამარჯვებულიც გახდა.

ფილმის გულშემატკივრების სასიხარულოდ, ხოაკინ ფენიქსს ჯოკერის როლში კვლავაც ვნახავთ. ფილმის მეორე ნაწილში, რომელიც მიუზიკლი იქნება, ჰარლი ქვინის პერსონაჟსაც გავიცნობთ, რომლის როლსაც ლედი გაგა მოირგებს.

პრემიერის თარიღი: 4 ოქტომბერი

16. ბოროტი: ნაწილი პირველი / Wicked: Part One

ფოტო: Universal Pictures

წელს არც მიუზიკლების მოყვარულები დარჩებიან უკმაყოფილო, რადგან ცნობილი სპექტაკლის, Wicked-ის, ადაპტაცია გველის. ფენტეზის ჟანრის ფილმი ოზის ჯადოქრის სამყაროში დაგვაბრუნებს და დასავლეთის ბოროტ ჯადოქარზე მოგვიყვება. ფილმში ჯადოქრის როლს სინთია ერივო შეასრულებს, მის წინააღმდეგ კი გლინდა იბრძოლებს, რომელსაც არიანა გრანდე განასახიერებს.

პრემიერის თარიღი: 27 ნოემბერი

17. ბითლჯუსი 2 / Beetlejuice 2

ფოტო: Warner Bros. Pictures

ლეგენდარული ფილმ ბითლჯუსის გამოსვლიდან 30 წელზე მეტი გავიდა და დროა, გავიგოთ როგორ გაგრძელდა მთავარი გმირების ისტორია. ორიგინალ ფილმში სიუჟეტი გარდაცვლილი წყვილის გარშემო ვითარდება, რომლებიც მშვიდად ცხოვრობდნენ თავიანთი "მოჩვენებური ცხოვრებით", სანამ მათ სახლში ახალი ოჯახი არ დასახლდება.

პირველ ფილმში მათ ცნობილი მოჩვენება ბითლჯუსი დაიქირავეს, რათა ოჯახი სახლიდან გაეგდოთ. მეორე ნაწილში მოჩვენებები ოჯახს თან მიჰყვებიან და ცნობილი ბითლჯუსიც უკან ბრუნდება, რათა მეტი პრობლემა შექმნას. ფილმის მეორე ნაწილში ცნობილი მსახიობები, კეტრინ ო'ჰარა, ჯენა ორტეგა, ვაინონა რაიდერი, მონიკა ბელუჩი და სხვები ითამაშებენ.

პრემიერის თარიღი: 6 სექტემბერი

18. კუნგ ფუ პანდა 4 / Kung Fu Panda 4

ფოტო: Universal Pictures

ანიმაციური ფილმების მოყვარულებს კარგი წელი ელით, რადგან 2024-ში კუნგ ფუ პანდას ახალ თავგადასავლებსაც ვნახავთ. ფილმში პო ემზადება, რომ დრაკონის მებრძოლის როლი დათმოს და სულიერი წინამძღოლი გახდეს, თუმცა ამისთვის ჯერ მას თავისი მემკვიდრე მელას გაწვრთნა მოუწევს. მელას როლს მსახიობი და რეპერი Awkwafina გაახმოვანებს.

ფილმში ჯეკი ჩანი, ვაიოლა დევისი და სხვა ცნობილი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას. კომპანია DreamWorks-მა ტრილოგია 2016 წელს Kung Fu Panda 3-ით დასრულდა, ამის შემდეგ კი ნეტფლიქსზე იმავე პერსონაჟებზე გადაღებული ანიმაციური სერიალიც ვიხილეთ.

პრემიერის თარიღი: 8 მარტი

///

19. საზიზღარი მე 4 / Despicable Me 4

ფოტო: Universal Pictures

გრუსა და მინიონების ისტორია გრძელდება. ახალ ფილმში ლუსი და გრუ დაქორწინებულები არიან და მინიონებთან ერთად ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას უკვე თავიანთ შვილებთან ერთად აგრძელებენ. Despicable Me 4-ზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყო, საბოლოო შედეგს კი ზაფხულში ვიხილავთ. ვნახოთ, რა თავგადასავლებში გადაეშვებიან ამჯერად გრუ და მისი მეგობრები.

პრემიერის თარიღი: 3 ივლისი

20. გლადიატორი 2 / Gladiator 2

ფოტო: Universal Pictures

ლეგენდარული ისტორიული დრამის, გლადიატორის გამოსვლიდან უკვე 20 წელზე მეტი გავიდა, წელს კი მაყურებელი ოსკაროსანი ფილმის გაგრძელებას ნახავს. ფილმის რეჟისორი კვლავ რიდლი სკოტი იქნება. გლადიატორის მეორე ნაწილში პედრო პასკალსა და პოლ მესკალს ვიხილავთ.

პრემიერის თარიღი: 22 ნოემბერი

21. გამოგონილი / Imaginary

ფოტო: Lionsgate

წელს არც საშინელებათა ფილმების მოყვარულები მოიწყენენ. Imaginary გვიყვება ისტორიას ოჯახზე, რომელიც წლების შემდეგ მშობლიურ სახლში ბრუნდება. მოზარდი ელისი სახლის სარდაფში სათამაშო დათვს იპოვის და მასთან მეგობრობას დაიწყებს, თუმცა დროთა განმავლობაში აღმოჩნდება, რომ სათამაშო არც ისეთი უწყინარია და ელისს სახიფათო დავალებებს აძლევს.

პრემიერის თარიღი: 8 მარტი

22. მუფასა: მეფე ლომი / Mufasa: The Lion King

ფოტო: Walt Disney Studios Motion Pictures

ცნობილი ანიმაცია მეფე ლომის მიხედვით 2019 წელს გამოსულმა ფილმმა მსოფლიოს ყურადღება მარტივად მიიპყრო, ახლა კი დისნეი ახალი პროექტით ბრუნდება. ამჯერად ისტორია სიმბას მამაზე, მუფასაზე იქნება და მის განვლილ გზას გვიჩვენებს. ფილმს ცნობილი რეჟისორი ბარი ჯენკინსი გადაიღებს.

პრემიერის თარიღი: 20 დეკემბერი

23. მიკი 17 / Mickey 17

ფოტო: Warner Bros. Pictures

2024-ში სიახლეები სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრშიც გველის. მიკი 17, რომელშიც მთავარ როლს რობერტ პატინსონი შეასრულებს, ედვარდ ეშტონის ცნობილი წიგნის ადაპტაციაა. პეტინსონის პერსონაჟი ხელოვნურადაა შექმნილი, რათა ყინულის სამყაროს კოლონიზაცია მოახდინოს და ყოველ ჯერზე, როდესაც მას კლავენ, თავიდან იქმნება.

პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია

24. The Fall Guy

ფოტო: Universal Pictures

ახალი კომედიურ ფილმში რაიან გოსლინგისა და ემილი ბლანტის წყვილს ვიხილავთ. The Fall Guy 1980-იანებში გადაღებული ამავე სახელწოდების ცნობილი სერიალის ადაპტაციაა. სიუჟეტი მთავარი გმირის, გოსლინგის პერსონაჟის გარშემო ვითარდება, რომელიც მისი ყოფილი შეყვარებულის ფილმში ერთ-ერთი მსახიობის დუბლიორს თამაშობს. სიტუაცია მაშინ იძაბება, როდესაც მთავარი როლის შემსრულებელი უჩინარდება, ემილი ბლანტის პერსონაჟი კი გოსლინგს მის მოძებნას სთხოვს.

პრემიერის თარიღი: 3 მარტი

ამავე თემაზე:

თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...