NASA-მ ინჟინერიისა და ორბიტული დინამიკის გაერთიანებით გასაოცარ შედეგს მიაღწია. კერძოდ, ლაზერების მეშვეობით 31 მილიონი კილომეტრი მანძილიდან დედამიწაზე კატის ვიდეო გამოგზავნეს. ეს ღრმა კოსმოსის ოპტიკური კომუნიკაციების (DSOC) სახელით ცნობილი ექსპერიმენტის ფარგლებში მოხდა, რომელიც სააგენტოს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიამ განახორციელა.

ექსპერიმენტი NASA-ს ზონდ Psyche-ს მეშვეობით შედგა, რომელიც ამჟამად მეტალის ასტეროიდ 16 Psyche-სკენ მიემართება. აპარატი ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-ით 13 ოქტომბერს გაუშვეს. აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალი ტექნოლოგია სამომავლო პლანეტათაშორისი მისიებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან შესაძლოა, მისი დახმარებით კომუნიკაციის ახალი გზა დაინერგოს.

კოსმოსიდან მიღებულ ულტრამაღალი გარჩევადობის ვიდეოში ვხედავთ, როგორ დასდევს კატა ტეიტერსი ლაზერის სხივს:

ეს კადრები რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში შექმნილი ხელსაწყოთი გამოგზავნეს, რომელსაც ლაზერული ტრანსივერი (გადამცემი) ეწოდება. მან სიგნალი ახლო ინფრაწითელი სპექტრის ლაზერით პალომარის ობსერვატორიაში არსებული ჰეილის ობსერვატორიისკენ გამოუშვა. დედამიწამდე მის მოღწევას 101 წამი დასჭირდა, გადაცემის სიჩქარე კი წამში 267 მეგაბიტი იყო — ფართოხაზოვანი ინტერნეტკავშირის უმეტესობაზე ბევრად სწრაფი.

///

"პალომარში ვიდეოს მიღების შემდეგ ის რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში ინტერნეტის მეშვეობით გადაიგზავნა და ეს კოსმოსიდან სიგნალის მიღებასთან შედარებით უფრო ნელა მოხდა", — ამბობენ სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ ლაზერული ტრანსივერი პირველად ნოემბერში გამოცადეს, რა დროსაც ჩვენს პლანეტაზე სიგნალი 16 მილიონი კილომეტრი მანძილიდან გამოუშვეს. უკანასკნელი ექსპერიმენტისას კი ეს დისტანცია საგრძნობლად გაიზარდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.