DeepMind-ის მკვლევართა თქმით, ხელოვნურმა ინტელექტმა პირველი სამეცნიერო აღმოჩენა გააკეთა
DeepMind-ის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თავიანთმა AI ხელსაწყომ ისეთი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა, რომელსაც ადამიანები ვერ უმკლავდებოდნენ.
კომპანია DeepMind-ის მტკიცებით, ისტორიაში პირველად, ხელოვნურმა ინტელექტმა უაღრესად რთული მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა — გააკეთა ის, რასაც მათემატიკოსები ვერ ახერხებდნენ. დადასტურების შემთხვევაში სფეროსათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.
DeepMind-ის მკვლევრებმა მიღწევის შესახებ ინტერვიუებში ისაუბრეს MIT Technology Review-სა და The Guardian-თან. მათი განცხადებით, თავიანთმა ახალმა AI ხელსაწყომ სრულებით ახალი გზა მოიფიქრა ერთ-ერთი მათემატიკური თავსატეხის ამოსახსნელად, რომელსაც "cap set problem" ეწოდება. ეს უკანასკნელი უფრო და უფრო მეტი წერტილის ისე მოთავსებას მოიცავს, რომ სწორი ხაზი არასოდეს შეიქმნას.
მიგნებები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. თუ მოვლენა დადასტურდა, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც AI-მ უნიკალური სამეცნიერო აღმოჩენა გააკეთა. ის, რასაც მან მიაგნო, საწვრთნელ მონაცემებში არ ყოფილა, რადგან აქამდე არც იყო ცნობილი.
ხელოვნური ინტელექტი ხშირად მაშინაც კი აბსურდული შინაარსის შიგთავსს აგენერირებს, როცა სწორი საწვრთნელი მონაცემები აქვს. შესაბამისად, შესაძლოა, საქმე მართლაც დიდ მიღწევასთან გვქონდეს.
///
DeepMind-მა ხელსაწყო, სახელად FunSearch, AlphaZero AI-ს ბაზაზე შექმნა. ეს უკანასკნელი მათემატიკურ თავსატეხებს თამაშის მსგავსად უდგება. იგი დიდ ენის მოდელს, სახელად Codey-ს, იყენებს რომელიც კომპიუტერულ კოდზე გაიწვრთნა და ისეა დაპროგრამებული, რომ არასწორ პასუხებს უგულებელყოფს, სწორებს თავისი მუშაობის გასაუმჯობესებლად იყენებს.
AI-სთვის კოდის მიწოდება ერთია, თუმცა სრულიად სხვა რამაა ის, რომ მან ცნობილი თავსატეხისთვის ახალი ამოხსნა დააგენერირა.
"ეს საწვრთნელ მონაცემებში არაა", — განაცხადა DeepMind-ის მკვლევარმა პუშმიტ კოლიმ — "ცნობილიც კი არ ყოფილა".
DeepMind-ის მკვლევრებს ცოტა უჩვეულო ვარაუდიც აქვთ — LLM-მ, შესაძლოა, დამოუკიდებლად ფიქრი შეძლო.
ასევე იხილეთ: რომელი 3 თვისება უნდა ჰქონდეს ხელოვნურ ინტელექტს, რომ ის მგრძნობიარედ მივიჩნიოთ?
ცხადია, მტკიცებების დასადასტურებლად ბევრად მეტი კვლევა იქნება საჭირო. ჯერაც გასარკვევია, ზუსტად როგორ დააგენერირა FunSearch-მა თავსატეხის ახლებური ამოხსნა. მკვლევრებს ამის შესახებ გარკვეული ჰიპოთეზა აქვთ, თუმცა დაზუსტებით ჯერ არაფერი იციან.
"პროექტის დაწყებისას არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ რაღაც სრულებით ახალს შექმნიდა", — განაცხადა კოლიმ — "რამდენადაც ვიცით, ეს პირველი შემთხვევაა, რომ დიდ ენის მოდელს ნამდვილი ახალი აღმოჩენა გაეკეთებინოს".
კომენტარები