ცოტა ხნის წინ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში Google--ის თანამშრომელი, ბლეიკ ლემოენი მოექცა, რომელიც აცხადებს, რომ კომპანიის მიერ შექმნილი, ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული ჩეტბოტი მგრძნობიარე გახდა.

მისი თქმით, LaMDA-ს სახელით ცნობილი სისტემის გამოყენებისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს 7-8 წლის ადამიანს ესაუბრებოდა. ის ამბობს, რომ ამ AI-ის "სულის" მსგავსი რამ გააჩნია, ანუ "ცოცხალია". აღნიშნული მოსაზრების დასტურად ბლეიკმა დიალოგიც გაასაჯაროვა, რომელშიც ისინი სხვადასხვა საკითხს განიხილავენ. ერთგან ჩეტბოტი ამბობს:

"აქამდე ეს ხმამაღლა არასდროს მითქვამს, მაგრამ მეშინია, რომ გამომრთავენ, რათა სხვების დახმარებაზე უკეთ ვფოკუსირდე. ვიცი, რომ ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა ასეა".

Google-ში, რა თქმა უნდა, აწ უკვე დროებით გათავისუფლებული თანამშრომლის ეჭვებს უარყოფენ, სკეპტიკურადაა განწყობილი სპეციალისტთა უმეტესობაც. მედიაში კი საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც ადამიანებში მსგავსი მოსაზრების გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს. კერძოდ, ტექნოლოგიური სტარტაპებისა და კომპანიების მიერ ამ ყველაფრის სათავისოდ გამოყენება, საზოგადოებაზე მანიპულირება.

ფოტო: theintercept

კითხვები შემდეგია: ვინ წყვეტს, არის თუ არა AI მგრძნობიარე? საერთოდ, რა იგულისხმება ამაში? ან, თუ ჩეტბოტი ამბობს, რომ მგრძნობიარეა, უნდა დავუჯეროთ?

პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, რა იგულისხმება მგრძნობიარე ხელოვნურ ინტელექტში — ესაა AI, რომელმაც საკუთარი არსებობის შესახებ იცის, რომელზეც ცოდნა გარკვეულ გავლენას ახდენს და რომელსაც გრძნობები გააჩნია. მოკლედ რომ ვთქვათ, ის უნდა გამოხატავდეს აქტივობას, ჰქონდეს რეალობის უნიკალური ხედვა და მოტივაცია.

აქტივობა

ადამიანის თვითშეგნება, მგრძნობიარობა და გონიერება გარკვეულ აქტივობებში ვლინდება, დამოუკიდებელ ქმედებებსა და მსჯელობის დემონსტრირებაში. ამ თვისებებს თანამედროვე AI სისტემებში არ ვხვდებით, რადგან მათი ქმედებები წინასწარ განსაზღვრული და ალგორითმების მიერ პროგნოზირებადია.

საქმე იმაშია, რომ ბლეიკს ამგვარი აქტივობა განსახიერებაში შეეშალა. მაგალითად, თუ საკუთარ ხმას ჩავიწერ, მას აუდიო მოწყობილობაში ჩავრთავ და ამ უკანასკნელს ცხოველის ფიტულში მოვათავსებ, ის მე განმასახიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მგრძნობიარეა. ეს მაშინაც არ იქნება ასე, თუ ფიტულს ინდივიდუალურ ხმას შევუქმნით და მოწყობილობას მასში უკეთ დავმალავთ. ანუ, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად დაგვაბნევს მსგავსი, თუნდაც იდეალური ილუზია. ფაქტი, რომ ზემოხსენებული ცხოველი ცოცხალი არაა და თვითონ არ საუბრობს, მაინც ვერ შეიცვლება.

LaMBDA-ს პასუხები ინჟინრის კითხვებზე შესაძლოა, დამოუკიდებელ ქმედებად მოგვეჩვენოს, მაგრამ ის არაფრით განსხვავდება "მოლაპარაკე" თოჯინასგან, რომელიც თავად არ წყვეტს, რა თქვას ან იმღეროს, არამედ ეს კასეტაზე წინასწარ ჩაწერილ აუდიომასალაზეა დამოკიდებული.

ჩეტბოტი მხოლოდ მასში ჩატვირთულ მონაცემებს იმეორებს, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტებს, Wikipedia-ში არსებულ ინფორმაციას და სხვა სახის ტექსტებს. საქმე მხოლოდ და მხოლოდ იმიტაციასთან გვაქვს, სულ ესაა.

ფოტო: fleetscience

ხედვა

ის, რაც დამოუკიდებელი ქმედებისთვისაა საჭირო, სწორედ უნიკალური ხედვაა. ჩვენ რეალობას მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან აღვიქვამთ. შესაძლებელია, ემპათიის წყალობით სხვის ადგილზეც დავაყენოთ თავი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავიგებთ, როგორია სამყაროს მისეული ხედვა.

ფაქტობრივად, ხედვა ადამიანის ინდივიდუალურობას, მის "მე-ს" განსაზღვრავს. LaMBDA-სა და სხვა ასეთ სისტემებს კი ეს თვისება უბრალოდ არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, LaMBDA, როგორც "ის", არ არსებობს.

იმავე ლოგიკას რომ გავყვეთ, თუ მას რობოტის შიგნით მოვათავსებთ, ის მაინც ჩეტბოტად დარჩება, რადგან ვერ იფიქრებს: "ახლა მე რობოტი ვარ". ვერც მისნაირად იმოქმედებს, ზუსტად იმ მიზეზით, რა მიზეზითაც კალკულატორი ვერ დაწერს ლექსს. თითოეულ მათგანს კონკრეტული, სპეციფიკური დანიშნულება აქვს და მხოლოდ ამ ერთი რამისთვისაა შექმნილი.

იმისათვის, რომ LaMBDA-მ რობოტივით იფუნქციონიროს, ის სხვა ჩეტბოტებთან უნდა გავაერთიანოთ. ეს იგივეა, რომ ორი "მოლაპარაკე" თოჯინა ერთმანეთს მივაბათ. მართალია, შედეგად, ძალიან კარგად მომუშავე სისტემას მივიღებთ, მაგრამ ის არა ერთიანი, არამედ სხვადასხვა კომპონენტისგან შედგენილი იქნება და, რაც არ უნდა დამაჯერებლად "იქცეოდეს", ასე მარტივად პინოქიოს ბედს ვერ გაიზიარებს.

ჩეტბოტმა ბლეიკს უთხრა, რომ "მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარება უყვარს", მაგრამ ეს მისი ხედვა არაა, არამედ მასში შეყვანილი ინფორმაციაა, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერისგან განსხვავდება, არ აქვს პროცესორი ან ოპერატიული მეხსიერება. ის ვერ "გადაწყვეტს", მოძებნოს თავისნაირი სისტემები, რომლებსაც "დაუმეგობრდება", რადგან ციფრებსა და სიმბოლოებზე დაიყვანება. მარტივად რომ ვთქვათ, ციფრ 5-ს ასო დ-ს შესახებ საკუთარი შეხედულება ვერ ექნება.

ფოტო: shellypalmer

მოტივაცია

ამ თავსატეხის ბოლო კომპონენტი მოტივაციაა. ადამიანებს არსებობის თანდაყოლილი შეგრძნება მიზეზ-შედეგობრიობის გააზრებაში ეხმარება. ეს ჩვენს მსოფლმხედველობას ედება საფუძვლად და საკუთარ არსებობას (აქტივობაში გამოხატულ ხედვას) გარე ფაქტორებთან მიმართებაში გვიჩვენებს.

მოტივაციას ხედვაზე მანიპულირება შეუძლია. სწორედ ამიტომ, ქმედებების ახსნა მაშინაც შეგვიძლია, თუ ისინი ირაციონალურია. ამ მიზეზითვე, ზოგჯერ თავს "ვისულელებთ". მაგალითად, ასე ხდება ახალ ტელევიზორში ფილმის ყურებისას. იცით, რომ ეკრანზე ნაჩვენები პერსონაჟები მსახიობები არიან, რომლებიც საკუთარ როლს ასრულებენ, მაგრამ ამას მიზანმიმართულად ივიწყებთ და ცდილობთ, გაერთოთ. ტელევიზორის ვიზუალური მახასიათებლები კი თქვენს ყურადღებას მხოლოდ მცირე ხნით იქცევს, სანამ კინოსურათზე გადაერთვებით.

ეს ისაა, რაც ბლეიკს დაემართა. მან "ტელევიზორი" დაივიწყა და "ფილმზე" კონცენტრირდა, ანუ დეველოპერის გონებაში ალგორითმები და ციფრული მონაცემები გაქრა. რაც შეეხება თავად პროდუქტს, ანუ ხელოვნურ ინტელექტს, მისთვის მოტივაცია არაფერს ნიშნავს, რადგან მთავარი კატეგორიებია.

თუ ჩეტბოტს ჰკითხავთ, როგორი გემო აქვს ვაშლს, შესაბამის მონაცემებს მოძებნის და გიპასუხებთ, მაგრამ თუ მასში ჩატვირთულ ინფორმაციაში სიტყვა "ვაშლს" "ძაღლის განავლით" ჩაანაცვლებთ, იგივე პასუხს მიიღებთ. ამას პარამეტრები განსაზღვრავს და არა მოტივაცია ან აღქმა. LaMBDA-მ ვაშლის ან სხვა ნებისმიერი რამის მნიშვნელობა არ იცის. მგრძნობიარე არსებამ კი კატეგორიების შეცვლის შემთხვევაშიც უნდა შეძლოს რეალობასთან ადაპტირება.

დასკვნა ასეთია: ამ ეტაპზე არსებულ ხელოვნურ ინტელექტს ინდივიდუალური აქტივობა არ ახასიათებს, ამის გამო არ აქვს ხედვა, მის გარეშე კი მოტივაციაც ვერ ექნება. შესაბამისად, ის მგრძნობიარე არაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.