იაპონელმა მეცნიერებმა წარმატებით გამოცადეს კოსმოსური რაკეტის ძრავა, რომელიც ძროხის ნაკელზე მუშაობს.

იაპონურმა სტარტაპმა, Interstellar Technologies-მა, ახლახან თავიანთი მიღწევის შესახებ გვამცნო: მათ კოსმოსური რაკეტის ძრავა, სახელად ZERO, აამუშავეს. იგი ჰოკაიდოში გამოცადეს, პროცესი კი 10 წამი გრძელდებოდა.

ZERO მთლიანად ბიომეთანზე მუშაობს, რომელიც ძროხის ნაკელით დაამზადეს. ეს მასალა ჰოკაიდოშივე მოიპოვეს, მერძევეობის ფერმებიდან.

X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოქვეყნებულ ვიდეოში ვხედავთ, როგორ ინთება ძრავა და ალის ცისფერ სხივს ჰორიზონტალურად სტყორცნის.

კომპანია იანვრამდე კიდევ რამდენჯერმე აამუშავებს ძრავას საცდელად. რაკეტას ორბიტაზე სატელიტების გასაშვებად გამოიყენებენ.

რაკეტის ძრავის ამუშავება საკმაოდ სასიამოვნო სანახავია, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავი ის ფაქტია, რომ იგი ძროხის ნაკელისგან დამზადებულ საწვავზე მუშაობს. კოსმოსში სხვადასხვა ხომალდის გაშვებას გარემოზე საკმაოდ ცუდი გავლენა აქვს, ეს კი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება.

///

ამჟამად კომპანია SpaceX-ს (მას NASA კოსმოსური ხომალდების გასაშვებად ეყრდნობა) აქვს რაკეტა Falcon 9, რომელიც ჟანგბადისა და ნავთისგან დამზადებულ საწვავზე მუშაობს. შესაძლოა, რაკეტების გაშვება ჩვენი პლანეტის ზედა ატმოსფეროში შავ ჭვარტლს ტოვებდეს. ეს ნაწილაკები მანდ რამდენიმე წლითაც კი შეიძლება დარჩეს, რაც გლობალური დათბობის კუთხით დამატებით პრობლემებს შექმნის და ოზონის შრესაც დააზიანებს.

კოსმოსური ინდუსტრიის, კვლევისა თუ ტურიზმის განვითარებასთან ერთად მით უფრო საყურადღებო ხდება ის ფაქტი, რომ რაკეტების გაშვებისას ნახშირბადის ემისიები გამოიყოფა. დედამიწას კლიმატის ცვლილების კუთხით უკვე ბევრი პრობლემა აქვს, ამიტომ სწრაფი რეაგირებაა საჭირო.

სწორედ ამიტომაა ნაკელისგან საწვავის დამზადების იდეა გონივრული. მსხვილფეხა საქონელი მეთანის საკმაოდ მნიშვნელოვანი წყაროა გლობალურად — გლობალურად სათბურის აირთა ემისიების 14%-ზე მეტი მათი განავლისა და ბოყინის დამსახურებით წარმოიქმნება.

ასევე იხილეთ: მეცნიერებმა ძროხებს ტუალეტით სარგებლობა ასწავლეს — როგორ შეაფერხებს ეს გლობალურ დათბობას

დაბოლოს, სხვათა შორის, ზოგიერთი ფერმერი ნაკელს გათბობის მიზნით იყენებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.