ატმოსფეროში ამდენი ნახშირორჟანგი ბოლო 14 მილიონი წელია, არ ყოფილა
ახალი კვლევით დადგინდა, რომ ამჟამად დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა იმდენია, რამდენიც 14 მილიონი წლის წინ იყო, რაც ადამიანთა სამრეწველო საქმიანობითაა გამოწვეული.
მეცნიერებმა ამ მაჩვენებლის ცვლილება 66 მილიონი წლის წინა პერიოდიდან დღევანდელობამდე გააანალიზეს, რისთვისაც ბიოლოგიური და გეოქიმიური მონაცემები გამოიყენეს. შედეგად გაირკვა, რომ ატმოსფერული აირების ყოველ მილიონ მოლეკულაში 420 ერთეული (ppm) ნახშირორჟანგს ბოლოს დაახლოებით 14-16 მილიონი წლის წინ ეკავა, როცა გრენლანდიაზე ყინული ჯერ კიდევ არ იყო. ეს წინა ვარაუდებს 3.5 მილიონი წლით უსწრებს.
1700-იან წლებში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია 280 ppm იყო, სამრეწველო ემისიებმა კი ის დაახლოებით 50%-ით გაზარდა. ამან ინდუსტრიალიზაციის შემდგომ გლობალური ტემპერატურის 1.2°C-ით მომატება გამოიწვია.
მნიშვნელოვანია, რომ ჰომო საპიენსის ევოლუციის პროცესი მხოლოდ 3 მილიონი წლის წინ დაიწყო, ამიტომ ჩვენი სახეობა დედამიწაზე სწორედ ამ პერიოდში არსებულ პირობებსაა შეჩვეული და მორგებული. ამის მიუხედავად, სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ 2100 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე 600-800 ppm-ს მიაღწევს. ასეთი კონცენტრაცია ბოლოს 30-40 მილიონი წლის წინ დაფიქსირდა, ეოცენის ეპოქაში.
უკანასკნელი კვლევაში მონაწილეობა 80-მა მეცნიერმა 16 ქვეყნიდან მიიღო. მათ უკვე არსებული მონაცემები ხელახლა გადაიაზრეს და დედამიწის ატმოსფეროში აირების ცვლილების ამსახველი ახალი "დროითი ხაზი" შექმნეს. ისინი უძველესი ფოთლების, მინერალებისა და პლანქტონების მახასიათებლებს დავაყრდნენ.
დადგინდა ისიც, რომ 50 მილიონი წლის წინ ნახშირორჟანგის დონემ რეკორდულ 1 600 ppm-ს მიაღწია, რის გამოც ტემპერატურა 12°C-ით გაიზარდა, შემდეგ კი ნელ-ნელა იკლო. 2.5 მილიონი წლის წინ ეს მაჩვენებელი უკვე 270-280 ppm-ზე იყო ჩამოსული, რაც დაახლოებით 400 000 წლის წინ თანამედროვე ადამიანის გამოჩენის შემდეგაც დიდი ხნით შენარჩუნდა.
ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდის ამჟამინდელი ტენდენცია პლანეტის ეკოსისტემისთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ ის უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. ამას ზემოხსენებული კვლევაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს. ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები