რატომ არ ვცოცხლობთ 200 წელი? — ამის მიზეზი შეიძლება დინოზავრები იყვნენ
ძუძუმწოვრების (მათ შორის ჩვენც), ქვეწარმავლებისა და ამფიბიების დაბერების ტემპი განსხვავებულია.
და აი ახლა, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს შეუსაბამობა დინოზავრების "ბრალია". უფრო კონკრეტულად, ამის მიზეზი დინოზავრების მილიონობით წლის განმავლობაში დომინირება უნდა იყოს.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი ჟოაო პედრო სწორედ ამ საკითხით დაინტერესდა. მან ნაშრომში თავისი ჰიპოთეზა აღწერა.
ესეც მისი აზრი: რადგან დედამიწაზე დინოზავრები ბატონობდნენ, მცირე ზომის ძუძუმწოვრებს გასამრავლებლად ცოტა დრო ჰქონდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი წინაპარკი ძუძუმწოვრები შედარებით მალე მრავლდებოდნენ და მალე ბერდებოდნენ. ამ პროცესს ეტაპობრივად ხანგრძლივი სიცოცხლის გენები უნდა გაენადგურებინა.
"ადრეულმა ძუძუმწოვრებმა 100 მილიონი წელი დინოზავრების ეპოქაში გაატარეს. ამიტომ, მათ სწრაფად ჩამოყალიბებისა და გამრავლების უნარი განუვითარდათ. როგორ აისახა ეს ყველაფერი ჩვენზე? შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ამის გამო ახლა ჩვენ შედარებით უფრო ადრე ვყალიბდებით და შესაბამისად, ადრეც ვბერდებით", — თქვა ჟოაო პედრომ.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ჩვენმა უძველესმა წინაპრებმა, როგორც ჩანს, დინოზავრების პერიოდში ის ფერმენტები დაკარგეს, რომლებიც ულტრაიისფერი შუქით მიყენებული ზიანისგან აღდგენაში ეხმარებოდათ.
აღსანიშნავია, რომ ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეულ დაზიანებათა აღმდგენი ფერმენტიდან, სულ მცირე სამი ჩანთოსენებსა და კვერცხისმდებელ ძუძუმწოვრებსაც აკლიათ. რთული სათქმელია, დაკავშირებულია თუ არა ეს შემცირებულ სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.
ამის ამხსნელი მიზეზი ძუძმწოვრების ღამით აქტიურობა შეიძლება იყოს. ანუ, სამალავებიდან გამოსვლა ჩვენს წინაპრებს ღამე უწევდათ. ამ "ნაკლის" ასანაზღაურებლად მილიონობით წლის შემდეგ ჩვენ მზისგან დამცავი კრემები შევქმენით.
ამის სხვა ნიშნებიც არსებობს. მაგალითად, ავიღოთ კბილები: ზოგიერთ ქვეწარმავალს, მათ შორის ალიგატორებს, კბილები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეზრდებათ. ადამიანების შემთხვევაში ეს ასე არ არის. ამის მიზეზიც ასობით ათასი წლის განმავლობაში გენეტიკური სელექცია უნდა იყოს.
"ცხოველების სამეფოში აღდგენისა და განახლების კომპლექსური მექანიზმები არსებობს. ასეთი მასშტაბური პროცესები არ ხდება ჩვენს შემთხვევაში. ამის მიზეზიც ის უნდა იყოს, რომ ჩვენს პატარა დაუცველ წინაპრებს არსებობისთვის დიდი დრო არ ჰქონდათ. დიდი ალბათობით, ადრე თუ გვიან, ისინი რომელიმე დინოზავრის კლანჭებში ამოყოფდნენ თავს", — ამბობენ მკვლევრები.
თუმცა, მაინც, ზოგიერთი ძუძუმწოვარი სამნიშნა ასაკს აღწევს. ასეთები არიან დელფინები და ზოგ შემთხვევაში ჩვენც. და ამას ჩვენი "ჩაგრული" წინაპრებისგან გადმოცემული ხანმოკლე სიცოცხლის გენების მიუხედავად ვახერხებთ. როგორ განვითარდა ასეთი შესაძლებლობები ჩვენში და არა მაგალითად, სხვა ძუძუმწოვრებში, ეს ცალკე კვლევის საგანია.
ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება
დაბერების ფაქტორების შესახებ მეტის გაგება ყოველთვის სასარგებლოა ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებთან საბრძოლველად.
"ჩვენს ჰიპოთეზას კიდევ სჭირდება დადასტურება. თუმცა, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კიბო უფრო ხშირია ძუძუმწოვრებში, ვიდრე სხვა სახეობებში და ეს სწრაფ დაბერებასთან არის კავშირში", — თქვა ჟოაო პედრომ.
კვლევა BioEssays-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები