კვლევის მიხედვით, ნეანდერტალელებს ჩვენნაირად მეტყველება შეეძლოთ
კვლევის თანახმად, ნეანდერტალელებს შეეძლოთ მოესმინათ და ესაუბრათ დაახლოებით ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ.
თავის ქალის ძვლების სტრუქტურის დეტალურმა ანალიზმა და ციფრულმა რეკონსტრუქციამ ნეანდერტალელების ლინგვისტიკური შესაძლებლობებზე ბევრი ახალი რამ გვითხრა.
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა, რომელშიც კი ოდესმე მიმიღია მონაწილეობა. შედეგები მყარია და აშკარად აჩვენებს, რომ ნეანდერტალელებს ჰქონდათ მეტყველების აღქმისა და გამომუშავების უნარი. ეს ეყრდნობა ნამარხება და შესაბამის მტკიცებულებებს", — თქვა პალეოანთროპოლოგმა როლფ კუამმა.
მოსაზრება, რომ ნეანდერტალელები ჩვენზე ბევრად პრიმიტიულები იყვნენ, დროსთან ერთად სულ უფრო უარყოფილია. ბოლო წლებში მზარდი მტკიცებულებები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ბევრად უფრო გონიერები იყვნენ, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა. ახლა ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნეანდერტალელებს გააჩნდათ იარაღები, ჰქონდათ გამოქვაბულის ხელოვნება და კრძალავდნენ თავიანთ დაღუპულებს.
მიუხედავად ამისა, აქამდე არ ვიცოდით შეეძლოთ თუ არა მათ საუბარი ისე, როგორც ამას ჩვენ ვშვრებით. მათი კომპლექსური ქცევები მეტყველებს იმაზე, რომ ნეანდერტალელებს ერთმანეთთან საუბარი უნდა შესძლებოდათ, თუმცა არიან მკვლევრები ვინც ამ აზრს ეწინააღმდეგებიან.
და აი ახლა, ძვლების შესწავლით, მკვლევრები ამ შეკითხვაზე პასუხის მიღებას ცდილობენ. კვლევის ფარგლებში ხუთი ნეანდერტალელის თავის ქალის მაღალი რეზოლუციის CT სკანირება შეძლეს და ეს ყველაფერი 3D მოდელების შესაქმნელად.
ასევე: როგორ მეტყველებდნენ ნეანდერტალელები?
მკვლევრებმა ასევე მოახდინეს ჰომო საპიენსის ყურის სტრუქტურების მოდელირება. ამასთან, შეისწავლეს Sima de los Huesos-ის ჰომინინის თავის ქალა. ეს არსება დაახლოებით 430 000 წლის წინ ცხოვრობდა და ნეანდერტალელების წინაპრად ითვლება.
ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ნეანდერტალელებს უკეთესი სმენა ჰქონდათ 4-დან 5 კილოჰერცამდე დიაპაზონში, ვიდრე მათ წინაპრებს. შესაბამისად, ნეანდერტალელთა მსმენელობა ბევრად უფრო ახლოს იყო თანამედროვე ადამიანებთან.
მკვლევრების თქმით, ეს მახასიათებელი მიანიშნებს იმაზე, რომ ნეანდერტალელებს კონკრეტული უნარი ერთმანეთის მოსასმენად სჭირდებოდათ.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასეთი სმენის უნარის არსებობა, მეტყველებს იმაზე, რომ ნეანდერტალელებს გააჩნდათ საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც ისეთივე რთული და ეფექტური იყო, როგორც თანამედროვე ადამიანის მეტყველება", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
საინტერესოა, რომ ნეანდერტალელების აღქმა ვრცელდებოდა 3 კილოჰერცზე ზევით სიხშირეებზე. ეს ძირითადად თანხმოვნების წარმოებისთვისაა საჭირო. მკვლევრების თქმით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სწორედ ამით განვსხვავდებით ჩვენ სხვა ჰომინინებისგან.
მთლიანობაში, ახალი შედეგებიდან გამომდინარე, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ნეანდერტალელებს ისეთი კომპლექსური საუბრის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდათ, როგორც ეს ჩვენ გვაქვს.
კვლევა Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები