ისრაელის სამხედრო თავდასხმამ ჩრდილოეთ ღაზის დიდი ნაწილი დაუსახლებელ ტერიტორიად აქცია. საცხოვრებელი უბნები მიწასთან არის გასწორებული. საჰაერო დარტყმებმა და ტანკებმა გაანადგურა სახლები, სკოლები და საავადმყოფოები. ზოგიერთი შენობა ჯერ კიდევ დგას, მაგრამ მათი უმეტესობა დაზიანებულია.

სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ, თითქმის ერთმა მილიონმა პალესტინელმა დატოვა ღაზის ჩრდილოეთი, მათ შორის, ქალაქი ღაზა. როდესაც ომი დასრულდება, მშვიდობისგან გამოწვეული შვების განცდა, შესაძლოა, სასოწარკვეთამ გადაფაროს, რადგან საცხოვრებელი სივრცეები ღაზაში მოსახლეობისთვის აღარ დარჩა.

"მე მინდა სახლში დავბრუნდე, თუნდაც ნანგრევებში მომიხდეს ძილი, თუმცა აქ ჩემი შვილების მომავალს ვერ ვხედავ", — ამბობს იუსეფ ჰამაში, რომელიც დევნილების ნორვეგიული საბჭოს თანამშრომელია.

ღაზა, 31 ოქტომბერი

ღაზა, 31 ოქტომბერი

ფოტო: AP Photo/Abed Khaled, File

ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებას შეწირული უბნები

ისრაელის აფეთქებებმა მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, 24 ნოემბრის მონაცემებით, 13 ათასზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა. ისრაელის მტკიცებით, ამისი თავიდან არიდება შეუძლებელი იყო, რადგან ჰამასი ტერორისტულ საქმიანობას სწორედ ასეთ დასახლებულ ადგილებში ნიღბავს. ჰამასი ბრალდებას უარყოფს და ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს.

”როდესაც წამოვედი, ვერ გავიგე, რომელ ქუჩაზე, ან გზაჯვარედინზე გადავდიოდი”, - თქვა მაჰმუდ ჯამალმა, 31 წლის ტაქსის მძღოლმა, რომელიც ჩრდილოეთში მდებარე მშობლიური ქალაქ ბეიტ ჰანუნიდან გაიქცა. მისი თქმით, სახლები სრულიად დანგრეული იყო.

ღაზა, 1 ნოემბერი

ღაზა, 1 ნოემბერი

ფოტო: AP Photo/Abed Khaled, File

ლონდონში მოქმედი კონფლიქტების მონიტორინგის ჯგუფის, Airwars-ის დირექტორმა, ემილი ტრიპმა თქვა, რომ ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა არის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური საჰაერო კამპანია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ისრაელის მიერ გავრცელებულ კადრებში, სადაც ჰამასის გვირაბებზე თავდასხმაა ასახული, ჩანს, როგორ ანადგურებს ბომბები გარშემო ყველაფერს. ჰამასის ვიდეოებში კი ვხედავთ მებრძოლებს ყუმბარმტყორცნებით, რომლებიც კვამლით დაფარულ ქუჩებში დადიან, ისრაელის ტანკებისთვის ბულდოზერებით მიწას წმენდენ.

"ღაზის ჩრდილოეთი გადაიქცა ერთ დიდ მოჩვენებათა ქალაქად“, — თქვა მხაიმერ აბუსადამ, რომელიც ალ-აზჰარის უნივერსიტეტის პოლიტოლოგია, ის გასულ კვირას ეგვიპტეში გაიქცა, — "ხალხს არსად აქვს დასაბრუნებელი."

ისრაელის ტანკები ღაზაში, 21 ნოემბერი

ისრაელის ტანკები ღაზაში, 21 ნოემბერი

ფოტო: Reuters

სატელიტური მონაცემების ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ ჩრდილოეთში მდებარე შენობების ნახევარი დაზიანდა, ან განადგურდა. გაეროს შეფასებით, 1.7 მლნ ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ბევრს უკვე ეჭვი ეპარება, რომ ღაზა ოდესმე აღდგება.

"ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ უამრავ დევნილ ადამიანს, დიდი ხნის განმავლობაში, კარვებში მოუწევს ცხოვრება", — თქვა კვლევითი ჯგუფის RAND Corporation უფროსმა პოლიტოლოგმა.

რა შედეგებს მოიტანს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნგრევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ომმა ღაზის სექტორის მასშტაბით, 35 საავადმყოფოდან, 27 გაანადგურა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნგრევას მძიმე შედეგი უამრავი წლის განმავლობაში ექნება.

"განადგურდა საცხობები და მარცვლეულის ქარხნები, სოფლის მეურნეობა, წყალი და სანიტარული ობიექტები“, — თქვა სკოტ პოლმა, Oxfam America-ს ჰუმანიტარული პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა.

ღაზის გვირაბების აფეთქება, 19 ნოემბერი

ღაზის გვირაბების აფეთქება, 19 ნოემბერი

ფოტო: Kan TV-ის სქრინშოთი

გაეროს მონაცემებით, ღაზის მასშტაბით, 41 000 სახლი, ანუ საცხოვრებლების 45% იმდენად არის დაზიანებული, ან დანგრეული, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია.

"სახლში მხოლოდ გვამები და ნანგრევები დავტოვე“, - თქვა მუჰამედ ალ-ჰადადმა, 28 წლის წვეულების ორგანიზატორმა, რომელიც შათის ლტოლვილთა ბანაკიდან ქალაქ ღაზის სანაპიროსკენ გაიქცა.

რა მდგომარეობაა სამხრეთ ღაზაში

ანალიზის თანახმად, სამხრეთ ღაზა, სადაც საკვების, წყლისა და საწვავის სიმწირემ ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია, მძიმე დაბომბვებს, შედარებით, გადაურჩა, თუმცა სურათი იცვლება. გასული 2 კვირის განმავლობაში, სატელიტური მონაცემები აჩვენებს დაზიანებების სწრაფ ზრდას ქალაქ ხან იუნისში.

ხან იუნისი

ხან იუნისი

ფოტო: Yasser Qudih/AFP

ვინ აღადგენს დანგრეულ ქალაქებს

დღეიდან ჰამასსა და ისრაელს შორის 4-დღიანი ზავი ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ 4 დღის განმავლობაში ცეცხლი შეწყდება, მხარეები ტყვეებს გაცვლიან და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შევა, თუმცა დევნილი პალესტინელები ამბობენ, რომ 4 დღე საკმარისი არ არის.

"ეს ჩვენი ნაქბაა," — ამბობს 32 წლის ჟურნალისტი ტარექ ჰაჯაჯი. ნაქბა, ანუ "კატასტროფა" უწოდეს პალესტინელების მასობრივ გადასახლებას, რომელიც 1948 წელს, ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მოჰყვა.

2014 წელს ისრაელ-ჰამასის ომმა გაანადგურა შიჯაია, უბნები ნანგრევების მინდვრებად იქცა. 5 მილიარდი დოლარის სარეკონსტრუქციო სამუშაოები იქ და მთლიანად, ღაზის მასშტაბით, დღემდე დაუმთავრებელია.

ექსპერტები ამბობენ, რომ განადგურების მასშტაბები, ამჯერად, ბევრად უფრო მაღალია და ათწლეულები იქნება საჭირო, რომ ქალაქები საცხოვრებლად ვარგისი გახდეს.

თუმცა, ვინ არის პასუხისმგებელი საცხოვრებლების აღდგენაზე, უცნობია. ბაჰრეინში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადიმ განაცხადა, რომ არაბული სახელმწიფოები "არ გაასუფთავებენ ისრაელის მიერ დანგრეულ ტერიტორიას".

ღაზა

ღაზა

ფოტო: AFP

როგორი იქნება ღაზის პოლიტიკური მომავალი

ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს, რომ მათმა არმიამ აღადგინოს უსაფრთხოება ღაზაში. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა კი ისაუბრეს, დასავლეთ სანაპიროზე მოქმედი პალესტინის ხელისუფლების მიერ ღაზის დაკავების, ერთი შეხედვით, ნაკლებად სავარაუდო სცენარზე.

პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, რომელსაც მოსახლეობის უმეტესობა სუსტ ლიდერად მიიჩნევს, ეს იდეა უარყო.

პალესტინელები ამბობენ, რომ ომის დასრულების შემდეგ, მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ იქნება აღსადგენი, არანაკლებ პრობლემად დარჩება ტრავმირებული საზოგადოება.

"ღაზა ძალიან საშიშ ადგილად იქცა, ის ყოველთვის იქნება სავსე მოგონებებით სიკვდილზე", — თქვა აბუსადამ.

მსგავსი თემა : ადამიანები, ადგილები და ტერმინები, რომლებიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში უკეთ გარკვევაში დაგვეხმარება