რა განსხვავება იყო ჰომო საპიენსებსა და ნეანდერტალელებს შორის
იყო დრო, როდესაც ნეანდერტალელებს პრიმიტიულ არსებებად მიიჩნევდნენ. არქეოლოგიური გათხრების პარალელურად, ეს აღქმა შეიცვალა.
როგორ გამოიყურებოდნენ ნეანდერტალელები?
არქეოლოგებმა ჩვენსა და ნეანდერტალელებს შორის ფიზიკური განსხვავებები გამოავლინეს. ნეანდერტლელები უფრო დაბალები და მკვრივები იყვნენ. ნეანდერტალელს ჰქონდა უფრო განიერი მენჯი, მძიმე ძვლები და მეტი კუნთი.
ევოლუციური ანთროპოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ სტრუქტურამ ნეანდერტალელებს საშუალება მისცა შეენარჩუნებინათ სხეულის მეტი სითბო. ეს მათ ევრაზიის ყინულოვან კლიმატში გადარჩენაში ეხმარებოდა. ამის საპირისპიროდ, აფრიკიდან წარმოშობილ თანამედროვე ადამიანებს სიცივის მიმართ ნაკლები რეზისტენტულობა ჰქონდათ.
მეორე თეორიის მიხედვით, ნეანდერტალელები ფიზიკურად უფრო ძლიერები იმიტომ იყვნენ, რომ მათ დიდ ცხოველებზე ნადირობა შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე უწევდათ.
თავის მხრივ, ჰომო საპიენსს გააჩნდა ნიკაპი, რომლის მსგავსი არცერთ ჰომინიდს ჰქონია, მათ შორის არც ნეანდერტალელს. გარდა ამისა, ნეანდერტალელები ჩვენგან ცხვირის ფორმითაც განსხვავდებოდნენ. მათ ბევრად უფრო განიერი ნესტოები ჰქონდათ, რაც მკვლევრების აზრით, სახეობას სუნთქვისას სითბოს შენარჩუნებაში ეხმარებოდა.
ასეთ ცხვირს ნეანდერტალელებისთვის უკეთესი სუნთქვის საშულაება შეიძლება მიეცა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ზოგიერთ ჩვენგანს დიდი ცხვირი სწორედ ნეანდერტალელებისგან გადმოჰყვა. ცნობილია, რომ ნეანდერტალელები და ჩვენი წინაპრები წყვილდებოდნენ, შესაბამისად, არ არის გამორიცხული მათ გენებს ცხირივის "ზომაც" გადმოჰყოლოდა.
დაბოლოს, ნეანდერტალელების კბილების ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო სწრაფად მწიფდებოდნენ, ვიდრე ჰომო საპიენსები. ანუ, შესაძლოა, ნეანდერტალელი სრულწლოვანებამდე 15 წლის ასაკში აღწევდა.
რამდენად ჭკვიანები იყვნენ ნეანდერტალელები?
მნიშვნელოვანია განსხვავებები თავის ქალის ფორმის მხრივ. საერთო ჯამში, ჩვენი თავის ქალა დაახლოებით იგივე ზომისაა, როგორიც ეს ნეანდერტალელების შემთხვევაში. თუმცა, ჩვენი ტვინის ფორმა უფრო მომრგვალებულია, ნეანდერტალელების კი შედარებით ბრტყელი.
ეს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე ბევრს არ გვეუბნება. თუმცა, ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰომო საპიენსს აქვს ერთი გენეტიკური მუტაცია, რომელიც ხელს უწყობს ნეირონების განვითარებას პრეფრონტალურ ქერქში. ეს ტვინის ის ნაწილია, რომელიც კომპლექსურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი.
ნეანდერტალელებს ჩვენზე ოდნავ დიდი ტვინი ჰქონოდათ, მაგრამ სავარაუდოდ, ჩვენ ცერებრალური "აპარატურა" უფრო განვითარებული გვქონდა.
მიუხედავად ამისა, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ნეანდერტალელები ცეცხლს იყენებდნენ, კრძალავდნენ თავიანთ დაღუპულებს და ქმნიდნენ ხელოვნებასაც კი.
შეუძლებელია 40 000 წლის წინ გადაშენებული სახეობის ქცევის სრულად გაგება, მაგრამ 2010 ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნეანდერტალელი დნმ-ის დაახლოებით 99,7%-ს იზიარებდა ჩვენთან. ამიტომ, დღეს ბევრს მიაჩნია, რომ ნეანდერტალელებს ისეთივე გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდათ, როგორც ჩვენ.
კომენტარები