რაკეტა Starship მეორე სატესტო მისიის ფარგლებში გაუშვეს
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-მა მეორე სატესტო ფრენა განახორციელა.
კომპანიამ ამის ნებართვა ახლახან მიიღო და მისია 17 ნოემბერს ჩანიშნა, თუმცა აპარატის პირველი საფეხურის ნაწილის გამოცვლა გახდა საჭირო, ამიტომ გაშვება ერთი დღით გადაიდო.
დღეს კი, 18 ნოემბერს, თბილისის დროით 17:04 საათზე, დაახლოებით 120-მეტრიანი Starship სამხრეთ ტეხასში მდებარე კოსმოდრომ Starbase-იდან აფრინდა, რაც უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა.
პირველი სატესტო ფრენა 20 აპრილს შედგა. აპარატი ატმოსფეროში დაუბრკოლებლად აიჭრა, თუმცა, სანამ ორბიტამდე მივიდოდა, აფეთქდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მისია მაინც წარმატებულად მიიჩნია, რადგან თავად ილონ მასკი მსგავსი სცენარისთვის მზად იყო.
მსგავსი რამ მოხდა ახლაც. გაშვებიდან რამდენიმე წუთში რაკეტის ამაჩქარებელი საფეხური აფეთქდა. ის ოკეანეში უნდა დაშვებულიყო. თავად Starship-მა გზა განაგრძო, თუმცა მისგან მონაცემების მიღება ვეღარ მოხერხდა. ეს ყველაფერი სპეციალისტებს მომდევნო მისიის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება.
მიუხედავად წარუმატებლობისა, ეს ფრენა წინა მცდელობაზე უკეთესი აღმოჩნდა, რადგან რაკეტა უფრო შორს აიჭრა და საფეხურები ერთმანეთს გამოეყო.
ამ რაკეტაზე დიდ იმედებს ამყარებენ, რადგან ის მრავალჯერადი გამოყენებისაა და სიმძლავრითაც გამორჩეულია, რის გამოც მის გამოყენებას პლანეტათაშორის მოგზაურობაში აპირებენ. გეგმის მიხედვით, Starship-ის სამომავლო კოსმოსურ ვოიაჟში პირველი გაჩერება მთვარე იქნება. უფრო ზუსტად, მისი დახმარებით მისია Artemis 3-ის ეკიპაჟი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვება, რითაც იქ კაცობრიობის დიდი დაბრუნება შედგება.
მომდევნო გაჩერება წითელი პლანეტაა, სადაც მასკს Starship-ის დახმარებით კოლონიის დაარსება სურს. ამისთვის იქ ტვირთის, მათ შორის ბაზების ასაშენებლად საჭირო მასალებისა და, რაც მთავარია, ადამიანების ტრანსპორტირებას სწორედ ეს აპარატი ითავებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია SpaceX-მა Starship-ზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში მის დახვეწას ცდილობდა. აქამდე ხომალდის პროტოტიპებს მცირე დისტანციაზე უშვებდნენ, სულ რამდენიმე მეტრ სიმაღლეზე, მანძილის ზრდის პარალელურად კი აფეთქებები იმატებდა. საბოლოოდ, 2021 წელს რაკეტა გაშვების შემდეგ წარმატებით, აფეთქების გარეშე დაეშვა, რაც ამდენი მცდელობის შემდეგ პირველად მოხდა.
იქიდან მოყოლებული, კომპანია უკვე Super Heavy-ზე გადაერთო, რომელიც 69 მეტრი სიმაღლისაა და Raptor-ის ტიპის 33 ძრავს მოიცავს. ის ამაჩქარებელი საფეხურის ფუნქციას ასრულებს და აპარატის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
კომენტარები