როგორ გადავჭრათ ბავშვების სკოლაში შიმშილის პრობლემა — გამოსავლის გზები
"სასკოლო კვებასთან დაკავშირებულ პროექტში ვმონაწილეობდი, სადაც მოსწავლეებმა გამოცდილებები და ისტორიები გავუზიარეთ ერთმანეთს. ამან უფრო ღრმა წარმოდგენა შემიქმნა, თუ რა ხდება სხვა სკოლებში კვებასთან დაკავშირებით", — ამბობს თბილისის ერთ-ერთი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, — "ჩემი მეგობრისგან მოვისმინე ისტორია, რომ მის სკოლაში არის "ნისიების რვეული", და მეორე და მესამეკლასელ ბავშვებს, რომლებსაც გადასახდელი თანხა უგროვდებათ, აღარ აძლევენ საჭმელს".
საქართველო — ღარიბი ბავშვების ქვეყანა
ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვით,
- 2023 წლისთვის, საქართველოში 230 880 ბავშვი იღებს საარსებო მინიმუმს.
- საუბარია 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე.
- ეს არის ქვეყანაში, ამ ასაკობრივ კატეგორიაში მცხოვრები ბავშვების საერთო რაოდენობის 28%.
- მათი დიდი ნაწილი სკოლაშიც შიმშილობს.
ფართო სურათში: სასკოლო კვების პრობლემა საქართველოში
- საქართველო, მსოფლიოს ქვეყნების იმ 10%-შია, სადაც სასკოლო კვების პროგრამა ჯერ არ დანერგილა.
- ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის დოკუმენტის მიხედვით, კვების ობიექტები საჯარო სკოლების მხოლოდ 30%-შია, რომელთა უმეტესობა თბილისსა და სხვა ურბანულ დასახლებებშია.
- სოფლად კი, სკოლების დაახლოებით 90%-ს ბუფეტი საერთოდ არ აქვს.
- მოძრაობა ხმის მიხედვით, სკოლების 4%-ს უწყვეტად არ მიეწოდება წყალი.
საქსტატისა და UNICEF-ის ერთობლივი მონაცემების მიხედვით:
- სასკოლო საათებში ყოველდღიურად იკვებება ბავშვების 27%;
- ხოლო არასდროს იკვებება ბავშვების 35%;
- მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში სკოლაში შიმშილის შემთხვევები მნიშვნელოვნად უფრო ხშირია — 45%.
რატომ ხდება ეს? მიზეზები ამ ინფოგრაფიკაზეა:
სოციალური უთანასწორობა
მოსწავლე, რომელსაც სასკოლო კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ, გვიზიარებს, რომ პრობლემა, ყველაფერთან ერთად, სოციალური უთანასწორობის გამოწვევებსაც აჩენს ბავშვებში.
- "ხშირად მსმენია, რატომ არ მიაქვთ ბავშვებს საკვები სახლიდანო. ლოგიკური კითხვაა, მაგრამ ახსნა აქვს: თითქმის არავის დააქვს საჭმელი, რადგან სკოლებში არ არის სივრცე, მოწესრიგებულ კაფეტერიაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც შეიძლება ჭამო. და თუ საკლასო ოთახში მოხსნი თავს კონტეინერს და კლასში შენი მოტანილი საჭმლის სუნს დააყენებ, სხვა ბავშვებსაც შიათ და რამდენს შეძლებ, გაუნაწილო საჭმელი?", — გვითხრა მან.
ჯანმრთელობის საზიანო პროდუქტები სკოლის ბუფეტებში
ხატია მიმინოშვილი 4 შვილის დედაა და ჩართულია ორგანიზაციის საქმიანობაში სახელწოდებით, მშობლები განათლებისთვის.
- ხატია იმაზე გვესაუბრა, რა პრობლემებია სკოლებში, სადაც ბუფეტები კი ფუნქციონირებს, მაგრამ იქ უხარისხო, ჯანსაღ კვებასთან შეუსაბამო პროდუქტებს ყიდიან.
მიმინოშვილი ამბობს, რომ "სკოლის ბუფეტი" მეტსახელი უფროა, რეალურად კი, "ჩვეულებრივი ჯიხურია", სადაც ყიდიან ყველაფერ იმას, რაც არ უნდა იყიდებოდეს ზოგადად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც კი, რადგან "ასეთ პროდუქტებს ბავშვის ჯანმრთელობისთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს."
მშობელს მხედველობაში აქვს პროდუქტები, როგორიცაა: ჟელიბონები, ჩუპა-ჩუპსები, ე.წ. პიკნიკები, ხაჭაპურები და ლობიანები.
ხატია მიმინოშვილი ერთ-ერთია იმ 10 000 ხელმომწერიდან, რომლებმაც სკოლებში ჯანსაღი პრობლემის დანერგვა პეტიციით მოითხოვეს და შესაბამისი მოთხოვნა განათლების სამინისტროსთან ერთად, პარლამენტს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს წარუდგინეს.
- "ხელმოწერები განათლების სამინისტროს ჩავაბარეთ და 25 ოქტომბერს შევხვდით მინისტრს. წლის ბოლომდე დათქვეს დრო ბრძანების ძალაში შესასვლელად, რაც პირველ რიგში, არაჯანსაღი, ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტების დაუყოვნებლივ ამოღებას და გაძლიერებულ მონიტორინგს გულისხმობს. გვითხრეს, რომ ჯანსაღი კვების დანერგვაც ეტაპობრივად განხორციელდება, თუმცა უფასო კვებამდე, ჯერ, ალბათ, შორია", — ამბობს მშობელი.
რა გადაჭრიდა პრობლემას — პირველი ნაბიჯების ხედვა
საქართველოში სასკოლო კვების დანერგვის მიმართულებით, განათლების კოალიცია მუშაობს აქტიურად.
- კოალიციის დირექტორი, გიორგი ჭანტურია მიიჩნევს, რომ პირველი ნაბიჯები მოკლევადიანი საპილოტე პროგრამის დანერგვაა, "რათა გარკვეული მონაცემები და ცოდნა, რაც ამ საკითხზე საერთაშორისო პრაქტიკიდან გვაქვს, მეტად შევავსოთ".
- მისი თქმით, პროცესში ბევრი ისეთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც სკოლებს ერთმანეთისგან განახვავებს. მაგალითად, სკოლები, შესაძლოა, 10 წუთის სავალზეც კი იყვნენ ერთანეთისგან დაშორებული, მაგრამ თითოეულში სხვადასხვა კონტექსტი იყოს.
- "ასევე, გასათვალისწინებელია მაღალმთიანი რეგიონების, ქალაქიდან დაშორებული სკოლებისა და არაქართულენოვანი სკოლების განსაკუთრებული საჭიროებები და ასე შემდეგ", — ამბობს ის.
გიორგი ჭანტურია მიიჩნევს, რომ მოკლევადიანი საპილოტე პროგრამა მეტი საჭიროების იდენტიფიცირებაში დაეხმარება პროცესს, რომელიც თავის მხრივ, ინკლუზიური უნდა იყოს და სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებრივი სექტორის, მასწავლებლების, დირექტორების, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობაც. მათ შორის, ნუტრიციოლოგების — იმის განსასაზღვრად, საკვები რა პროდუქტისგან უნდა მზადდებოდეს, რა კალორაჟი ჰქონდეს და ასე შემდეგ.
რა დაუჯდება ბიუჯეტს უფასო სასკოლო კვება
ამ საკითხებზე მომუშავე ქართული ორგანიზაციების გამოთვლით,
- ყველა პირველ კლასელის უფასო კვების პრობლემის გადასაჭრელად, წლის განმავლობაში დაახლოებით, 25 მილიონი ლარი იქნება საკმარისი, რაც თითო მოსწავლისთვის ერთ სენდვიჩსა და წყალს ითვალისწინებს.
- თორმეტივე კლასისთვის უფასო კვების უზრუნველყოფა კი სახელმწიფოს 300 მლნ ლარი დაუჯდება, "რაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამისთვის დიდი თანხა არ არის", — ამბობს გიორგი ჭანტურია.
სტრიქონებს შორის: ჯანდაცვის სამინისტროს მიერვე მომზადებული, 2015 წლის გაიდლაინის მიხედვით, ბავშვთა სასკოლო კვებისთვის საუკეთესო ვარიანტია, მოზარდების კვებითი რაციონი მოიცავდეს: ხილისა და ბოსტნეულის საკმარის რაოდენობას; სასმელი წყლის საკმარის რაოდენობას; ხორცის, თევზის, კვერცხის, ლობიოსა და სხვა ცილიოვანი პროდუქტის საკმარის რაოდენობას; რძესა და რძის ნაწარმს; ცხიმის, მარილისა და/ან შაქრის შემცველ საკვებსა და სასმელებს — მცირე რაოდენობით.
პრობლემა ის არის, რომ გიორგი ჭანტურია იხსენებს მთავრობის 2 წლის წინანდელ დაპირებას, რომ თითქოს, სახელმწიფოს ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
- "შეგახსენებთ, 2 წლის წინ ამბობდა ეკატერინე ტიკარაძე — ჯანდაცვის იმ დროინდელი მინისტრი, ჩვენ უკვე 2 წელია, დაწყებული გვაქვს ამ მიმართულებით მუშაობაო, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერი გვინახავს. მაგალითად, განათლების სამინისტრო ამბობს, რომ რაღაც კვლევები აქვს ჩატარებული, რაც თვალით არ გვინახავს; რაღაც ფინანსური გათვლები აქვთ და ესეც არ გვინახავს. ანუ, რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ეს ჩვენში სკეპტიციზმს იწვევს."
განათლების კოალიციის მთავარი მიზანი ახლა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა. კოალიცია უკვე არის სასკოლო კვების გლობალური კოალიციის წევრი — სასკოლო კვების დანერგვისა და განვითარების მხარდასაჭერად მოძრაობა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ დაიწყო.
სტატია მომზადდა განათლების კოალიციის ინიციატივით USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია განათლების კოალიცია. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
კომენტარები