ადამიანის უფლებათა ასეთ ეროვნულ სტრატეგიას "ზოგიერთი ადამიანის უფლებების სტრატეგია" უნდა ეწოდოს
1-ელ ნოემბერს, საკმაოდ ემოციური გამოსვლა მქონდა ადამიანის უფლებების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან, ნიკო თათულაშვილთან შეხვედრაზე.
ჩემი ეს რეაქცია იმას მოჰყვა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმის (2024-2026) სამუშაო ვერსია მთლიანად უგულებელყოფს:
- ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების საჭიროებებს,
- მიზნად არ ისახავს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე განხორციელებული დისკრიმინაციის, ჩაგვრისა და ძალადობის აღმოფხვრას.
ამაზე ნიკო თათულაშვილის პასუხი იყო, რომ არავის დაჰპირებია, სამოქმედო გეგმაში სოგი საკითხები (*სოგი: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა) მოხვდებოდა და არც ახლა გვპირდება ამას. სხვა არგუმენტი ან კომენტარი ამ ყველაფერზე მას არ ქონია.
ეს კი, ნიშნავს, რომ მთავრობა უარყოფს იმას, რაც ქვიარ ადამიანების რეალობაა საქართველოში:
- დისკრიმინაცია დასაქმების და ჯანდაცვის სფეროში;
- სკოლაში ჰომოფობიური ბულინგი;
- ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ქუჩასა და სახლებში;
- გენდერის სამართლებრივი აღიარების არ არსებობა;
- ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა;
- შეკრების და მანიფესტაციის უფლებების უხეში დარღვევები;
- გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა;
- ლგბტ უფლებადამცველებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები;
- რადიკალური ჯგუფებიდან მომდინარე ძალადობა და მათი დაუსჯელობა,
სტიგმა, ჩაგვრა, გარიყვა, აგრესია...
ეს იმ პრობლემის არასრული ჩამონათვალია, რასაც საქართველოში ლგბტქი ადამიანები ვაწყდებით, მათ შორის, პირადად მე — მარიამ კვარაცხელია, ლესბოსელი ქალი და ადამიანის უფლებების აქტივისტი.
ის, რომ ადამიანების უფლებები ირღვევა მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე, დადასტურებულია მრავალი დოკუმენტითა და გადაწყვეტილებით. მათ შორისაა:
- ჩანაწერი ანტიდისკრიმინაციულ კანონში,
- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც სტრასბურგი ამბობს, რომ 2012 და 2013 წლებში დაირღვა ლგბტ ადამიანების შეკრების უფლება და ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.
სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ახალი გადაწყვეტილებაც, სადაც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ საქართველოში არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი — კანონმდებლობაში ჩავარდნაა და ეს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს არღვევს. აღარაფერს ვამბობ ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კვლევებსა და ანგარიშებზე.
31 ოქტომბერს ხელმისაწვდომი გახდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმის (2024-2026) სამუშაო ვერსია, რომელშიც, რამდენიმე თვის წინ მიღებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030) მსგავსად, ლგბტ ჯგუფი ერთადერთი მოწყვლადი ჯგუფია, რომელიც ამ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში გამოტოვეს.
ამას ისიც ადასტურებს, რომ წინა სტრატეგია და გეგმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებს ითვალისწინებდა. ამბობდა, რომ არსებობს პრობლემები და გაწერილი იყო შესაბამისი რეაგირების გზებიც. მაგრამ ახალი სტრატეგია და გეგმა სრულიად "აქრობს" ჩემი თემის საჭიროებებს.
რას ნიშნავს ეს, ჰომოფობია დავძლიეთ? აღარ ირღვევა ან იზღუდება ლგბტ უმცირესობის უფლებები ამ ქვეყანაში? ამ საკითხების გაწერა პოლიტიკის დოკუმენტებში აღარ გვჭირდება?
სინამდვილეში, ლგბტ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები არსად წასულა. ქვიარ ადამიანებს კვლავ ელემენტარული უფლებებისთვის გვიწვევს ბრძოლა, მაგრამ
ჯერ კიდევ არის თეორიული შანსი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის გეგმას სოგი საკითხები დაემატოს. იმედი გვაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება, სახალხო დამცველის ოფისი, საერთაშორისო ინსტიტუტები აიმაღლებენ ხმას ამ უსამართლობის წინააღმდეგ და არ დაუშვებენ ჩვენს გაქრობას. და თუ ეს არ მოხდება ეს იქნება ხელისუფლების მარცხი.
ადამიანის უფლებათა სტრატეგია, რომელიც არ იცავს ყველა მოქალაქის უფლებებს, არ არის ქვეყნის სტრატეგია — მას "ზოგიერთი ადამიანის უფლებების სტრატეგია" უნდა ეწოდოს.
კომენტარები