ცივი ომის პერიოდში დასავლეთ ევროპას ჩრდილოეთ გერმანიის გავლით საბჭოთა კავშირის ჯარების შეჭრის საფრთხე ემუქრებოდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა აქტიურად ეძებდა გზებს, რომ ასეთი შეტევა შეეჩერებინა, რა დროსაც ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გეგმა დაიბადა. ამ პროექტს კოდური სახელით "ლურჯი ფარშევანგი" ვიცნობთ.

ის ჩრდილოეთ გერმანიის ტერიტორიაზე 10-კილოტონიანი ბირთვული ნაღმის ჩამარხვას ითვალისწინებდა. მისი ამოქმედება შეიძლებოდა დისტანციურად ან ტაიმერით, რომლის მაქსიმალური დაყოვნება 8 დღე იყო. ჩანაფიქრის თანახმად, აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური დაბინძურება მტერს თავშეკავებისკენ უბიძგებდა.

1955 წლის ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტი, რომელსაც Discovery ციტირებს, ამ იარაღის ეფექტიანობას ასე აღწერდა: "ბირთვული ნაღმის ოსტატურად განთავსება არა მხოლოდ გაანადგურებდა ფართო ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას, არამედ დაბინძურების გამო მტრისთვის ამ არეალს დიდი ხნით ხელმიუწვდომელს გახდიდა".

და მაინც — გეგმის განხორციელებას გარკვეული სირთულეები ახლდა. იმ დროისთვის გაერთიანებულ სამეფოს მხოლოდ "ლურჯი დუნაის" სახელით ცნობილი ბირთვული იარაღი ჰქონდა, რომელსაც კონტროლირებადი ტემპერატურის პირობებში შენახვა სჭირდებოდა. ტესტირებებმა აჩვენა, რომ ევროპის ზამთრის სიცივის გამო ბომბიც გაცივდებოდა და გამოუსადეგარი გახდებოდა.

ფოტო: Getty Images

1957 წელს პროექტზე მომუშავე მეცნიერებმა ქათმების საკმაოდ უცნაური, მაგრამ პრაქტიკული გამოყენების იდეა წარადგინეს. მათი გეგმა ბომბის შიგნით სწორედ ამ არსებები მოთავსება იყო. ქათმები ბომბის კორპუსში ჩაკეტილები იქნებოდნენ და მათ ერთი კვირის სამყოფი წყალი და საკვები ექნებოდათ. ქათმების სხეულის მიერ გამოყოფილი სითბო საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ბომბი თბილ მდგომარეობაში დარჩენილიყო და გამართულად ემუშავა.

საბედნიეროდ, ეს გეგმა არასდროს განხორციელებულა. სპეციალისტებმა ბირთვული ნაღმის პროტოტიპები შექმნეს და მხოლოდ ერთი ტესტი ჩაატარეს, რის შემდეგაც პროექტი შეჩერდა. გაერთიანებული სამეფოს ეროვნულმა არქივმა "ლურჯი ფარშევანგის" დეტალები 2004 წელს გაასაჯაროვა. მისი გამოქვეყნება 1-ელ აპრილს დაემთხვა, რის გამოც ბევრმა იფიქრა, რომ ეს ხუმრობა იყო.

"ეს საპირველაპრილო ხუმრობა არაა. აღნიშნული დოკუმენტები პირდაპირ ალდერმასტონის არქივიდანაა. რატომ ან როგორ უნდა შეგვექმნა ყალბი დოკუმენტები?" — განაცხადა მაშინ პროფესორმა პიტერ ჰენესიმ, რომელიც იმ გამოფენას ხელმძღვანელობდა, სადაც ზემოხსენებული პროექტი გაასაჯაროვეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.