ტრამპის თავის ტკივილი — ჩინური ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო სწრაფად ვითარდება

ფოტო: Economist
დონალდ ტრამპმა თავის ინაუგურაციაზე აღნიშნა, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტი ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. მისი თქმით, ხელოვნური ზოგადი ინტელექტი არის ის, რაც პირველმა ამერიკამ უნდა შექმნას. ტრამპისთვის მსგავსი ტექნოლოგია ახალი და ინოვაციური სამუშაო ადგილების შექმნასთან ასოცირდება. ეს როგორც მინიმუმ, შეიძლება მეტიც მოხდეს, მივიღოთ ტექნოლოგიური რევოლუცია.
სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში 500 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. აშკარაა, ტრამპი აცნობიერებს, რომ დღეს რეალური კონკურენცია ტექნოლოგიებზე, კერძოდ ხელოვნურ ინტელექტზე გადის — იგივე ხედვა აქვს ჩინეთსაც. ტრამპის არჩევიდან პირველივე დღეებში ჩინურმა კომპანიამ ახალი დიდი ენის მოდელი (LLM) გამოუშვა. გაჩნდა ეჭვები, რომ აშშ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცალსახა ლიდერი აღარ არის.
ამაზე ფიქრი ბაიდენის ადმინისტრაციამ წლების წინ დაიწყო. მათ ჩინეთს ჩიპებზე შეზღუდვები დაუწესეს. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ჩინეთის პროგრესი აშკარაა. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ აშშ ჩინეთთან (AI-ის მიმართულებით) სერიოზული კონკურენციისთვის უნდა მოემზადოს.

ფოტო: indailysa
ჩინეთის LLM არ არის საუკეთესო, მაგრამ მისი დამზადება გაცილებით იაფი ჯდება. ახლა ყურადღების ცენტრშია DeepSeek, რომელიც შეიძლება ისეთივე ახალ ჩიპებს არ იყენებს, როგორსაც Meta, მაგრამ მას ბევრ ასპექტში უკვე გადაასწრო. მაგალითისთვის, ამერიკული LLM-ის "გაწვრთნის" ღირებულება ათობით მილიონი დოლარია. DeepSeek-ის მფლობელი ამბობს, რომ მან 6 მილიონ დოლარზე ნაკლები დახარჯა.
ამერიკულ კომპანიებს DeepSeek-ის ტექნიკის გამოყენება თავადაც შეუძლიათ, რადგან ეს მოდელი ღიაა ყველასთვის. და მაინც, ხელოვნური ინტელექტის გაწვრთნა მათ ასეთივე იაფი არ დაუჯდებათ.
რეალურად, DeepSeek-ის მოდელი OpenAI-ის ჩატბოტისთვის კონკურენციის გასაწევად არის შექმნილი. ამ ყველაფერს ციფრულ სამყაროში რევოლუციის მოხდება შეუძლია. თუ ასეთი რთული და დახვეწილი მოდელების შექმნა იაფად არის შესაძლებელი, მაშინ მსგავსი მცდელობები გახშირდება. რას ნიშნავს ეს? სულ უფრო მეტ ქვეყანას ექნება თავისი დიდი ენის მოდელი.
ამერიკისთვის კიდევ ერთი თავის ტკივილი ასიმეტრიული კონკურენციის წინაშე ყოფნა შეიძლება იყოს. ფაქტია, ჩინეთი სულ უფრო სერიოზულ ინვესტიციას აკეთებს ჩიპების წარმოებაში. მაგალითად, უფრო და უფრო უმჯობესდება Huawei-ის ტექნოლოგია. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი მოწინავე ტექნოლოგიას იაფად აწარმოებს.
დონალდ ტრამპისთვის ეს სერიოზული გამოწვევაა. როგორც სტატიის თავში ვახსენეთ, ტრამპს სურს, რომ ხელოვნური ზოგადი ინტელექტი პირველად სწორედ აშშ-ში შეიქმნას. ჩინეთის სტრატეგია — უფრო იაფად და სწრაფად — ტრამპის გეგმებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
რა ზომები უნდა მიიღოს ტრამპმა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა? ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეებში გვამცნო, რომ კერძო სექტორის მიერ განვითარებულ AI-ში 500 მილიარდი დოლარის ინვესტირებას სერიოზულად უდგება. მან ასევე გააუქმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რეგულაციები, რეგულაციები, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დააწესა.
ყველაფერი ეს გვაფიქრებს იმაზე, რომ ტრამპს ჩინეთისგან მომავალი საფრთხე ესმის და მის მიღებას ასე მშვიდად არ აპირებს. აშშ იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც ატომური ბომბი შექმნა, შემდეგ იყო ცივი ომი, კონკურენცია კოსმოსში და, აი, ახლა მსგავსი მასშტაბის ჭიდილი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით იწყება.
კომენტარები