მსოფლიოს 7 ახალი საოცრება
ძველი მსოფლიოს 7 საოცრების შესახებ, რომელთა სიაც ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში მოგვეპოვებოდა, ალბათ, ყველას სმენია. ესენია: როდოსის კოლოსი, გიზის დიდი პირამიდა, ბაბილონის დაკიდული ბაღები, ზევსის ქანდაკება, არტემიდას ტაძარი, ჰალიკარნასის მავზოლეუმი და ალექსანდრიის შუქურა.
კანადელ-შვეიცარიელი ბერნარდ ვებერისა და New 7 Wonders Foundation-ის ორგანიზებით 2000-იან წლებში ახალი საოცრებების შერჩევის პროცესი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დედამიწის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ადამიანებმა 200 ობიექტს შორის გააკეთეს არჩევანი. სასურველ მონუმენტსა თუ სტრუქტურას ხმა დაახლოებით 100 მილიონმა ინდივიდმა მისცა, რის შედეგადაც 2007 წლის 7 ივლისს სია შეადგინეს.
აი, ისინიც:
1. კოლოსეუმი, რომი
რომის კოლოსეუმის მშენებლობა ვესპასიანეს იმპერატორობისას, 70 წელს, დაიწყო და მისი შვილის, ტიტუსის, მმართველობისას დასრულდა. ესაა 2000 წლის წინანდელი ამფითეატრი, სადაც გლადიატორთა ორთაბრძოლები, ცხოველებზე ნადირობა, სხვადასხვა წარმოდგენა და დამნაშავეების სიკვდილით დასჯა მიმდინარეობდა. ისტორიკოსთა ვარაუდით, იქ ჯამში დაახლოებით 400 000 ადამიანი დაიღუპა.
გლადიატორების ორთაბრძოლები მეოთხე საუკუნეში აიკრძალა, მეექვსე საუკუნეში კი კოლოსეუმში თამაშები და წარმოდგენები უკვე აღარ იმართებოდა, რადგან რომს თავდასხმების ტალღები დაატყდა თავს. წლების განმავლობაში ეს ამფითეატრი ვანდალიზმის ობიექტად იქცა, მისი ნაწილი კი დაშალეს და სამშენებლო მასალად გამოიყენეს.
დღეს ამ სტრუქტურაში მხოლოდ 30 პროცენტია შენარჩუნებული იმისა, რაც თავდაპირველად იყო. ამის მიუხედავად, ის დღემდე ტურისტების მიერ ხშირად მონახულებადი ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. კოლოსეუმი, ასევე, ყველაზე დიდი ამფითეატრია, რომელიც ოდესმე აუგიათ.
2. პეტრა, იორდანია
პეტრა იორდანიაში მდებარე ქალაქია, რომელიც კლდეშია ამოკვეთილი. ის UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად 1985 წელს აღიარა, 2007 წელს კი უკვე ერთ-ერთი ახალი საოცრებათაგანი გახდა.
ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში ნაბატეველებმა ააშენეს, რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში სახლობდნენ. ქალაქი იმხელა არეალს იკავებს, რომ, შედარებისთვის, მანჰეტენზე 4-ჯერ დიდია. მისი ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი მახასიათებელი წყლის სისტემაა, რომელიც ერთგვარი კაშხლებისგან, შესანახი სტრუქტურებისგან და არხებისგან შედგება. ამ სისტემის ნაწილი 693 წელს მომხდარი ძლიერი მიწისძვრისას დაზიანდა, თუმცა ფუნქციონირებისას ნაბატეველებს საშუალებას აძლევდა, წყალი პეტრას გარეთ არსებული წყაროებიდან მოეპოვებინათ.
ფაქტობრივად, პეტრა არაბეთის უდაბნოს შუაგულში არსებული ოაზისი იყო. იქ რამდენიმე ტაძარი, საჯარო ნაგებობები, გვირაბები, მონუმენტები და სამარხები გვხვდებოდა, რომლებიც პირდაპირ კლდეში ამოკვეთეს. ეს ქალაქი, კოლოსეუმის მსგავსად, ტურისტებში პოპულარულია.
3. ჩიჩენ-იცა, მექსიკა
ჩიჩენ-იცა მექსიკაში მდებარე, 1500 წლის წინანდელი ქალაქია, რომელიც მაიას ცივილიზაციამ ააშენა. იქ ერთ დროს, სავარაუდოდ, 50 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო მისი შუაგული სამხრეთ-ცენტრალურ იუკატანის შტატში თითქმის 5 კილომეტრ ფართობზე ვრცელდება.
ფართო არეალში ერთმანეთთან დაკავშირებული 100-მდე გზა იყო. ასევე, ტაძრები, წყაროს აბანოები, სათამაშო მოედნები, ბაზრობები და პირამიდები. ჩიჩენ-იცას მონახულებისას შეამჩნევთ, რომ ბევრი ადამიანი ტაშს უკრავს. ეს იმიტომ, რომ როცა კუკულკანის ტაძრის ძირში ტაშს უკრავენ, შედეგად გამოცემული ექო ადგილობრივი ფრინველის, კეტცალის, ხმიანობას ემსგავსება. მას მაიას ხალხი თაყვანს სცემდა.
ჩიჩენ-იცას ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.
4. მხსნელი ქრისტე, ბრაზილია
ბრაზილიაში მდებარე ქრისტეს ქანდაკება ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს გადაჰყურებს ზემოდან. მისი სიმაღლე 30 მეტრია. ის იესოს ყველაზე დიდი ქანდაკება არაა, მაგრამ, ალბათ, ყველაზე მეტად ცნობილია.
მხსნელი ქრისტე, როგორც მას უწოდებენ, კორკოვადოს მთაზე დგას, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 710 მეტრ სიმაღლეზეა. ქანდაკების გაშლილი ხელების სიგანე 28 მეტრია და ის საერთო ჯამში 635 ტონას იწონის, გარდა საფუძვლისა, ანუ თავისუფლების ქანდაკებაზე თითქმის 3-ჯერ მძიმეა.
ქრისტეს ამ ქანდაკების დიზაინი ფრანგმა ხელოვანმა, პოლ ლანდოვსკიმ, შექმნა. ის 1922-1931 წლებს შორის პერიოდში ბრაზილიელი და ფრანგი ინჟინრების ჩართულობის წყალობით ააგეს. მხსნელი ქრისტე ახლა რიოსა და ბრაზილიის სიმბოლოდაა ქცეული, რომლის სანახავადაც იქ წელიწადში 2 მილიონი ადამიანი ჩადის.
5. მაჩუ-პიქჩუ, პერუ
მაჩუ-პიქჩუ პერუში, ანდების მთებშია, გაშენებული და 2430 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ის დაახლოებით 200 სტრუქტურის ნანგრევს მოიცავს, რომელთა შორისაცაა საცხოვრებელი, რელიგიური, საცერემონიო, ასტრონომიული თუ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.
ის მეთხუთმეტე საუკუნეში იკებმა ააშენეს, რომლებიც სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში ამ და მომდევნო საუკუნეებში ბატონობდნენ. მათი იმპერია კოლუმბამდელ ამერიკაში უდიდესი იყო. მაჩუ-პიქჩუში 600 სამეურნეო ტერასაა, რომლებიც დრენაჟისთვისა და ნიადაგის ნაყოფიერებისთვის გამოიყენებოდა, ასევე, მთას ეროზიისა და მეწყრებისგან იცავდა.
საინტერესოა, რომ სტრუქტურებში გამოყენებული ქვების დიდი ნაწილი შედუღაბებული არაა. ამის მიუხედავად, მიწისძვრებისას, რომლებიც იქ ხშირია, ისინი ირყევა, თუმცა ადგილზე რჩება და არ ინგრევა. რომ არა მსგავსი სამშენებლო მეთოდი, მაჩუ-პიქჩუს მრავალი ნაგებობა კოლაფსს დიდი ხნის წინ განიცდიდა.
ეს ერთგვარი ციტადელი ინკებმა მეტწილად აგებიდან 100 წელზე ნაკლებ დროში მიატოვეს. მათ არ სურდათ, ის ესპანელებს გაენადგურებინათ, ამიტომ შეძლებისდაგვარად მალავდნენ. ამისთვის ხალხმა მის გარშემო ტყე გააშენა, რათა მთამდე მისასვლელი ბილიკები ხეებს დაეფარა. გეგმამ იმუშავა და ესპანელებს მაჩუ-პიქჩუ არ აღმოუჩენიათ. 1911 წლამდე მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ადგილობრივებმა იცოდნენ, სანამ ისინი ნანგრევებს იელის უნივერსიტეტის პროფესორს აჩვენებდნენ. მან ამ ადგილს National Geographic-ში სტატია მიუძღვნა. დღეს მაჩუ-პიქჩუს უკვე მილიონობით ადამიანი სტუმრობს, იმდენად ბევრი, რომ პერუს მთავრობამ ვიზიტორების დღიური დაშვებული რაოდენობა 4044-დან 5044-მდე გაზარდა.
6. თაჯ-მაჰალი, ინდოეთი
ინდოეთში მდებარე თაჯ-მაჰალი გასაოცარი მავზოლეუმია, რომელიც მოგოლთა მეხუთე იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა საკუთარი ცოლისთვის, მუმთაზ მაჰალისთვის, ააშენა. ის მეთოთხმეტე შვილის გაჩენისას დაიღუპა.
თაჯ-მაჰალის მშენებლობა 1632 წელს დაიწყო და 1648 წელს დასრულდა, მთლიანმა კომპლექსმა კი საბოლოო სახე დამატებით 5 წელში მიიღო. მავზოლეუმის 35 მეტრი სიმაღლის გუმბათი ნახევრად გამჭვირვალე მარმარილოთია შექმნილი, რისი წყალობითაც დღის სხვადასხვა მონაკვეთში ფერს იცვლის: მზის ამოსვლისას მოვარდისფროა, დღის განმავლობაში თეთრი, ხოლო დაისისას — ოქროსფერი. კედლები მოზაიკებითაა გაფორმებული, რომლებშიც 40 ტიპის ძვირფასი ქვაა გამოყენებული, მათ შორის იყო ბრილიანტები, ზურმუხტები და მარგალიტები, ასევე, ოქრო და ვერცხლი. ბევრი მათგანი მეთვრამეტე საუკუნეში თავდასხმებისას მოიპარეს.
როგორც ცნობილია, ამ კომპლექსის აგება იმპერატორს იმ დროისთვის დაახლოებით 3.8 მილიონი დოლარის ეკვივალენტური თანხა დაუჯდა, რაც დღეს უკვე 840 მილიონი დოლარის ოდენობის ღირებულებაა. თაჯ-მაჰალს ყოველწლიურად 7-8 მილიონი ადამიანი სტუმრობს.
7. ჩინეთის დიდი კედელი
ჩინეთის დიდი კედელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში არსებობდა, ზოგიერთი ნაწილი კი, რომელიც მასშია გაერთიანებული, ამაზე ასობით წლის წინანდელია. მისი მშენებლობა დაახლოებით 220 წელს დაიწყო, ცინის დინასტიის წარმომადგენლის, ცინ შიხუანდის, მმართველობისას. ეს პროცესი ძველი გამყოფი ნაგებობების მოშლასა და ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ კედლების შეერთებას გულისხმობდა, რათა სტრუქტურების ერთი სისტემა მიეღოთ.
მათ ეს მოახერხეს და ახლა კედელი 5000 კილომეტრზე მეტ მანძილზეა გადაჭიმული. მისი დანიშნულება ჩრდილოეთიდან თავდასხმებისგან ქვეყნის დაცვა იყო. თავდაპირველად ის ჩინეთის ზღვის პორტიდან განსუს პროვინციამდე, 21 000 კილომეტრზე მეტ მანძილზე, ვრცელდებოდა. კონსტრუქციების გამაგრება და მშენებლობა საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა.
ეს სტრუქტურა ერთმანეთთან დაკავშირებული კედლებისგან, საგუშაგოებისგან, თხრილებისგან და გასასვლელებისგან შედგება. განსხვავებულია ამა თუ იმ ადგილას გამოყენებული სამშენებლო მასალაც: ზოგი ქვისგანაა აგებული, ზოგი კირქვისგან, ზოგი კი აგურებისგან.
ის დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ არქიტექტურულ ობიექტად მიიჩნევა, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული. ამის მიუხედავად, საზოგადოებაში გავრცელებული აზრი მცდარია იმის შესახებ, რომ ჩინეთის დიდი კედელი კოსმოსიდანაც ჩანს.
კომენტარები