ჯუჯა პლანეტა ცერერა შესაძლოა, სიცოცხლის საძიებლად კარგი კანდიდატი იყოს
მზის სისტემის ჯუჯა პლანეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ცერერაა, რომლის ზედაპირიც ასტეროიდებთან შეჯახების გამო უსწორმასწოროა. იმავე მიზეზით შესაძლოა, იქ დიდი ოდენობით ორგანული მატერია მოხვედრილიყო, რომელიც ციურ სხეულზე ამჟამად ფიქსირდება.
2017 წელს NASA-ს ზონდ Dawn-ის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ცერერას 51-კილომეტრიანი კრატერის მახლობლად ორგანული ნაერთები ალიფატური მოლეკულების სახითაა წარმოდგენილი. იქიდან მოყოლებული, მეცნიერები მათი წყაროს დადგენას ცდილობენ.
რამდენიმე კვლების მიხედვით, ისინი ჯუჯა პლანეტაზე ასტეროიდებიდან მოხვდა, მეორე მოსაზრებით კი თავად იქ წარმოიქმნა. ახალი ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ ეს მატერია ცერერაზე, სავარაუდოდ, იმაზე მეტადაა გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა. ასევე, ისინი კოსმოსურ შეჯახებებს უძლებს.
მათ ამ დასკვნების გამოსატანად NASA-ს ეიმსის კვლევით ცენტრში ექსპერიმენტები ჩაატარეს, რათა ის პირობები შეესწავლათ, რომლებიც ცერერაზე ასტეროიდებთან შეჯახებების შედეგადაა. სპეციალისტებმა Dawn-ის კამერისა და სპექტრომეტრის მიერ შეგროვებული ინფორმაცია გააანალიზეს და ციურ სხეულზე ორგანული ნაერთებით მდიდარი არეალები უპრეცედენტო დეტალებში გამოავლინეს.
კვლევამ შედარებით დიდი ხნის წინ გაჩენილი კრატერების შემცველ არეალებსა და ორგანულ მატერიას შორის მჭიდრო კავშირიც აჩვენა. ეს ნიშნავს, რომ ასტეროიდებმა დროთა განმავლობაში ამ მოლეკულების მაღალ კონცენტრაციაზე გარკვეული გავლენა იქონია.
"ახლა უკვე გვაქვს მტკიცებულება, რომ ორგანული ნაერთები ცერერაზე წარმოიქმნა, სავარაუდოდ, წყალთან ურთიერთქმედებით. შესაძლებელია, ორგანული მატერიის დიდი რეზერვუარი ჯუჯა პლანეტის შიგნით იყოს, რაც მის ასტრობიოლოგიურ პოტენციალს ზრდის", — აცხადებენ ავტორები.
გამოდის, რომ ცერერა სიცოცხლის კვალის მოსაძებნად ერთ-ერთი კარგი სამიზნე ობიექტია, რადგან იქ სათანადო მოლეკულები მრავლადაა. მომავალში მისი ზედაპირიდან ნიმუშების აღება და დედამიწაზე ჩამოტანა იგეგმება. მანამდე ზონდი Lucy ე.წ. ტროელ ასტეროიდებს გამოიკვლევს, რაც მზის სისტემისა და დედამიწის ფორმირების შესახებ მეტის გაგების საშუალებას მოგვცემს.
ახალი შედეგები მეცნიერებმა ახლახან ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების შეხვედრაზე წარადგინეს.
კომენტარები