შექმნეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ტვინის დაბერების პროცესს სწავლობს
ასაკთან ერთად, ჩვენი ტვინი განიცდის სტრუქტურულ და უჯრედულ ცვლილებებს. ამ პროცესზე გავლენას შინაგანი და გარე ფაქტორები ახდენენ. ტვინის დაჩქარებულმა დაბერებამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიროდეგენერაციული პროცესები, ბიპოლარული აშლილობა და ნაადრევი სიკვდილი.
იმისათვის, რომ უკეთ გაიგონ თუ როგორ ბერდება ტვინი, მკვლევრებმა სპეციალური ხელოვნური ინტელექტი შეიმუშავეს. ხელოვნურ ინტელექტს ტვინში ასაკთან დაკავშირებული ცვლილების გამოვლენა დაევალა.
მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიმუშავეს ალგორითმი სახელწოდებით HistoAge, რომელიც ადამიანის ტვინის ქსოვილის ნიმუშების უჯრედული შემადგენლობის საფუძველზე სიკვდილს პროგნოზირებს. ამისთვის მეცნიერებმა 689 დაღუპული ადამიანის ჰიპოკამპუსის ციფრული მოდელირება მოახდინეს.
რა აჩქარებს ტვინის დაბერებას
ცნობილია, რომ ჰიპოკამპუსი დაკავშირებულია როგორც ტვინის დაბერებასთან, ასევე ასაკზე დამოკიდებულ ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან. შესაბამისად, მსგავსი ანალიზის გასაკეთებლად ჰიპოკამპუსი ტვინის იდეალური რეგიონია.
"HistoAge-ს ტვინის პათოლოგიური დაბერების ჰოლისტიკური რაოდენობრივი მეტრიკის შემოთავაზება შეუძლია", — წერენ მკვლევარები.
მკვლევრების თქმით, მოდელს ტვინის დაბერების მექანიზმის ზუსტად გამოვლენა და მისი განსაზღრა შეუძლია. მოდელს ასევე შეუძლია აღმოაჩინოს ტვინის ის რეგიონები, რომლებიც დაუცველია ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების მიმართ.
ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკაში
აქამდე არსებული მიდგომები, როგორიცაა MRI სკანირება, ტვინის დაბერებისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების შესწავლის მხრივ შეზღუდული იყო. MRI-ს შეუძლია გადაიღოს მხოლოდ მაკროსკოპული ცვლილებები, რომლებიც ხდება უჯრედების დონეზე. მაშინ როცა ახალი ტექნიკა იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს ისეთი უჯრედების მდგომარეობა, რომლებიც სხვა საშუალებებით უბრალოდ არ ჩანს.
"მეცნიერები სულ უფრო ხშირად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს კვლევისა და დიაგნოსტიკის პირობებში. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც რევოლუციას ახდენს და მოახდენს მედიცინაში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები