სარკეები მთვარეზე?! — რატომ დავტოვეთ და რა კავშირშია GPS სისტემებთან
რომ არა ეს სარკეები შესაძლოა გადაადგილებისთვის დღესაც ქაღალდის რუკები დაგვჭირვებოდა.
1969 წლის 20 ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ამ დღეს ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე. თუმცა ეკიპაჟმა მთვარეზე ამერიკის დროშის გარდა სხვა რამეც დატოვა.
მისიის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო რამდენიმე ოპერაცია, მათ შორის ერთ-ერთი იყო მთვარეზე ლაზერული რეტრო-რეფლექტორების დამონტაჟება, რომლებიც დედამიწიდან გაშვებულ ლაზერს აირეკლავდა. NASA-მ ეს მოწყობილობა თავისი მრავალმხრივობის და სხვა ლოჯისტიკური მიზეზების გამო შეარჩია.
მკითხველს შესაძლოა ახსოვს სერიალ Big Bang Theory-ის ეპიზოდი, რომელშიც მთავარი გმირები საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ძლიერი ლაზერის მეშვეობით ცდილობენ მთვარეზე სიგნალის გაგზავნას და სულმოუთქმელად ელიან სიგნალის დაბრუნებას.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება სახლის სახურავზე ათეულობით მილიონი დოლარი ჯდება, ეს მაინც შესაძლებელია და მეცნიერები აპოლოს მისიის მიერ დატოვებულ კვარცის სარკეებს დღემდე იყენებენ დედამიწაზე.
ექსპერიმენტის ყველაზე მარტივი დანიშნულება დედამიწიდან მთვარემდე მანძილის მილიმეტრების სიზუსტით გაზომვა იყო. მეცნიერებმა დიდი სიზუსტით დაითვალეს დრო დედამიწიდან სიგნალის გაცემიდან უკან მიღების მომენტამდე, ეს დრო შეაფარდეს ორთან და გადაამრავლეს სინათლის სიჩქარეზე. ანუ, როგორც სკოლაში გვასწავლიდნენ.
გარდა ამისა, ექსპერიმენტის ფარგლებში შემოწმდა აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია, რომლის მიხედვითაც მთვარეზე წესით დრო უფრო სწრაფად უნდა მიედინებოდეს, ვიდრე დედამიწაზე, რადგან დედამიწაზე მიზიდულობის ძალა 6-ჯერ ძლიერია, ვიდრე მთვარეზე. მიუხედავად იმისა, რომ დროის შენელების ეფექტი მილიწამების რიგის იყო, მეცნიერებმა მაინც შეძლეს ამის დაფიქსირება, რამაც დიდი გავლენა იქონია GPS სისტემების განვითარებაზე.
მეცნიერებმა შეძლეს ზუსტად განესაზღვრათ დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრების ტრაექტორიები. ფარდობითობის ზოგადი თეორიის გათვალისწინების გარეშე GPS სისტემების ცდომილება კილომეტრების რიგის იქნებოდა, რაც მათ აბსოლუტურად გამოუსადეგარს გახდიდა.
თუმცა ამ ექსპერიმენტის დანიშნულება არც ამით მთავრდება. სარკეების დახმარებით მეცნიერები წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილის ცვლილებას და დაასკვნეს, რომ მთვარეს აქვს თხევადი ბირთვი. უფრო სიღრმისეული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ მთვარეს მილიარდობით წლის წინ თავისი მაგნიტური ველიც გააჩნდა, რომელიც სიდიდით დედამიწის მაგნიტურ ველს უსწორდებოდა, თუმცა როდის და რა მექანიზმის გავლენით გაჩერდა მაგნიტური ველის გამომუშავება, უცნობია.
სარკის ექსპერიმენტს გამოარჩევს ის ფაქტიც, რომ ის არის ერთადერთი მუშა ექსპერიმენტი, რომელიც ორმოცდაათ წელზე მეტია აგრძელებს ფუნქციონირებას.
თუმცა, რა თქმა უნდა, დრომ კვალი კვარცის სარკეებსაც დაატყო; სარკეების ეფექტურობა თავდაპირველთან შედარებით 10 პროცენტზე ჩამოვიდა. მეცნიერები სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ, მათ შორის არსებობს ვარაუდი, რომ, შესაძლოა, მცირე ზომის მეტეორების დაჯახებამ გამოიწვია ფხვიერი მასის გაფანტვა, რომელიც სარკის ზედაპირზე მოხვდა... თუმცა ბოლო ათწლეულებში ლაზერები 1000-ჯერ უფრო ძლიერია, რაც კარგად აკონპენსირებს სარკეებიდან არეკლილი გამოსხივების შესუსტებას.
აპოლო 11-ის გაშვება მთვარეზე კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გასაოცარი მიღწევაა. რომ არა აპოლო 11-ის მისიის მთვარეზე დაშვება, შესაძლოა ნავიგაციისთვის დღესაც ქაღალდის რუკები დაგვჭირვებოდა.
ასევე იხილეთ: საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — კონსპირაციის უარყოფა
მეცნიერება კაცობრიობის ისტორიაში განვითარების ყოველ ეტაპზე ცენტრალურ როლს თამაშობდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანს თავისი არსებობის დასაწყისიდან მილიონობით წელი დასჭირდა ქვის იარაღების შესაქმნელად, შემდეგ კიდევ ასიათასობით წელი დამწერლობის შესაქმნელად, ელექტრომაგნეტიზმის აღმოჩენიდან 1 საუკუნეში მთვარეზე დაჯდომა მართლაც შთამბეჭდავი შედეგია. ეს მიუთითებს განვითარების ყოველდღიურად მზარდ ტემპზე, რომელსაც კაცობრიობა დღემდე ერთგულად მიუყვება.
კომენტარები