მთიანი ყარაბაღიდან ბოლო ავტობუსი გავიდა
მთიანი ყარაბაღიდან ფაქტობრივად მთელი მოსახლეობის გადასახლების პროცესი დასრულდა. ბევრი მათგანი იძულებული გახდა ნულიდან დაეწყო ახალი ცხოვრება, იმის ფიქრით, ვინ და რა დატოვა უკან.
29 სექტემბერს გორისისკენ მიმავალი გზა სახურავზე ბარგდამაგრებულმა მანქანებმა და პირადი ნივთებით სავსე სატვირთოებმა გაავსო.
სამხრეთ სომხეთში მდებარე ქალაქი გორისი, მთიანი ყარაბაღიდან შიშით გაქცეულთა მიმღები ქალაქი გახდა, სადაც ისინი რეგისტრაციისთვის და დროებითი თავშესაფრის საპოვნელად ჩადიოდნენ.
ლეიბებით, ბავშვის საწოლებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ველოსიპედებით დატვირთული მანქანები, ისევე, როგორც მსუბუქი ავტომობილებით სავსე სატვირთოები ჩრდილოეთით მიემგზავრებოდნენ. მათი მგზავრები ახალი ცხოვრების დასაწყებად გადადიოდნენ სომხეთში.
თუმცა ყველას არ ჰქონდა პირადი ნივთებით სავსე მანქანით წასვლის შესაძლებლობა.
იმ ხალხის უმრავლესობა, ვისაც 29 სექტემბერს შევხვდი, სომხეთში მთავრობის მიერ მიწოდებული ავტობუსით იყო ჩასული. ისინი იმ უკანასკნელთაგანი იყვნენ, ვინც რეგიონი დატოვა.
პირველ ოქტომბერს მთიანი ყარაბაღის უფლებადამცველმა, გეგღამ სტეფანიანმა განაცხადა, რომ გორისში ბოლო ავტობუსი ჩამოვიდა. მთიანი ყარაბაღის ჩაბარების შემდეგ, სომხეთში 100 000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა. რეგიონში გაგზავნილი გაეროს მისიის მონაცემების მიხედვით, ამჟამად მთიან ყარაბაღში 50-დან 1 000-მდე ეთნიკური სომეხი რჩება.
"არც საბანი, არც ლეიბი, არც მაცივარი, არც ტელევიზორი, არც ავეჯი. ყველაფერი თურქებს დარჩათ", — ამბობს, ლორა ვარდანიანი, ძეგლის კვარცხლბეკზე მჯდომი მოხუცი ქალი. მთიანი ყარაბაღის ყველა სომეხი, რომელთაც ვესაუბრე, აზერბაიჯანელებს ასე მოიხსენიებდა.
ლორა და მისი ექვსსულიანი ოჯახი იმ დილით გორისში ჩავიდა და სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქში, გიუმრიში, გადაყვანას ელოდებოდა. 1997 წლამდე ისინი სწორედ იქ ცხოვრობდნენ, სანამ მთიანი ყარაბაღის ქალაქ ქაჯავანში (ამირანლარში) გადავიდოდნენ.
ლორას ვაჟი 2020 წელს მეორე მთიანი ყარაბაღის ომის დროს, პურის ცხობისას დაჭრეს. საუბარს მისი ქალიშვილი, მარიამ ნალბანდიანი, შემოუერთდა და დაამატა, რომ იმავე ომის დროს მათ სახლი დაკარგეს და იძულებულნი გახდნენ მარტუნში (ხოჯავანდი) გადასულიყვნენ და სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ ნაქირავებ საცხოვრებელში დარჩენილიყვნენ.
"ჩვენ ვფიქრობდით რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ბოლო წუთამდე არ გვჯეროდა, რომ წასვლა მოგვიწევდა", — ამბობს მარიამი 2020 წლის 44-დღიანი ომის შედეგებზე, რომელშიც სომხური მხარე დაამარცხა.
ოჯახმა მარტუნში დარჩენილი მხოლოდ სამი ადამიანი იცის. მოხუცი ქალი, რომელსაც ქმრის საფლავის დატოვება არ სურდა; კაცი, რომელსაც შვილის საფლავის დატოვება არ სურდა და უსახლკარო ადამიანი.
ამჯერად, მათ მხოლოდ ტანსაცმლის წამოღება შეძლეს. თითოეულმა მათგანმა ჩაალაგა ჩანთა და დატოვა იქაურობა. მაგრამ მარიამმა, რაღაც განსაკუთრებულის, მარტუნში, მონტე მელქონიანის ქანდაკებიდან აღებული მარმარილოს ნატეხის წამოღება შეძლო.
მელქონიანი მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს მეთაური იყო. ის სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ეროვნული გმირია და გადამწყვეტი როლი ითამაშა მარტუნისთვის ბრძოლაში.
"ქანდაკება აიღეს, ვინც შეძლო, ნანგრევებიდან ნატეხები ამოიღო. ეს არის ყველაზე ღირებული რამ, რაც ავიღე, სხვა დანარჩენი მხოლოდ მატერიალურია. ეს არაფერია, ჩვენ შევქმნით მას. ჩვენ გატეხილები ვართ" — ამბობს თვალცრემლიანი მარიამი — "ჩვენ არ დაგვიკარგავს სახლი, ჩვენ სამშობლო დავკარგეთ".
"არავის ვუსურვებ იმ გზის გავლას, რაც ჩვენ გავიარეთ"
არც ისე შორს, ჩრდილში, არაკელიანების ოჯახი იჯდა, მარტაკერტის (აღდარა) რაიონის სოფელ ჰორათაღიდან (აშაღი ორათაღ). მათ გვერდით რამდენიმე ჩანთა ეყარა, რომლებიც დედამ ჩაალაგა აზერბაიჯანის ცეცხლის ქვეშ. მათ არ იცოდნენ სად წავიდოდნენ აქედან.
დები რაქსანა და რეგინა, რომლებიც 13 და 16 წლისანი არიან, იხსენებენ, რომ 19 ოქტომბერს ისინი შევიდნენ სახლში და სადილისთვის ემზადებოდნენ, როცა აზერბაიჯანის თავდასხმა დაიწყო. მუდმივად სასაზღვრო დაძაბულობის ამბების ფონზე, ისინი ელოდნენ რაღაცის დაწყებას, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ასეთი ცუდი რამ მოხდებოდა.
"ჩვენი სახლი სკოლასთან ახლოს არის. როცა სახლში მივედით, ისიც დაიწყო. ჩავედით სარდაფში. სამი საათის შემდეგ კი სკოლის სარდაფში წავედით" — ამბობს რეგინა. "იქ სოფლის ბევრი მაცხოვრებელი იყო. მას შემდეგ რაც თურქებმა (აზერბაიჯანელებმა) გააცნობიერეს რომ იქ ბევრი ხალხი იმყოფებოდა, მათ სკოლა სამიზნედ აქციეს" — ამბობს იგი.
მათი მამა, აზერბაიჯანის შეტევის პირველ დღეს, 19 სექტემბერს, დაიჭრა. ის 27 სექტემბერს ვერტმფრენით ერევანში გადაიყვანეს ოპერაციის ჩასატარებლად.
20 სექტემბერს სოფლის ევაკუაცია რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტში მოხდა.
ბავშვებით გარშემორტყმული კიდევ ერთი ქალი ზის ბალახზე. 27 წლის სონა ნაჰაპეტიანი ოთხი შვილის დედაა სოფელ დრმბონიდან (ჰეივალი). მას თავდაპირველად, ომის დაწყება ჭექა-ქუხილის ხმა ეგონა, რასაც მიჩვეული იყო ხშირად, თუმცა დიდი დრო არ დასჭირვებია რომ რეალობა გაეაზრებინა.
"ბავშვები სკოლაში იყვნენ, საშინლად შეეშინდათ და სახლში გაიქცნენ. სხვა ბავშვებიც იყვნენ, რომლებმაც არ იცოდნენ შიშით ვის სახლში შერბოდნენ. წარმოიდგინეთ ამ ბავშვების მდგომარეობა", — ამბობს სონა და დასძენს, რომ მის შვილებს ახლაც ეშინიათ ოდნავი აფეთქებისაც.
ისინი სტეფანაკერტში გადაიყვანეს, მშივრები და შეციებულები. ქმარი და ბავშვები ცხელებით ჩამოვიდნენ.
სონას სიძის მეუღლემ, გოჰარ ჰარუთუნიანმა, ბოლო ომი 2020 წლის 44-დღიან ომს შეადარა და თქვა, რომ მიუხედავად ხანმოკლეობისა და იმისა, რომ ერთ დღეს გაგრძელდა, ის მაინც უფრო საშინელი იყო.
გოჰანის ძმა დაიჭრა და ვერტმფრენით ერევანში გადაიყვანეს. მან თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში დაბრუნებას ნანობს.
"რაც გავიარეთ, ისევ იგივე განვიცადეთ" — ამბობს იგი.
"არავის ვუსურვებ იმ გზის გავლას, რაც ჩვენ გავიარეთ. ერთადერთი რაც მახარებს, ჩემი ოჯახის წარმატებით გამოსვლაა. არ გვქონდა იმედი, რომ გამოვაღწევდით" — ამობს გოჰარი.
ოჯახმა დატოვა სახლი, რომელიც მაღაროებში თავდაუზოგავი შრომითა და მეცხოველეობით შეიქმნა.
გორაჰი ყველაზე მეტად ნანობს, რომ ოჯახის ფოტოების გადაღების საშუალება არ ჰქონია. მან შეძლო სტეფანაკერტის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოეღო 30-ზე მეტი ჯარისკაცის ფოტო, რომლებიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს დაეცნენ. მათი სოფლის ევაკუაციის შემდეგ, ისინი დაახლოებით 10 დღე იქ იმყოფებოდნენ.
ეს იმიტომ გააკეთა, რომ ეშინოდა, უკვე სტეფანაკერტში მყოფი აზერბაიჯანელები მათ შეურაცხყოფდნენ.
"ისინი იარაღებით დადიოდნენ, გვიყურებდნენ, მიუთითებდნენ, იცინოდნენ. თავს დამცირებულად გრძნობ, სიტყვა არ გაქვს სათქმელი" — ამბობს გორაჰი.
ბავშვების გართობის მცდელობა
გორისის ქალაქის მოედანი ასევე მოხალისეებით იყო სავსე. ისინი დადიოდნენ და წყალს, ყავასა და საკვებს სთავაზობნენ ყველას, მათ შორის ჟურნალისტებსაც.
ქაოსის ფონზე, 100 000-ზე მეტი ადამიანის ტრაგედიის სცენის გვერდით, რომელთაც გზის გაგრძელება აქვთ გადაწყვეტილი, ბავშვების ჯგუფი თამაშობდა. სომხეთის UNICEF-ის მონაცემებით, ლტოლვილებიდან 30 000 ბავშვია.
"ამ დღეების განმავლობაში ბავშვები ვცდილობთ დავაკავოთ რაიმეთი" — ამბობს ჰასმიკ არზუმანიანი, ბარეკამის ცენტრის კოორდინატორი. "იმ რიგებში ყოფნის და ერთსა და იმავე ადგილას გაუთავებელი ჯდომის შემდეგ, ცოტათი შეიცვალონ გუნება-განწყობა, საბოლოოდ დაუბრუნდნენ თავიანთ თამაშებს და მშობლებს მისცენ საშუალება რიგში მშვიდად დადგნენ, დარეგისტრირდნენ, შეაგროვონ ტანსაცმელი, დარწმუნებულებმა იმაში, რომ ბავშვები უსაფრთხო ადგილას არიან".
Barekam Centre არის პროექტი, რომელსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს. 2020 წლიდან შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, Partnership and Teaching (პარტნიორობა და სწავლება)-ის ფარგლებში, სიუნიკის პროვინციის რამდენიმე დასახლებაში, რეგიონის და მთიანი ყარაბაღის ბავშვებისთვის ბავშვთა დღის ცენტრები შეიქმნა.
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის გუნდი, ექიმები საზღვრების გარეშე (MSF), მთიანი ყარაბაღიდან ჩამოსულ სომხებთან მომუშავეთა რიგებში არიან. ისინი მენტალური ჯანმრთელობის კუთხით მუშაობენ. ძირითადად ფოკუსირებული არიან პირველადი ფსიქიკური დახმარება გაუწიონ მათ, ვისაც ემოციური კრიზისი აქვს 9-თვიანი ბლოკადისა და გადასახლებით გამოწვეული ხანგრძლივი მოგზაურობის შედეგად, როცა უკან თავიანთი სახლები მოიტოვეს.
"ისინი შოკში არიან, აქვთ შფოთვები, მწვავე სტრესი, ღრმა დეპრესია" — ამბობს ფრანკინგ ფრიასი, MSF-ის სომხეთის დირექტორი — "ზოგიერთ მათგანს ფსიქოსომატური პრობლემები აქვს, რაც ნიშნავს, რომ ისინი ამ ემოციურ ფონს ფიზიკურ ტკივილად განიცდიან სხეულის სხვადასხვა ნაწილზე."
"რა თქმა უნდა, ზოგიერთ მათგანს აშკარა სამედიცინო პრობლემები აქვს. ზოგიერთ მათგანში ფიზიკური პრობლემები ფსიქიკური დაზიანების გამოხატულებაა, რადგან მათ ბევრი უარყოფითი ემოცია აქვთ", – განუცხადა OC მედიას ფრიასმა.
გაფანტული ხალხი
გორისის ქალაქის მოედანზე, ერთი და იგივე ბედის მქონე ყველა ასაკის ადამიანი იყო. ისინი ბოლოჯერ გაერთიანდნენ ამ ქალაქში, სანამ სომხეთის ყველა კუთხეში გაგზავნიდნენ, სადაც ახალი სახლები უნდა ააშენონ.
ახალი საცხოვრებლის ადგილმდებარეობა კიდევ ერთი პრობლემაა, რომელსაც ბევრი ლტოლვილი შეეჩეხება.
პირველ რიგში მთავრობა მათ ტავუშის, ლორის, გეღარქუნიკისა და შირაქის პროვინციებს სთავაზობს. თუმცა ლტოლვილთა უმრავლესობას დედაქალაქ ერევანთან უფრო ახლოს ყოფნა უნდა.
ბევრმა შეშფოთება გამოთქვა, რადგან შეთავაზებული ადგილების ნაწილი აზერბაიჯანის საზღვარზე იყო, აზერბაიჯანული ცეცხლის სამიზნე რეგიონებში.
ასეთი პრობლემის წინაშე დგას 40 წლის ანჟ(გ)ელა ბაღდასარიანი, რომელიც მთიანი ყარაბაღის მარტუნის რაიონის ქალაქ ჭართარიდანაა. მას და მის ოჯახს საცხოვრებელი შირაქის პროვინციაში შესთავაზეს, მაგრამ მათ იქ დარჩენა არ უნდათ, რადგან მისი ვაჟი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ამჟამად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
"მე ვერ შევძლებ იქ (ერევანში) ცხოვრებას, ის ვერ შეძლებს იქიდან წასვლას" — ამბობს ანჟელა. "ჩვენ არ ვმუშაობთ. ჩემი ქმარი ჯარისკაცი იყო და ახლა სამსახური არ აქვს. არც ერთი არ მაქვს. ჩვენ გვინდა ერევნის მახლობლად რომელიმე სოფელში წასვლა, არარატის პროვინციაში, სადაც ჩემ შვილს ჩვენთან ერთად ცხოვრება შეეძლება, რათა მისი ქირის გადახდა არ მოგვიწიოს. ჩვენ ამ ფულით შევძლებდით ცხოვრებას." — ამბობს ის.
ანჟელა და მისი ოჯახი უკანასკნელი იყო, რომლებმაც ჭართარი დატოვა და იყვნენ იმ უკანასკნელთაგანში ვინც სტეფანაკერტიდან ბოლოს წამოვიდა.
საუბარს უერთდება მათი 63 წლის მეზობელი, ელა სულეიმანიანი. კითხვაზე, იყო თუ არა რამე, რაც დატოვა და ნანობდა რომ არ წამოიღო, მან მხოლოდ ეს უპასუხა, რომ სურდა აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად მოკლული ძმისშვილის საფლავიდან ერთი მუჭა მიწა წამოეღო.
გაურკვევლობა და სიკვდილი
გორისში ყოფნისას ლტოლვილებთან საუბრის დროს, ყველა მომავლის გაურკვეველი გრძნობით იყო გამსჭვალული. ზოგიერთისთვის ეს გაურკვევლობა, მათი საყვარელი ადამიანების ბედზეც ვრცელდებოდა.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა უთვალავი სიკვდილი და პირადი ტრაგედია გამოიწვია. უკანასკნელი ნაჩქარევი წამოსვლაც არ იყო განსხვავებული.
29 სექტემბერს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანაჰიტ ავანესიანმა, დაადასტურა ჭორები იმის შესახებ, რომ მგზავრობას ყველა ვერ გადაურჩა და სტეფანაკერტიდან გორისისკენ მომავალ გზაზე დაღუპულები იყვნენ.
შაბათს, დილით ერევანში დაბრუნებამდე, გორისის ქალაქის მოედანზე რამდენიმე ჩანთის გვერდით სკამზე მჯომ ქალს შევხვდი. ის თან ახლდა ოჯახს მთიანი ყარაბაღიდან, რომელთაც რამდენიმე დღე მასპინძლობდა.
ოჯახი SIM ბარათის ასაღებად იყო წასული, რათა შვილისგან და სიძისგან სიახლეები გაეგოთ. ისინი 25 სექტემბერს საწვავის ასაღებად საწყობში წავიდნენ. ევაკუაციის ქაოსში საწყობი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 170 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ ოჯახს მათ შესახებ არაფერი სმენია.
ქალბატონს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნონერი მივეცი, რათა ოჯახს გაერკვია, იყო თუ არა მათი ახლობლების გვარები საავადმყოფოში მყოფთა სიაში. თუ არა, სავარაუდოდ ისინიც აფეთქების შედეგად დაიღუპნენ, იმ ათიათასობით ადამიანის მსგავსად, რომლებიც სამ ათწლეულზე დიდხნიან კონფლიქტს შეეწირნენ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები