უდაბლესი ქულიდან ნობელის პრემიამდე — რას ურჩევს ახალგაზრდებს ქიმიის წლევანდელი ნობელიანტი
როგორც მკვლევარი იხსენებს, სტუდენტობისას მან ქიმიის გამოცდაში ყველაზე დაბალი ქულა, F, აიღო და ამ გამოცდილებამ იგი ლამის გაანადგურა.
ქიმიის დარგში ნობელის პრემიის 2023 ლაურეატებისგან ერთ-ერთი მანგი ბავენდია, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პროფესორი. ჯილდო მას კვანტური წერტილების განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო გადაეცა.
ასევე იხილეთ: ვინ მიიღო 2023 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში და რისთვის
ბავენდის ახლახან სამეცნიერო საზოგადოებაში უდიდესი ჯილდო ერგო, თუმცა მის ცხოვრებაშიც ყოფილა პერიოდი, როდესაც დიდი წარუმატებლობის გადალახვა მოუწია. როგორც მკვლევარი იხსენებს, სტუდენტობისას მან ქიმიის გამოცდაში ყველაზე დაბალი ქულა, F, აიღო და ამ გამოცდილებამ იგი ლამის გაანადგურა.
საქმე ისაა, რომ სკოლაში სწავლისას ბავენდი მეცნიერებას უბადლოდ ფლობდა და დიდი ძალისხმევის გაღება სულაც არ სჭირდებოდა. პრობლემებმა მაშინ იჩინა თავი, როცა 1970-იანი წლების ბოლოს იგი ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
"შეჩვეული ვიყავი, რომ გამოცდებისთვის მეცადინეობა არ მიწევდა", — განაცხადა მან და დაამატა, რომ უზარმაზარი დარბაზი და პირქუში ზედამხედველის არსებობა აშინებდა — "პირველ კითხვას დავხედე და ვერ გავიგე, მეორე კითხვასაც და ვერ გავიგე".
საბოლოო ჯამში, მან 100 ქულიდან 20 აიღო — მთელს კლასში ყველაზე დაბალი ნიშანი.
"ღმერთო ჩემო, ეს ჩემი დასასრულია, აქ რას ვაკეთებ?", — იფიქრა ახალგაზრდამ.
ბავენდის ქიმია უყვარდა, თუმცა გამოცდებისათვის მზადება მისთვის უცხო იყო. ამის გამოსწორებაზე ზრუნვა მალევე დაიწყო.
"მივხვდი, როგორ უნდა მესწავლა, რისი გაკეთებაც აქამდე არ ვიცოდი", — თქვა მან — "ამის შემდეგ თითქმის ყველა გამოცდაზე 100-იანებს ვიღებდი".
ახალგაზრდებს მეცნიერი მოუწოდებს, რომ შეუპოვრები იყვნენ და სირთულეებს "მათი განადგურების" საშუალება არ მისცენ.
"მარტივად შეიძლებოდა გავენადგურებინე ჩემს პირველი გამოცდილებას F-თან, კლასში ყველაზე დაბალ ნიშანთან", — დასძენს ის.
კვანტური წერტილები პატარა ნანონაწილაკებია — იმდენად მცირე ზომის, რომ მათ მახასიათებლებს მათივე ზომა განსაზღვრავს. ისინი ამჟამად ტელეეკრანებსა და LED ნათურებში გვხვდება. მათი გამოყენება ექიმებსაც შეუძლიათ, მაგალითად, სიმსივნური ქსოვილის ამოკვეთისას. სამომავლოდ ეს ტექნოლოგია უამრავ სფეროს შეცვლის.
კვანტური წერტილები ბავენდის არ აღმოუჩენია. მან იმ ტექნიკების განვითარებაში შეიტანა უდიდესი წვლილი, რომელთა მეშვეობითაც წერტილების ხარისხიანი და მასშტაბური წარმოებაა შესაძლებელი. სწორედ ამის წყალობით შეგვიძლია დღეს, რომ კვანტური წერტილები ზემოთ მოყვანილი დანიშნულებით გამოვიყენოთ.
კომენტარები