რა ქმნის მეხსიერებას — კვლევა
ნეირონები, ტვინის უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქიმიური და ელექტრული შეტყობინებების გადაცემაზე, მეხსიერების ფორმირების მთავარ მოთამაშეებად მიიჩნევა. თუმცა, მღრნელებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნეირონებს შეიძლება აქამდე უცნობი "მხარდამჭერები" ჰყავთ.
აღმოჩენებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეხსიერებისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების კვლევებზე. ერთ-ერთი ასეთი დაავადება ალცჰეიმერია.
სისხლძარღვების კედლებში, რომელსაც კაპილარები ეწოდება, პერიციტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტვინში სისხლის ნაკადის რეგულირებისთვის, სისხლძარღვების ფორმირებისთვისა და იმუნური უჯრედების ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შესვლის კონტროლისთვის.
ახალი კვლევის მიხედვით, ამ სამუშაოების გარდა, პერიციტები ნეირონებს გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირებაში ეხმარებიან. კვლევა ჟურნალ Neuron-ში გამოქვეყნდა.
"ჩვენ ახლა უფრო კარგად გვესმის ის მექანიზმები, რომელიც მახსოვრობის ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა ტიპის უჯრედებს შორის თანამშრომლობის გაგება თერაპიული მეთოდების განვითარებაში დაგვეხმარება. ამით მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შეგვეძლება", — თქვა კრისტინა ალბერინიმ, კვლევის უფროსმა ავტორმა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ნეირონული მეცნიერების პროფესორმა.
მკვლევრებმა გამოიკვლიეს ცილა, რომელსაც IGF2 ეწოდება და რომელიც ჰიპოკამპუსში გვხდება. ეს ცილა ახლის სწავლის შემდეგ აქტიურდება. მაგალითად, IGF2-ის მატება ხდება მას შემდეგ, რაც ცხოველს გაწვრთნიან.
თაგვებისა და ვირთხების სწავლისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათი პერიციტები IGF2-ის უმეტესობას ჰიპოკამპუსში წარმოქმნიან. ეს წარმოება, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო ახლომდებარე ნეირონების აქტივობით; მეხსიერების ფორმირების დაწყებისას, ჰიოკამპუსის ნეირონები ერთმანეთს უგზავნიან ქიმიურ შეტყობინებებს და ამით უჯრედებს შორის კომუნიკაციის არხები უფრო ძლიერდება. მკვლევრებმა ჯერ არ იციან, როგორ ააქტიურებს ეს ახლომდებარე პერიციტებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ნეირონები იწყებენ მეხსიერების შექმნის პროცესს.
სხვა ექსპერიმენტებში, მკვლევრებმა IGF2-ის გამომუშავება ხელოვნურად შეაფერხეს რამაც თაგვებში მეხსიერების წარმოება სრულად შეაჩერა. აქედან გამომდინარე მკვლევრები მიიჩნევენ, რომ გრძელვადიანი მეხსიერებისთვის IGF2-ის გამომუშავებაა საჭირო.
აღმოჩენები შეიძლება ტვინის დაავადებების მკურნალობაში დაგვეხმაროს. საუბარია ისეთ დაავადებებზე, რომლებიც მეხსიერების პრობლემებთანაა დაკავშირებული.
მეცნიერების თქმით, ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას გეგმავენ.
კომენტარები